„ჩემს სიკვდილში ვადანაშაულებ ედუარდ შ-ს“

„ჩემს სიკვდილში ვადანაშაულებ ედუარდ შ-ს“

(გიგი მესვეტე)

„ჩემო ძვირფასებო! ჩემო ერთგულო მეუღლევ, ნინო, შვილებო, გიორგი და თამარ, ბიძაშვილებო, დეიდაშვილებო და მამიდაშვილებო, ოჯახებით, მეგობრებო და მეზობლებო! ეს ჩემი უკანასკნელი მომართვაა თქვენდამი და ჩემი უკანასკნელი სიტყვებიც, ამავე დროს.

დავასრულებ რა წერას, არ გაივლის ხუთი წუთიც კი, რომ ჩემი სული და ჩემი სხეული განცალკევდებიან და ჩემგან მხოლოდ მოგონება დარჩება. მე სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება გადავწყვიტე. ყულფი მომზადებული მაქვს.

რამ მაიძულა ამ ნაბიჯის გადადგმა? შიმშილმა? უმუშევრობამ? ირგვლივ ამდენი გაჭირვებულის ყოველდღიურმა ცქერამ? სასოწარკვეთილმა უიმედობამ? მათაც, მაგრამ ეს არ იყო მთავარი. ელემენტარული არითმეტიკის ცოდნა - აი ჩემი შვილების დაობლებისა და მეუღლის დაქვრივების მთავარი მიზეზი.

თუმცა, ვინ იცის როგორ მოგენატრებით, მაგრამ თავს მაინც არ შეგაწყენთ. სულ ორიოდე სიტყვით აგიხსნით, რა კავშირშია არითმეტიკა ინტელიგენტი ადამიანის (მართალია, დარბაზის წევრი არ ვიყავი, მაგრამ მაინც...) თვითმკვლელობასთან.

დილით რომ გითხარით, ვერის პარკში მივდივარ მეთქი, სინამდვილეში ახლომახლო საარჩევნო უბნები შემოვიარე. ვიფიქრე, დიდი ხნის უნახავი ნაცნობები შემხვდებიან და ქვეყნის ამბებს გავიგებ თქო. მე კი ვკვდები, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, ნაცნობს ვინ ჩივის, უცნობიც კი ვერ ვნახე. მხოლოდ კომისიები და დამკვირვებლები იყვნენ. ზედაც არავინ შემომხედა. მეგონა, რომ არჩევნები გადაიდო, ამომრჩევლებმა გაიგეს, კომისიის წევრები კი საარჩევნო უბნად წოდებულ ჭურში ზიან მეთქი.

ნინო, გახსოვს, სახლში რომ შემოვედი, შენ რომ მითხარი, იქნებ ვინმეს 45 თეთრი ესესხო და პური მოიტანოო, რომ ჩაგიარე და ხმა არ გაგეცი? დაბნეული ვიყავი. ვერ გამერკვია ბოლო-ბოლო არჩევნები ტარდებოდა თუ არა. იმიტომ იყო, მაშინვე ტელევიზორს რომ ვეცი და ჩავრთე. თურმე, ტარდებოდა. მაშ, რატომ არავინ აძლევდა ხმას, რატომ არ ირჩევდნენ მომავალს?! ღირსეული ბევრი იყო, მაგრამ რატომ არ ირჩევდნენ ერთს?!

აი, უკვე ორი საათია ჩემს ოთახში ვარ ჩაკეტილი და ეკრანს მივშტერებივარ. ამბობენ, რომ არჩევნები შედგა. იწერება ციფრები და პროცენტები. ერთიც და მეორეც ნელ-ნელა მატულობს. 40 წუთის წინ ითქვა, რომ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 65-მა პროცენტმა მიიღო და მათგან 70-მა ხმა ედუარდ შევარდნაძეს მისცა. 10 წუთში ამომრჩევლების რაოდენობა 70-მდე გაიზარდა, ხოლო შევარდნაძის მხარდამჭერებისა - 75-მდე, ბოლო ინფორმაციით, რომელიც ჩემთვის მართლა ბოლოა, უკვე 75 და 82-ია.

ღამის 3 საათია. უბრალო არითმეტიკული დაფიქრებით წინასწარ ვხვდები, რომ გამთენიისთვის არჩევნებში მონაწილეთა და შევარდნაძის მხარდამჭერთა რაოდენობა 100%-ს მიაღწევს და იქნებ გადააჭარბოს კიდეც. მაგრამ მე ხომ ცარიელი უბნები ვნახე? მაგრამ მე ხომ არ მივსულვარ არჩევნებზე? მაშ, საიდან ეს პროცენტები?! არ მინდა დავიჯერო, რომ ბიულეტენები ჩაყარეს და არჩევნები გააყალბეს. მომკალით და ვერ დავიჯერებ. თუმცა, მე ხომ მალე ისედაც მოვკვდები. ო, რაოდენ ძლიერია, ჩემში სიცოცხლის წყურვილი და ო, რაოდენ ურყევია ჩემი გადაწყვეტილება!

მაგრამ, უნდა მომკლათ, რადგან მეტი გზა არ არის და, ვიჯერებ. ისე, მე ფაქტიურად უკვე მკვდარი ვარ. როგორც ჩანს, ბიულეტენები ჩაყარეს და არჩევნები გააყალბეს. ვინ გაბედა? როგორ? ვინ უბრძანა? დავსვი შეკითხვა და პასუხსაც თვითონ ვცემ: მან, ვისაც უარს არაფერზე ეუბნებიან.

აღარ მსურს იმ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც არჩევნებში ამომრჩეველთა 100%-ზე მეტი მონაწილეობს და ყველა ხმას ერთი ღებულობს. არც უცხოეთში წავალ, რადგან ნოსტალგია მომკლავს და არც მგზავრობის ფული მაქვს. გამოსავალი ერთია. მე მას მივაგენი. გემშვიდობებით. ჩემს სიკვდილში ვადანაშაულებ ედუარდ შ-ს. თქვენი დიმიტრი“.

10 აპრილი. გაზეთი „საპრეზიდენტო რესპუბლიკა“ – „...გასაოცარი ერთსულოვნება შეიმჩნეოდა. ამომრჩევლები შვილებთან ერთად მოდიოდნენ. ყველას მომავლის იმედით ჰქონდა სახე გაცისკროვნებული. ჩვენს მიერ ჩატარებული ბლიც-გამოკითხვით გაირკვა, რომ მოქალაქეები აპირებენ მოითხოვონ, ჩატარდეს რეფერენდუმი: `თანახმა ხართ თუ არა, რომ კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება პრეზიდენტობის მესამე ხუთწლიანი ვადის შემოღების შესახებ?

ამავე დროს გუშინ მოხდა სამწუხარო ფაქტი. 38 წლის დიმიტრი გელოვანმა, ღირსეულმა მამულიშვილმა და საზოგადო მოღვაწემ, თავი მოიკლა. როგორც ირკვევა, ოპოზიციონერი კანდიდატის ნდობით აღჭურვილმა პირებმა მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, თითქოს არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. გელოვანი აფექტური პიროვნება იყო, სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და თავი ჩამოიხრჩო. ყველა ოპოზიციონერი დაპატიმრებულია. მიმდინარეობს ძიება“.