მერია მგზავრობის 100%-იან გაძვირებას სანახევროდ ადასტურებს

მერია მგზავრობის 100%-იან გაძვირებას სანახევროდ ადასტურებს

მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 40 თეთრის ნაცვლად, 80 თეთრი გახდება. მგზავრობის მოსალოდნელი გაძვირებას თავად მერი უგულავა არც უარყოფს და არც ადასტურებს, თუმცა აქვე ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, მგზავრობის გაძვირება სტუდენტებს და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას არ შეეხება. მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაძვირების შემთხვევაში, როგორც ჩანს, მგზავრობის გაძვირებას სამარშრუტო ტაქსებსაც აიძულებენ, რადგან ასეთ შემთხვევაში, ყვითელ ავტობუსებში არავინ ჩაჯდება.

 

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის შესაძლო გაორმაგებასთან დაკავშირებით საუბარი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მერია ავტობუსების შემცირებას და შემდგომ სამარშრუტო ტაქსებისთვის მგზავრთა გადაყვანის ნებართვაზე კონკურსი ჩატარებას გეგმავდა. მას შემდეგ, რაც საკრებულოს სხდომაზე მთავრობამ აღნიშნული საკითხები გამოიტანა, უმრავლესობამ კი მას „მწვანე შუქი“ აუნთო,მგზავრობის საფასურის შესაძლო გაორმაგებასთან დაკავშირებით საუბარი უფრო აქტიურად დაიწყო.

 

უფრო მეტიც, ამ თემაზე აქტიურად საუბრობდნენ საკრებულოს კულუარებშიც, თუმცა თავად მერიის პრესსამსახურში ამას ამ დრომდე უარყოფდნენ. ბოლოს, უგულავამ ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობსთან შეხვედრის შემდეგ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით ორაზროვანი კომენტარი გააკეთა.

 

„დედაქალაქის ბიუჯეტი ორიენტირებულია იმაზე, რომ არცერთი მტკივნეული ცვლილება სოციალურად დაუცველ მოსახლეობას არ შეეხოს. ძირითადი, რასაც თბილისის 2011 წლის ბიუჯეტი ემყარება, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაა. მეორე მნიშვნელოვანი მომენტია, რომ არანაირი ცვლილება, რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს ის, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას არ შეეხოს და მათთვის განკუთვნილი პროგრამები და შეღავათები ძალაში დარჩეს. მესამე პრინციპი კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ორიენტირებული ვართ არა ამა თუ იმ სერვისის შენარჩუნებაზე, არამედ მათ გაუმჯობესებაზე.

 

რაც შეეხება ტრანსპორტს, აქ შეღავათებით არა მარტო სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, არამედ სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და საერთო ჯამში, 550-600 ათასი ადამიანი სარგებლობს და მათთვის ეს შეღავეთები უცვლელი დარჩება“, - განაცხადა უგულავამ.

 

ამ პასუხიდან გამომდინარე, გაჩნდა სერიოზული ეჭვი, რომ მერია ტრანსპორტის გაძვირებას მართლაც აპირებს. ლეიბორისტებმა კი, რომლებმაც უგულავას ამ განცხადებამდე აქცია გამართეს, „მეტროს რევოლუციასაც“ არ გამორიცხავდნენ.

 

„თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება „საახალწლო საჩუქრის“ გაკეთებას გეგმავს და მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან მეტროთი მგზავრობის საფასურს 80 თეთრამდე ზრდის. მოვუწოდებ უგულავას და სააკაშვილს, ეს გადაწყვეტილება შეცვალონ და ისედაც შეჭირვებულ და ღარიბ მოსახლეობას დამატებით პრობლემებს ნუ შეუქმნიან, რადგან ეს სხვა არფაერია, თუ არა საზოგადოების დაცინვა“, - განაცხადა ლეიბორისტმა პაატა ჯიბლაძემ.

 

თბილისის საქალაქო ტრანსპორტზე მგზავრობის საფასურის გაორმაგებას მერიაში უარყოფენ. „თბილისის საქალაქო ტრანსპორტზე მგზავრობის საფასური 80 თეთრი არ გახდება. ეს ტყუილია და ცრუ განგაში. საფასურის გაძვირებაზე საუბარი მერიაში საერთოდ არ ყოფილა“, - აცხადებენ მერიაში.

 

თავის მხრივ მგზავრობის საფასურის გაორმაგება თბილისის სატრანსპორტო კომპანიაშიც უარყვეს. როგორც ამ კომპანიაში აღნიშნავენ, ტარიფების განსაზღვრა დედაქალაქის მერიის პრეროგატივაა და მგზავრობის საფასურის გაზრდის შესახებ ისინი ინფორმაციას არ ფლობენ.

გარდა ტრანსპორტის გაძვირებისა, გამორიცხული არ არის, რომ თბილისში ავტობუსის კიდევ რამდენიმე ხაზი გაუქმდეს, თუმცა ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ თბილისის მერიაში.

 

„თბილისში იმდენი ავტობუსი და იმდენი ხაზი იქნება, რაც ახლაა. ჯერჯერობით, დამატებით ხაზების შემცირება აღარ იგეგმება“, - განაცხადეს მერიაში.

 

არადა, ავტობუსების ხაზების ნაწილის გაუქმებამ და ნაწილის შემცირებამ თბილისელების დაბნეულობა გამოიწვია. მგზავრები ჩივიან, რომ მათ გზაში იმაზე მეტი დრო ეხარჯებათ, ვიდრე ხაზების გაუქმებამდე სჭირდებოდათ. გარდა ამისა, რამდენიმე ტრანსპორტით სარგებლობა უწევთ, რაც მგზავრობის ხარჯებს ზრდის.

 

დედაქალაქის მერიაში კი აცხადებენ, რომ ავტობუსების ხაზების გაუქმების გადაწყვეტილება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე დაკვირვების შედეგად მიიღეს. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის მერაბ მამულაშვილის განცხადებით, გაუქმებული ავტობუსები მხოლოდ დილის საათებში იყო დატვირთული, შემდეგ კი თითქმის მთელი დღის განმავლობაში ცარიელი მოძრაობდა. ამიტომ სამსახურმა გადაწყვეტილება მიიღო, გაეუქმებინა ის ხაზები, რომლის ჩანაცვლება სხვა ავტობუსის ან სამარშრუტო ხაზით შეიძლება.

 

მეტიც, თბილისის ტრანსპორტის სამსახურში იმასაც აცხადებენ,რომ მუნიციპალური ავტობუსების პარალელურად მუშაობა მიმდინარეობს დედაქალაქში ტრამვაის ხაზის ამუშავებაზე. ამისათვის უახლოეს პერიოდში თბილისში ფრანგული კომპანიის წარმომადგენლებს ელოდებიან, რომლებიც ტრამვაის მოძრაობისათვის უბნებს შეარჩევენ და დაგეგმავენ. ტრამვაის გამოჩენამდე კი თბილისელებს ახალი საბაგირო ხაზითაც შეეძლებათ სარგებლობა. ნარიყალა-მეტეხის დამაკავშირებელი ხაზი მომავალი წლის შემოდგომაზე ამოქმედდება.