ბოლნისის შესასვლელთან „ნაციონალების“ სისხლი დაიღვარა

ბოლნისის შესასვლელთან „ნაციონალების“ სისხლი დაიღვარა

(იბეჭდება შემოკლებით)

არჩევნებამდე 36 დღით ადრე ქვემო ქართლი პოლიტიკური მიწისძვრების ეპიცენტრი ხდება. მამალაძე - სააკაშვილის შეტაკება სისხლით დასრულდა.

გუშინ სოფელ ნახიდურის შესასვლელთან, ბოლნისისკენ მიმავალ ნაციონალებს წინ პოლიციელთა პირველი კორდონი გადაეღობა. მანქანიდან პირველი ვანო მერაბიშვილი გადმოვიდა, ჩახერგილი სამარშრუტო ტაქსის კარი გამოაღო და, როგორც ჩანს, მისი გადაადგილების მიზნით, მანქანაში ჩაჯდომა სცადა. თუმცა დამხვდურებმა ის საჭემდე არ მიუშვეს.

- დავაი, გასწიეთ ესენი, დავაი, მანქანები გაიყვანეთ დროზე, - აქტიურობდა პეტრე ცისკარიშვილიც. თუმცა იქვე პირველი წინააღმდეგობა გაჩნდა და...

- ხელი გასწიე, ბიჭო, ხელი არ გაანძრიო.

- შენ პარლამენტის წევრი ხარ თუ ხულიგანი, რეებს აკეთებ, გადი იქიდან.

- ხელი არ გაანძრიო-მეთქი, გადი იქიდან... ბოზებო...

- რატომ არ მიშვებ, შენ ვინ ხარ?

- შენ თვითონ ვინა ხარ?

- მოქალაქე ვარ, ძმაო.

მცირე წინააღმდეგობის შემდეგ ნაციონალებმა კორდონი გაარღვიეს და გზა სოფელ ფარხალოსკენ განაგრძეს, სადაც სააკაშვილს აზერბაიჯანული მოსახლეობის ნაწილი ტაშით შეხვდა. თუმცა იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. მაშინ, როცა სააკაშვილი გამოსვლას დამტვრეული აზერბაიჯანულით ამთავრებდა, მისმა მომხრეებმა სოფელ ფარხალოს გამგებელს თვალი გამოსთხარეს, მის მისაშველებლად მისული ბოლნისის გამგებელი კი ფეხქვეშ გაიგდეს. ყოველივე ამას მთავარი ნაციონალი მაღალი ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს და თავისიანებს მოუწოდებდა: თავი დაანებეთ, პროვოკაციას არ აჰყვეთო. „და ზდრასტვუეტ დრუჟბა მეჟდუ გრუზინამი ი აზერბაიჯანცამი, ჩოხ საღოლ,“ - ასე დაამთავრა გამოსვლა სააკაშვილმა და სახელდახელო ტრიბუნიდან ჩამოსვლა დააპირა, როცა ბოლნისის გამგებლის, ზურაბ ჯაფარიძის სიტყვები წამოეწია: სააკაშვილო სომეხო, რა გააკეთე ესა, სულ ორასი კაცი მოგივიდა, ორასი, ისინიც თბილისელები არიან, ფახრალოელი არავინ არის აქა. ვერაფერს ვერ გააკეთებთ, ვერაფერს, მიშიკო, დაიმახსოვრე, რასაც ბოლნისიდან წაიღებ.

- ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, ქართველებმა და აზერბაიჯანელებმა. სააკაშვილები წავლენ, ყველა წავა, მაგრამ ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, არ უნდა ვიჩხუბოთ. ბატონო მიშა, ძალიან გთხოვთ, ნუ გააღვივებთ ერთა შორის დაძაბულობას. - სიტყვით გამოვიდა ერთ-ერთი ადგილობრივი.

- ქალბატონო, წაბრძანდით თქვენს გამგეობაში, - მიმართა მას უკმაყოფილო სააკაშვილმა.

