ბოლო დროს ბევრს საუბრობენ დასავლეთის და რუსეთის ურთიერთობების „გადატვირთვაზე“. ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაიწყო, შემდეგ ეს თემა პრეზიდენტმა სარკოზიმ და კანცლერმა მერკელმა, გასულ კვირას კი ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც აიტაცა, თუმცა ძალიან ცოტა თუ საუბრობს იმაზე, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს „გადატვირთვა“ და როგორ უნდა რეაგირებდნენ დასავლელი ლიდერები პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის წინადადებაზე ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ. ის ამ ინიციატივით 2008 წლის ივნისში გამოვიდა. გარდა ამისა 2009 წლის ნოემბერში მედვედევმა ევროპულ უსაფრთხოებაზე შეთანხმების პროექტი გამოაქვეყნა. ანგარიშში რომელსაც მოსკოვში წარვადგენთ, ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ევროკავშირმა უნდა ისარგებლოს იმ შესაძლებლობებით, რომელსაც მედვედევის ინიციატივა და რუსეთთან ურთიერთობების გადახედვისა და გადაფასების ახალი ინტერესი გვთავაზობს, რათა ევროპისთვის ადამიანური უსაფრთხოების არქიტექტურა ვუზრუნველყოთ.
მედვედევის ინიციატივა ფოკუსირებულია იმაზე, რასაც შეიძლება „მატერიალური“ უსაფრთხოება ვუწოდოთ, რაც საზღვრების უსაფრთხოებას და შეიარაღებული ძალების როლს მოიცავს. ინიციატივა იმასთან დაკავშირებით გაჩნდა, რომ რუსების აზრით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი არ იცავს 1975 წლის ჰელსინკის ხელშეკრულების პრინციპებს, რაც განსაზღვრავდა ევროპაში ტერიტორიულ მოწყობას და კრძალავდა შეირაღებული ძალების ცალმხრივ გამოყენებას.
ნატო-ს გაფართოება, 1999 წლის ომი კოსოვოში, ასევე კოსოვოს აღიარება 2009 წელს – ეს ყველაფერი არსებული რეალიების მიუხედავად ინტერპრეტირებულ იქნა როგორც საფრთხის შემცველი ქმედება. დასავლურმა ქვეყნებმა ანალოგიური სარკისებური მიდგომით 2008 წლის ომი საქართველოში რუსეთში ექსპანსიონისტური სამხედრო მიზნების არსებობის დადასტურებად შეაფასეს. ევროკავშირმა მედვედევის წინადადებაზე უნდა მოახდინოს რეაგირება და, ამავდროულად, ხაზი უნდა გაუსვას უსაფრთხოებაზე ტრადიციული წარმოდგენებიდან – ევროპისთვის ადამიანური უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნის საკითხზე დებატების დაწყებაზე გადასვლის აუცილებლობას.
შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხოების ადამიანური კონცეფცია 1975 წლის ჰელსინკის შეთანხმებებით შეიქმნა, თუმცა თავად ტერმინი მოგვიანებით გაჩნდა. ჰელსინკის შეთანხმებები სამი პაკეტისგან შედგებოდა. პირველი პაკეტი – წესებსა და უფლებებზე დაფუძნებულ უსაფრთხოებაზეა, იმ უსაფრთხოების საპირისპიროდ, რომელიც ომებს ეფუძნება. მედვედევი თავის პროექტში სწორედ ამ იდეას გვთავაზობს. მეორე პაკეტი – ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და კულტურულ თანამშრომლობაზეა. ეს იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოება არა მხოლოდ ფიზიკურ საფრთხეებს ეხება, არამედ მატერიალურ პრობლემებს და დანაკარგებსაც, ხოლო მესამე პაკეტი – ადამიანის უფლებებზე, ადამიანის და იმ საზოგადოების უსაფრთხოებაზეა, რომელშიც ეს ადამიანი ცხოვრობს და არა მხოლოდ სახელმწიფოების და საზღვრების უსაფრთხოებაზე.
ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბევრს იმედი ჰქონდა რომ ნატო-ს და ვარშავას ხელშეკრულებას უსაფრთხოების ახალი ორგანიზაცია შეცვლიდა, მაგრამ ნაცვლად ამისა, გაჩნდა ახალი ორგანიზაციები და მოხდა უსაფრთხოების ისეთი ძველი ორგანიზაციების დანაწევრება, როგორებიცაა ნატო, ევროკავშირი, ეუთო (ორგანიზაცია, რომელიც ჰელსინკის შეთანხმებების საფუძველზე წარმოიქმნა), ევროპის საბჭო, დსთ და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია.
