პოლიტიკა შოუბიზნესს პირდაპირ თუ ირიბად ეხება. თუკი მომღერლებს შეეკითხებით, რას ფიქრობენ პოლიტიკაზე და იციან თუ არა მაღალჩინოსნების სახელ-გვარები, მათი უმრავლესობა გეტყვით, რომ აპოლიტიკური ადამიანია, თუმცა ვინაიდან საქართველოში ყველა და ყველაფერი პოლიტიზებულია, ეს ამ სფეროსაც შეეტყო და შესაბამისად, ძნელია ისეთი ცნობილი სახის მოძებნა, რომელიც აქტიურად არ არის ჩართული ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის რეკლამირებაში საკუთარი სიმღერით. საქმე ისაა, რომ ზოგი გულწრფელად პასუხობს შეკითხვას ამის შესახებ და ზოგს არ უნდა ვრცლად საუბარი, თუმცა, რასაკვირველია, ესეც მათი უფლებაა. თუმცა აშკარაა, რომ შოუბიზნესი გაყოფილია და დიდი ნაწილი მმართველი პარტიის მხარდასაჭერ კონცერტებზე გამოდის. "ქართული ოცნების" დამრტყმელი ძალა ბერა ივანიშვილია. სხვათა შორის, ბევრი ხუმრობს, თუკი ბიძინა ივანიშვილი გაიმარჯვებს, მერე ალბათ სულ ბერას კონცერტები იქნება საქართველოში და სულ მის კლიპებს გვაყურებინებენო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თანაც, არჩევნების მხარდასაჭერად ჯგუფი "შინიც" მართავს კონცერტებს რეგიონებში, მათ, როგორც ზურა მანჯავიძემ გვითხრა, თავადაც შეუერთდება მალე. ისინი ათ კონცერტს გამართავენ. "ქრისტიან-დემოკრატების" გვერდით დგანან "ქუჩის ბიჭები", ნინი ქარსელაძე და "ნიკოლშოუ". ჩამონათვალის მიხედვით, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ზურა ხაჩიძეს მხარი ნინიმ და საკუთარმა ჯგუფმა დაუჭიროს. არის თუ არა ანაზღაურება მნიშვნელოვანი მომღერლებისთვის, როცა ის რომელიმე პარტიას უჭერს მხარს, ამაზე საინტერესო გამოკითხვას გთავაზობთ.
მარკუს მეტრეველი:
- მარკუს, პოლიტიკას თვალს ადევნებ?
- რა თქმა უნდა. თვალს ვადევნებ იმას, რაც ჩემი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას შეეხება. მინდა, ჩვენი ქვეყანა ნორმალურ სახელმწიფოს დაემსგავსოს და მგონია, რომ ემსგავსება კიდეც. აპოლიტიკური ვარ, მაგრამ მაინც ვინტერესდები პოლიტიკური ამბებით.
- ვიცი, რომ "ნაციონალების" მხარდასაჭერ კონცერტებში მონაწილეობ.
- დიახ.
- ანაზღაურებით კმაყოფილი ხარ?
- ძალიან სოლიდურად უხდიან ყველა მომღერალს. ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ამგვარ კონცერტებში უნდა იყოს ასეთი ანაზღაურება. მომღერალი ყველგან უნდა იღებდეს კარგ ჰონორარს.
- შეგიძლია გვითხრა, დაახლოებით რა თანხაზეა საუბარი?
- კონკრეტულად თქმის უფლება არ მაქვს, თუმცა იმდენია, რომ მომღერალმა კარგ სტუდიაში სიმღერა ჩაწეროს და ეს არცთუ ცოტაა, დამეთანხმებით, კარგ სტუდიაში სიმღერის ჩაწერა იაფი არ ღირს. ძალიან მისაღები ჰონორარია, რაც გამოგვიყვეს. როცა ახალი წლის კონცერტები კეთდება, იქაც კარგი ჰონორარებია.
- ეს შენთვის ჩვეულებრივი შეკვეთაა თუ იზიარებ იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმართულებას, რომლის კონცერტებზეც გამოდიხარ?
- რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი შეკვეთაა, მაგრამ მიხარია, იმ პარტიის კონცერტებზე გამოვდივარ, რომელმაც ქვეყანა წინ წასწია. თანხაზე რომ არ ყოფილა საუბარი, ისეთ კონცერტებშიც მიმიღია მონაწილეობა. ხალხის წინაშე გამოსვლა ჩემთვის შემოქმედებით პროცესს უკავშირდება.