- ქალო, გამოდი, ნუ წიწინებ! - მიეშველა ნაციონალთა „ბელადს“ მხარდამჭერი ახალგაზრდა.

ჯაფარიძის მუქარა სააკაშვილს მალევე აუხდა. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ქვებით გაუმასპინძლდნენ და ნაციონალებიც ქვების სეტყვაში მოექცნენ. ამიტომ იძულებულნი გახდნენ, იქაურობას გასცლოდნენ. თუმცა მათ დიდი სიხარულით არც ბოლნისის შესასვლელთან ელოდნენ.

აქ კორდონის მოწყობაში სააკაშვილმა ქვემო ქართლის პოლიციის უფროსი, ალეკო ბუკია დაადანაშაულა.

- წავიდეთ, წავიდეთ, ვერ გავიგე რა ხდება და ჯერ კომენტარს ვერ გავაკეთებ, - აცხადებდა ბუკია.

- პოლიცია რატომ მოიყვანეთ?

- პოლიცია იმიტომ მოვიყვანე, რომ არაფერი მოხდეს.

- გზა ვინ გადაკეტა?

- ბატონო? ვინ გადაკეტა გზა, მე არ გადამიკეტია გზა!

- აბა, ვინ გადაკეტა?

- შენ ხარ ბანდიტი, თქვენ გადაკეტეთ გზა, თქვენი პოლიციელები იდგნენ აქ, შენ ხარ ბანდიტი, ძმაო, - გამოუტანა დასკვნა სააკაშვილმა ბუკიას.

სანამ სააკაშვილი და ბუკია ურთიერთობებს არკვევდნენ, როგორც ჩანს, თავისიანების დასახმარებლად მოსულმა ბოლნისელებმა ნაცმოელებს ქვები წვიმასავით დაუშინეს. ვაჟკაცობასა და მაგარ კუნთებს უკვე აღარავინ დაგიდევდათ - ნაცმოელებმა ბრძოლას გაცლა ამჯობინეს. თუმცა თვითმხილველთა თქმით, მათი მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლასაც ჰქონდა ადგილი. ბრძოლის ველს - დამსხვრეული მანქანები, დაზარალებული ჟურნალისტები, ბოლნისის საავადმყოფოს კი ხუთი დაშავებული და ერთი ფეხმოტეხილი პოლიციელი „შერჩა“. სააკაშვილი დაზიანებული ჯიპიდან სხვა მანქანაში გადაჯდა და უკვე სამშვიდობოს გასულებმა დანაკარგის თვლა დაიწყეს.

- კიდევ კარგი, შუშა არ ჩაიმტვრა, - სიხარულით უვლიდა გარს მანქანას ცისკარიშვილი.

როგორ გამოიყენა სააკაშვილმა თავისი ბრონირებული ჯიპი? სხვათა შორის, რამდენიმე ხნის წინ სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ მისი ჯიპი სულაც არ არის ბრონირებული. „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ნაციონალების პრესმდივანმა - მარიკა ვერულაშვილმა განაცხადა - ეს მანქანა ბრონირებული არ არის, ეს მანქანა ბატონ მიხეილს რეგიონებში გადასაადგილებლად სჭირდებაო.

ბოლნისში ეს ძვირადღირებული მანქანა მძიმედ დაშავდა. „უაზს“ მოხვდა რამდენიმე ტყვია წინა საქარე შუშაზე და წინა მარჯვენა შუშაზე. უკანა მარჯვენა ფრთა აქვს შეჭეჭყილი, როგორც თავად სააკაშვილი ამბობს, ბულდოზერი დაეჯახა. უკანა შუშა ქვით აქვს ჩამსხვრეული. ბრონირებული ჯიპიდან მძღოლი გადმოათრიეს და ცემეს.

გადატანილი ბრძოლის შემდეგ კმაყოფილი ჩანდა სააკაშვილიც.

 

გთავაზობთ ბოლნისის ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას, რომელიც აღებულია „ITV.ge”-ს არქივიდან. სიუჟეტი მომზადებულია მანამ, სანამ ამ მედიასაშუალებას  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაიგდებდა ხელში.