ევრო-ატლანტიკური სივრცის ყველა ქვეყანას მხოლოდ ეუთო აერთიანებს, მაგრამ ამ ორგანიზაციის ყურადღება ჯერ კიდევ კონცენტრირებულია ჰელსინკის შეთანხმებათა მესამე პაკეტზე და რადგან ის იზოლირებულია წინა ორი პაკეტისგან (ეს ნატო-ს და ევროკავშირის პრეროგატივაა), მას მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზაციისთვის საკმარისი შესაძლებლობები არ გააჩნია. სინამდვილეში, ყველა ამ ორგანიზაციის არსებობის მიუხედავად, მთლიანად რეგიონში ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ასევე მთელს მსოფლიოში უსაფრთხოების მხარდაჭერის შესაძლებლობები უკეთეს შემთხვევაში დროებითი ხასიათისაა, უარესში – უბრალოდ არ არსებობს.
ევროკავშირს და რუსეთს შეუძლიათ ფუძემდებლური როლი ითამაშონ ადამიანური უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაში მთელი ევროპისთვის. ევროკავშირმა და რუსეთმა უკვე მოაწერეს ხელი „მოდერნიზაციისთვის პარტნიორობის“ შესახებ შეთანხმებას, მაგრამ თუკი მათ ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობა სურთ, მათ უნდა ჩამოაყალიბონ თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებზეც.
უსაფრთხოების ევროპული არქიტექტურის საქმეში პირველი ნაბიჯი პრინციპების სისტემის შემუშავებაში მდგომარეობს. ადამიანური უსაფრთხოება განსხვავებული შეხედულებების და ევროპული უსაფრთხოების მთელ რიგ საკვანძო შემადგენელთა გაცნობიერებაში განსხვავებული მიდგომების არსებობას მოითხოვს. მაგალითად, ბალკანეთის და კავკასიის კონფლიქტები რუსეთს და დასავლეთს შორის მწვავე უთანხმოების მიზეზად იქცა. არსებობს კოსოვოს და აფხაზეთის კონფლიქტების გეოპოლიტიკურ რაკურსში განხილვისა და კონფლიქტის მონაწილე ამა თუ იმ მხარის პოზიციის დაკავების ტენდენცია. ამის ნაცვლად, რუსეთს და ევროკავშირს შეუძლიათ ახალი მიდგომის გამოყენება ადამიანური უსაფრთხოების თვალსაზრისით და ყურადღების იმ საკითხზე კონცენტრაცია, თუ როგორ უნდა მოვუღოთ ბოლო ამ კონფლიქტებს ისე, რომ ამან კონფლიქტის ტერიტორიებზე ყველა მცხოვრების ადამიანური უსაფრთხოება განამტკიცოს.
ენერგეტიკულ უსაფრთხოებასაც ასევე გეოპოლიტიკის ჩარჩოებში ტენიან. ნატო ყველაზე მეტად შეშფოთებულია იმით, თუ როგორ უზრუნველყოს დასავლურ ქვეყნებში ნავთობის მიწოდების სანდოობა და უსაფრთხოება და როგორ შეუშალოს ხელი რუსეთს, რომ ამ უკანასკნელმა მიწოდებებზე კონტროლი პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად არ გამოიყენოს. მიდგომა, ადამიანური უსაფრთხოების თვალსაზრისით, ითვალისწინებს თანამშრომლობას მიწოდებული ენერგორესურსების საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლას დივერსიფიკაციის და ენერგოეფექტურობის გაზრდის გზით, ასევე იმ მიმწოდებელი ქვეყნების სტაბილურობასა და განვითარებაზე ზრუნვას, რომლებიც მთლიანად ნავთობის შემოსავლებზე არიან დამოკიდებულები.
მომავალ საომარ თავდასხმებზე ყურადღების კონცენტრაციის ნაცვლად, მიდგომა ადამიანური უსაფრთხოების თვალსაზრისით ითვალისწინებს ყურადღების გამახვილებას ე.წ. ტრადიციულ საფრთხეებზე, მათ შორის ნარკოტიკების გავრცელებაზე, ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის გაძლიერებაზე, ასევე – სტიქიურ და ანტროპოგენულ კატაკლიზმებზე. მსოფლიო ზესახელმწიფოთა გაძლიერებასთან გამკლავების მცდელობის ნაცვლად, რუსეთმა და ევროკავშირმა თანამედროვეობის პრობლემების გლობალური გადაწყვეტის გზების ძიებისა და რეალიზაციის საქმეში უნდა ითანამშრომლონ.
ჩვენ სულ უფრო მრავალპოლარულ და მრავალმხრივ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ისეთ გლობალურ გამოწვევებს, როგორებიცაა კლიმატური ცვლილებები და ფინანსური კრახის საფრთხე, შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს უსაფრთხოებისთვის, გაზარდოს რა ძველი და შექმნას ახალი რისკები ისეთი მოვლენების როგორებიცაა ქსენოფობია, რელიგიური ფუნდამენტალიზმი, დანაშაულის ზრდა და ტერორიზმის გაძლიერება. კერძოდ, ევროკავშირი და რუსეთი სერიოზულად დაზარალდნენ ფინანსური კრიზისის გამო. არსებობს იმის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ უარი ითქვას ცივი ომის აზროვნებაზე და ევროპული უსაფრთხოებისთვის ახალი მიდგომები შემუშავდეს.
[foreignpress.ge]