ყავის გაძვირებას სოლიდარობა ჩაიმაც გამოუცხადა

ყავის გაძვირებას სოლიდარობა ჩაიმაც გამოუცხადა

მთელი საქართველო ყავაზე და ჩაიზე „გადადის“. ეს სასმელები ქართველებში ყოველთვის პოპულარული იყო, მაგრამ ხელმისაწვდომიც. ბოლოდროინდელმა მკვეთრმა გაძვირებამ კი ამგვარ „პოპულარობას“, შესაძლოა, დიდი დარტყმა მიაყენოს.

ყავის გაძვირების შემდეგ საერთაშორისო ბაზარზე ჩაის ფასმაც მოიმატა, რაც ქართულ ბაზარზე მეყსეულად აისახა. კომპანია „ჩაიმანიას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ მომწოდებელმა ჩაი 4 თვეა 3%-ით გააძვირა, თუმცა თავად მომხმარებლის მდგომარეობას ითვალისწინებენ და ცდილობენ სტაბილური ფასი შეინარჩუნონ. თუმცა, თუ მომწოდებელი ჩაის ღირებულებას კიდევ გაზრდის, იძულებულები იქნებიან ჩაი გააძვირონ.

 

„ჩაიმანია“ მომხმარებელს როგორც ქართულ ისე უცხოურ ჩაის სთავაზობს. 30 გრამი ქართული ჩაის ფასი 2,95 ლარიდან 13,5 ლარამდე მერყეობს. კომპანიაში ამბობენ, რომ ინდური ჩაის ფასი 20-დან 30 ლარამდე იქნება და ქართულ ბაზარზე ასეთი ღირებულების პროდუქტი ჯერჯერობით ვერ გაიყიდება.

 

საქმე ისაა, რომ საქართველოში ჩაი და ყავა მოთხოვნადი პროდუქტი კი არის, მაგრამ მომხმარებელი საშუალოფასიან ან სულაც იაფაინა პროდუქციას ირჩევს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორი, რა თქმა უნდა, მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობაა. სხვათა შორის, მსოფლიოში ყავასა და ჩაიზე მოთხოვნა ყოველწლიურად საოცარი სისწრაფით იზრდება, მოსავლიანობა კი ამ ტენდენციას მხარს ვერ უბამს.

 

თბილისის სამომხმარებლო ბაზრებსა და სუპერმარკეტებში აცხადებენ, რომ იმპორტირებულ ნაწარმზე მოთხოვნა ჯერჯერობით კვლავაც მაღალია. ამის მიზეზი პროდუქციის ხელმისაწვდომობაა და რეკლამა, რის გამოც უცხოური ნაწარმი საქართველოში განსაკუთრებით პოპულარულია.

 

„ყველაზე კარგად აზერბაიჯანული ნაწარმი იყიდება, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე იაფი ღირს. დიდია ინტერესი ინგლისურ ჩაის მიმართაც, მაგრამ სიძვირის გამო მას ნაკლები მომხმარებელი ჰყავს. მყიდველი ყოველთვის იაფად ცდილობს პროდუქციის შეძენას და ხშირ შემთხვევაში ხარსიხზე აქცენტს არ აკეთებს. ვისაც ფული აქვს, შედარებით ხარისხიან და ძვირადღირებულ ნაწარმს ყიდულობს.

 

აქამდე ქართულ ჩაის არავინ კითხულობდა, მას იშვიათად ყიდულობდნენ, მაგრამ რაც სარეკლამო რგოლებზე გამოჩნდა, მომხმარებელიც მეტი ჰყავს. ქართული ჩაის საწყისი ფასი ჩვენს ქსელში 1,50 ლარია და 5-6 ლარამდე აღწევს. ძვირიანს ნაკლებად ყიდულობენ, ხალხს ხელმისაწვდომობა უფრო ხიბლავს. ამის მიზეზი მძიმე ფინანსური მდგომარეობაა. ალბათ, ამიტომაც არის უცხოური ჩაი ქართულ ბაზარზე პოპულარული. ზოგიერთი ნაწარმი საკმაოდ იაფია და ამის გამო კარგად გაყიდვადიც“, - ამბობს სუპერმარკეტ „ვეჯინის“ ერთ-ერთი ქსელის ადმინისტრატორი.

 

ყავისა და ჩაის ადგილობრივი ბაზრის 85 პროცენტზე მეტი იმპორტირებულ ნაწარმს უკავია. ბოლო დროს გამოჩნდა ქართული წარმოების ჩაი და მათი პოპულარიცაზიაც ხდება, რამაც მოთხოვნის ზრდა გამოიწვია. ყოველ შემთხვევაში, ინტერესი ეროვნული ნაწარმის მიმართ დღეს მეტია, ვიდრე ეს აქამდე იყო.

 

ქართულ ბაზრაზე ჩაისა და ყავის ფასმა მკვეთრად მომატებას პროდუქციის მომწოდებლები და რეალიზატორები მსოფლიო ბაზრების ტენდენციას უკავშირებენ. მათი თქმით, ფასებზე მნიშვნელოვანი ცვლილება მოახდინა ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობამაც. ძირითადად ეს ორი ფაქტორია, რის გამოც ყავისა და ჩაის პროდუქცია გაძვირდა.