დუდუ დადიანისა და კახი ასათიანის მკვლელობების კავშირი

დუდუ დადიანისა და კახი ასათიანის მკვლელობების კავშირი

დუდუ დადიანისა და კახი ასათიანის მკვლელობების შესაძლო კავშირზე „რეზონანსი“ უკვე წერდა. დღეს კი ამ თემაზე გამოძიებაც ალაპარაკდა.

ეს ორი, სხვადასხვა დროს მომხდარი მკვლელობა პროკურატურაში ერთ საქმედ გააერთიანეს. დუდუ დადიანის საქმეში მაკა ასათიანი დაკითხული არ არის. კონფიდენციალური ინფორმაციით, გამოძიებას ამის მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ასათიანი დაკითხვაზე არ გამოცხადდა.

დუდუ დადიანი გასული წლის 22 იანვარს კალათბურთის ფედერაციის სადარბაზოში მოკლეს. თვითმხილველები დადიანის მკვლელობას, ფაქტობრივად, არ ჰყავს. თუ დადიანის მკვლელობამდე ჩუმად ავრცელებდნენ ჭორებს მისი და მაკა ასათიანის მეგობრობის შესაახებ, მკვლელობის შემდეგ ამ თემაზე ხმამაღალი საუბრები დაიწყო, რასაც მაკა ასათიანის მხრიდან არცთუ სასიამოვნო რეაქციები მოჰყვა.

ამბობდნენ, რომ ასათიანი დადიანის სიკვდილის პერიოდში ფსიქოლოგების რეგულარული სტუმარი იყო. მკვლელობის ერთ-ერთი ვერსია ამ თემასთანაც დააკავშირეს, თუმცა იყო მეორე ვერსიაც: ამბობდნენ, რომ დადიანს ციხიდან კრიმინალი ემუქრებოდა. ცოტა ხნის შემდეგ ვერსიებმაც იკლო. შემდეგ, როგორც „წესი“, მტკიცებულებების არქონის გამო, საქმე „დროებით“ შეჩერდა.

დღესდღეობით, დადიანისა და ასათიანის მკვლელობების საქმეები პროკურატურამ გააერთიანა. გაბრიჩიძის ბრძანებით, დადიანის საქმე ქალაქის პროკურატურიდან გენერალურ პროკურატურაში გაითხოვეს.

ამ ფაქტზე, დადიანის ერთ-ერთმა ახლობელმა ასეთი რამ გვითხრა: „რომ არა კახი ასათიანის მკვლელობა, დუდუს საქმეს გენპროკურატურაში არავინ წაიღებდა.“ თუმცა, მთლად ასეც არ არის საქმე, დუდუ დადიანს, გარდა იმისა, რომ ფიზიკური სილამაზით გამოირჩეოდა სხვებისგან, დიდი გავლენის მქონე მეგობრებიც ჰყავდა.

დუდუ დადიანის სიკვდილის შემდეგ დაიკითხა უამრავი ადამიანი, თუმცა, როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, გამოძიებას მაკა ასათიანი, კახი ასათიანი და მერაბ ჟორდანია არ დაუკითხავს.

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა, აკაკი ბუდაღაშვილმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, ბოდიში მოგვიხადა და აღნიშნა, საქმეში არანაირი სიახლე არ არისო.

სამაგიეროდ, ამ თემაზე გვესაუბრა დუდუ დადიანის მკვლელობის გამომძიებელი ლორდი ლებანიძე, რომელმაც გვითხრა, რომ გამოძიებამ ყველაფერი გააკეთა დადიანის მკვლელობის გასახსნელად, თუმცა მკვლელობა მაინც ვერ გახსნა.

ბატონო ლორდი, მაკა ასათიანი რატომ არ დაკითხეთ?

- მაკა ასათიანი ჯერ ადგილზე არ იყო. შემდეგ ავადმყოფობდა, ბოლოს გვითხრა: ეს ჩემი პირადი საქმეაო და ჩვენების მიცემაზე სასტიკი უარი განაცხადა.

მერაბ ჟორდანიაც არ დაკითხულა,

- მერაბ ჟორდანია საზღვარგარეთ იყო და ვერ მოვახერხეთ მისი ნახვა ფიზიკურად.

კახი ასათიანი დაიკითხა?

- არა, კახი ასათიანი არ დაგვიკითხავს და აქ არც იყო.

დუდუ დადიანის მკვლელობის თვითმხილველები თუ არსებობენ?

- არა, თვითმხილველები არ არსებობენ. ჩვენ ყველა დავკითხეთ: მეგობრები, ყოფილი თუ ახლანდელი სპორტსმენები, მასწავლებლები.

რა კატეგორიის ხალხთან ჰქონდა ურთიერთობა დადიანს? თუ იყვნენ მის სამეგობრო წრეში ე. წ. „შავები“?

- ზოგი „შავი“ იყო, ზოგი ყვითელი და ზოგი - თეთრი.

დუდუ დადიანმა სიკვდილამდე რამდენიმე ხნის წინ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე პიროვნება დაჭრა. ჩვენი ინფორმაციით, იგი ამ მიზეზით გარკვეული პერიოდი ამერიკაში იმყოფებოდა. ამის თაობაზე, თუ გაქვთ ინფორმაცია?

- დიახ, ფიგურირებს საქმეში. ჩვენ ყველა ვერსიაზე ვიმუშავეთ, მაგრამ ეს ფაქტი ამ შემთხვევაში არაფერს ცვლის.

დუდუ დადიანი იარაღს ატარებდა. დარეგისტრირებული თუ ჰქონდა და რა ტიპის იარაღს ატარებდა?

- იცით, ვერ გეტყვით კარგა ხნის შეჩერებული საქმეა და აღარ მახსოვს.

დადიანი გარკვეული პერიოდი აზარტული ბიზნესითაც იყო დაკავებული. ამაზე რა ინფორმაციებს ფლობთ?

- ეს ინფორმაციები გვაქვს და გარკვეულია ყველაფერი. ისეთი არაფერია, რასაც მკვლელობასთან აქვს კავშირი.

როგორ ფიქრობთ, ერთი ჯაჭვის ორი რგოლია დადიანი-ასათიანის მკვლელობები?

- ეგ რომ ვიცოდე, მკვლელობები ხომ გახსნილი იქნებოდა? ხომ გავხსნიდი მკვლელობებს?

დუდუ დადიანისა და კახი ასათიანის მკვლელობების საქმეთა გაერთიანება შეიძლება იმაზეც მიუთითებს, რომ გამოძიებამ ამ მკვლელობებს შორის კავშირი მართლაც აღმოაჩინა. თუმცა, აქვე ჩნდება ეჭვი, რომ ასათიანის მკვლელობას დუდუ დადიანის ასევე გაუხსნელ მკვლელობას ამოაფარებენ, რათა საჩოთირო ვერსია, რომ ის საკუთარ ავიაბიზნესს შეეწირა, მიიჩქმალოს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიებასაც კი უფრო რეალურად ბიზნესის გამო მომხდარი მკვლელობის ვერსია მიაჩნია, მაგრამ ამ შემთხვევაში, წესით, იმდენად მაღალი დონის პიროვნებებზე უნდა გავიდეს პროკურატურა, რომ ამისი გამბედავი პროკურორი ჯერ ჩვენს ქვეყანაში ძნელად მოიძებნება.