საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი დევნილთა და მათი მასპინძელი თემების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განხორციელებული კვლევების შედეგების პრეზენტაციას დაესწრნენ.
დევნილთა პროგრამა IV-ის ფარგლებში, რომლის მიზანია იძულებით გადაადგილებული პირებისა და მათი მასპინძელი თემების საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მხარდაჭერა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოყოფილი თანადაფინანსებით რამდენიმე კვლევა ჩატარდა. კვლევები შეეხებოდა სოციალური და ეკონომიკური მოწყვლადობის, დასაქმების, პროფესიული გადამზადებისა და საბაზრო საჭიროებების საკითხებს. კვლევების შედეგები მიზნად ისახავს საარსებო წყაროების სტრატეგიისა და 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების მხარდაჭერას. საარსებო წყაროების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიზანია დევნილთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება დევნილთა და მათი მასპინძელი თემებისათვის შემოსავლის მომტანი / დასაქმების შესაძლებლობების სტრატეგიული დაგეგმვა, მონიტორინგი და კოორდინაცია, რათა მიღწეულ იქნას დევნილთამდგრადი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა და მათი ეკონომიკური თვითკმარობა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ზემოაღნიშნული კვლევების ძირითად განმახორციელებლებთან (დანიის ლტოლვილთა საბჭო-DRC, „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“-ACF და Human Dynamics) ერთად, შედეგების წარდგენის ღონისძიებას უმასპინძლეს. ოთხი კვლევის ძირითადი შედეგები და რეკომენდაციები დევნილთა საკითხებზე მომუშავე ძირითად დაინტერესებულ მხარეებს წარედგინათ.
კვლევები შემდეგ საკითხებს შეეხო: 1) შესაძლებლობების, უნარ-ჩვევების, განვითარებისა და ტრენინგის საჭიროებები; 2) საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ხელშემწყობი პროგრამების, პროვაიდერებისა და მექანიზმების აღწერა/ანალიზი; 3) საქართველოში დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და საარსებო წყაროების საჭიროებების კვლევა და 4) იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემების ეკონომიკური პოტენციალისა და შესაძლებლობების კვლევა აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში.
დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, აღნიშნული კვლევები მნიშვნელოვანწილად დაეხმარება დევნილთა სამინისტროს, შეიმუშაოს დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პოლიტიკა და პროგრამები.