კაკოს შუამდინარეთი

კაკოს შუამდინარეთი

რას ნიშნავს მაინც ასაკი... აღარც შემართება, აღარც ენთუზიაზმი, აღარც ჯინსები და “პინკ ფლოიდი”, აღარც “ხვალ გავიპარსავ”, აღარც “გუშინ პურზე, ძეხვზე და არაყზე რა დრო ვატარეთ”, აღარც “დღეს თითო ხომ არ ჩაგვერტყა” და, რაც მთავარია, აღარც “არ შევჭამ მე მის ლუკმასა, თუგინდ ვკვდებოდე მშიერი”.

იყო და არა იყო რა, იყო კაკო ბობოხიძე. ბებერ-ბებერი ზვიადისტი ნაშები ბრწკენდნენ. კაკო იყო ეროვნული. დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის მომართული, გონებას ამუშავებდა და როცა საჭირო იყო ხელ-ფეხსაც იქნევდა. საკუთარ პრინციპებს იცავდა - პრესა უნდა იყოს თავისუფალი, არჩევნები უნდა იყოს დემოკრატიული, ეკონომიკა უნდა იყოს საბაზრო. ძირს სოციალიზმის გადმონაშთები და ძირს ბესო გუგუშვილის დებილური კონვერგენცია.

იყო და არა იყო რა, ამის შემდეგ იყო კაკო - ახალგაზრდა, დაფიქრებული კაცი. დაფიქრებული ქვეყანაზე და საკუთარ მომავალზე. ორომტრიალში აღარ გადაშვებულა, გონება მუშაობდა.

90-იანი წლები სრულდებოდა. მესამე ათასწლეულის გარიჟრაჟზე კაკომ საბოლოოდ დაძლია ეროვნული მოძრაობით გამოწვეული თავის ტკივილი და ნაციონალურად მოისვენა.

იყო და არა იყო რა, იყო ბატონი აკაკი ბობოხიძე - პრეზიდენტთან ძლიერ დაახლოებული კაცი, ქართული დემოკრატიის ვიცე-მამა (მამა პრეზიდენტია), ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი შემოქმედი. შემოქმედებამ შვა ნაყოფი, ნაყოფს ერქვა “ბატონი აკაკი ბობოხიძე - პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის რეგიონში”.

შემდეგ, ჟურნალისტი სცემა. რამდენად საცემი იყო, სხვა საკითხია, მაგრამ რამდენად შეეფერება ასეთი კაცი რწმუნებულის პოსტს, ამაზე კი ღირს დაფიქრება. მაშინ თქვა: “არც ერთი თანამდებობა არ ღირს ღირსების შელახვად”. და რწმუნებული ბობოხიძე იქცა სარდალ ბობოხიძედ.

წყალბურთი გამიგია, ცხენბურთი გამიგია, ფეხბურთიც გამიგია და მოტობურთიც, მაგრამ სარდალი ბობოხიძე... არჩევნების წინ ყველაფერი გაირკვა – ბობოხიძე საარჩევნო კომისიებისა და პარტიული შტაბების სარდალი ყოფილა, კამუფლაჟი ერქვა და ინიღბებოდა. იმ დროისთვის ქუთაისელები მას უკვე “კაკოიეს” ეძახდნენ.

არც ერთი თანამდებობა არ ღირს იმად, რომ კაკოიე დაგიძახონ, მაგრამ გააჩნია ვისთვის.

ქუთაისში მეორედ მოსვლას ელიან, განკითხვის დღე დგება: “არ მელოდით, ბო...”.

ძველი ანეკდოტია: მიხოს რაიკომის მდივნად დანიშნავენ. მიხო ოცნებობს, ახლა ხომ მო...ვ ჩემ ძმას დედასო. მართალია, კაკო მიხო არ არის, მაგრამ რა იცი? გაიღვიძებს კაკოში მიხო. გუშინ ბობოხიძემ აღნიშნა: “ნათქვამია ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო, მაგრამ მე მდინარიდან არც ამოვსულვარ”. როგორ გავიგოთ და როგორ ავხსნათ ეს ფრთიანი ფრაზა? მხოლოდ ასე: ეროვნული გვარდიის სარდლად ყოფნისას, აკაკი ბობოხიძე ჯიუტად და უხეშად ერეოდა იმერეთის საშინაო საქმეებში. და რა გამოდის? გამოდის, რომ გვარდიას სარდალი არ ყავდა.

აქედან დასკვნა: გვარდია უპატრონოდ იყო მიტოვებული. გვარდიას არ ჰყავდა სარდალი, ანუ არ ჰყავდა დედა. ასე ვერ გავფრინდებით, მით უმეტეს - ცხინვალში და, განსაკუთრებით - საახალწლოდ.

ეს ჩვენი პრობლემაა, კაკოს თავისი პრობლემები ყოფნის. მეორედ მოსვლას თავისი სპეციფიკა აქვს. ყველაფერი თავიდან აქვს გასაკეთებელი - კაბინეტი, სავარძელი, მდივანი, ტექნიკა. თუმცა არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამდენ ხანს, სანამ კაკო მდინარეში იდგა და ცეცხლი ეკიდა, მდინარეშივე იდგა მისი მდივანი და თავს ზემოთ ბობოხიძის ნოუთბუქი ეჭირა. ვხუმრობ.

მეორედ მოსვლა... ახლა, მთავარია ბობოხიძემ თავი ადგილობრივი მასშტაბის მესიად არ წარმოიდგინოს და ისეთი ქმედებები არ განახორციელოს, რელიგიურ ლიტერატურაში რაც წაუკითხავს. სხვათა შორის, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ იმერელ ჩინოვნიკს, ვინც კაკო ნაადრევად ჩამოწერა, სწორედ კაკოს მეორედ მოსვლის ეშინია.

რა ვიცი, როდემდე გაგრძელდება მეორედ მოსვლა და როდის მოხდება მეორედ წასვლა? ისევ ჟურნალისტს სცემს თუ ვინმე გასაცოდავებულ მეისრეს მონახავს და იმაზე ამოიყრის პირველი წასვლის ჯავრს? ყოველ შემთხვევაში, ერთხელაც იქნება და წავა. და თუ ეს მეორედ მოსვლა მეორედ მოსვლების პირველი მერცხალია, მაშინ კიდევ ვიხილავთ დიდ-დიდ იმერელ ნაციონალთა ბოთლებზე დამიზნებულ უკანალებს. კიდევ იქნება სკანდალები და ვინ იცის კვლავ ვიხილოთ მერის სავარძელში თანამდებობაშეფერებული, “ფინთი გოიმი” გულორდავა.

არც ერთი თანამდებობა არ ღირს იმად, რომ რამდენიმე თვე მდინარეში იდგე. თან ჩვენი მდინარეები ისეა დაბინძურებული ფეკალური მასებით, რომ მტრისას! მაგრამ ზოგიერთებს მაინც უღირთ.

აი, ბობოხიძე რომის იმპერატორს რომ მიბაძავდეს და სოფელში რომ წავიდოდეს კომბოსტოს მოსაყვანად, გაივლიდა დრო და მეისტორიე ნამდვილად აპატიებდა ჟურნალისტის ცემას, ახლა კი...

ახლა კი, მეორედ მოსვლა შედგა. მეორედ წასვლის გეშინოდეთ, ხალხო!

რა ბიჭი იყო! რას ნიშნავს მაინც ასაკი!