„კონსერვატიული პარტიის“ ერთ–ერთი ლიდერი, კახა კუკავა კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის პრეს კლუბს 12 ნოემბერს სტუმრობდა. ჟურნალისტებთან შეხვედრამდე ერთი საათით ადრე, კუკავამ ახალი ორგანიზაციის „თავისუფალი საქართველოს“ შექმნის შესახებ გააკეთაგანცხადება. თავისთავად, პოლიტიკოსთანაც პირველი კითხვა ამ თემაზე დაისვა.
კახა კუკავა: პრინციპში, ეს ახალი გაერთიანება არ არის. იცით, რომ ეროვნული საბჭო 2007 წლიდან არსებობს და მან ბევრჯერ განიცადა ტრანსფორმაცია. ამჯერად, ჩვენ გავაკეთეთ რამდენიმე სიახლის პრეზენტაცია, პირველი: ეროვნულ საბჭოში შეიკრიბა ახალი სუბიექტები არასამთავრობო ორგანიზაცის – „თავისუფალი საქართველო“ სტატუსით, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ. მისი მთავარი ამოცანა იქნება რეგიონებში ინფრასტრუქტურის შექმნა.
ოპოზიციის პრობლემა მდგომარებს იმაში, რომ მთელი პოლიტიკური აქტივობა მიმდინარეობს თბილისში, ხოლო რეგიონები ამ პოლიტიკურ პროცესს არიან მოწყვეტილები. ამიტომ, ჩვენ ახლავე გვინდა დავიწყოთ მობილიზაციის პროცესი ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, რაც გულისხმობს როგორც ოფისების და შტაბების გახსნას, ისე კიდევ უფრო ვიწრო ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, საარჩევნო უბნების გახსნას, სოფლებში წარმომადგენლების დანიშვნას და ფართო ოპოზიციური ინფრასტრუქტურის შექმნას.
ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისის დროს, იქნებოდა ეს საარჩევნო კამპანია თუ საპროტესტო აქციები, ოპოზიციის „აქილევსისი ქუსლი“ იყო რეგიონები. ჩვენ ყოველთვის აქტიურები ვიყავით რუსთაველის გამზირზე, მაგრამ რეგიონებში პრაქტიკულად არ ვიყავით წარმოდგენილები, რასაც მიხეილ სააკაშვილი ხშირად, აღნიშნავს, როგორც თავის უპირატესობას. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ინფრასტრუქტურა შეიქმნას. სხვათა შორის, ეს არა მარტო რეგიონებს შეეხება. არის ბევრი სოციალური ჯგუფი, რომელიც არის ასევე პასიური და პირველ რიგში, მაგალითად სტუდენტობას მოვიყვან. ეს ოპოზიციის ტრაგედიაა, რომ სტუდენტობა არ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, ეს წარმოუდგენელი ამბავია. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, დემოკრატიული და წინააღმდეგობრივი ბრძოლის ავანგარდში დგას სტუდენტობა. ჩვენი ამოცანა იქნება ამ ორგანიზაციისთვის ახალი სისხლის გადასხმა.
მეორე – ეროვნული საბჭო პოლიტიკურ საკითხებში იმოქმედებს, როგორც ერთიანი გაერთიანება და ერთი ბრენდი. რაც უნდა ტრივიალური იყოს, დღის წესრიგში ისევ დგას ოპოზიციის ერთიანობა. როგორც ის დავინახეთ, რომ თბილისში კონცენტრაცია იყო არასწორი, ისე ის დავინახეთ, რომ არასწორი იყო ოპოზიციის დახლეჩა თუნდაც, იდეოლოგიური ფუნდამენტების მიხედვით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან საშიში პროცესი მიმდინარეობს დღეს, რასაც სახელისუფლებო მანქანაც უწყობს ხელს (რომლებიც, სხვათა შორის, დღეს არ არიან აქ წარმოდგენილები), და ხშირ შემთხვევაში, სახელისუფლებო სპეცსამსახურებიც, რომ ოპოზიციურ ჯგუფებს შორის გაღვივდეს დაპირისპირება.
დღეს არის ორი დაპირისპირებული ბანაკი – „რვიანის ჯგუფი“, რომელიც საარჩევნო გარემოზე აკეთებს აქცენტს და ბურჯანაძის გუნდი, რომელიც „სახალხო კრებაზე“ აკეთებს აქცენტს. პრესაში უკვე გაჩნდა შეფასებები, რომ მოღალატეები არიან ისინი, ვინც საარჩევნო გარემოზე მუშაობენ, ხელისუფლებასთან არიან შეკრულები და ა.შ. ეს არის კონფრონტაციის ის ფორმატი, რომელიც პირდაპირ არის ვანო მერაბიშვილის ოცნება და სიზმარი.
მოგეხსენებათ ეროვნული საბჭო „რვიანის ჯგუფში“ არის წარმოდგენილი, ხოლო კრების ინიციატორებთან, ალბათ, გვექნება გარკვეული ტიპის კონსულტაციები, მითუმეტეს, რომ ბევრ ადამიანთან ისედაც გვაქვს არაფორმალური კონსულტაციები. ასე რომ, არანაირად არ ვფიქრობ, რომ ეს ორი პროექტი ერთმანეთს ხელს უშლის. არ მესმის, რატომ უნდა შეუშალოს ხელი კრების ორგანიზატორებს ბიომეტრული პასპორტების გაცემამ, ან თუ ერთმანდატიანი ოლქები შეიცვლება პროპორციული სისტემით. ხელს არც ჩვენ გვიშლის კრება, პირიქით მივესალმებით ნებისმიერ ოპოზიციურ ინიცატივას თუ ხალხი შეიკრიბება და თავის პროტესტს დააფიქსირებს.
ჩვენ ალბათ, უნდა დავაფიქსიროთ ეროვნული თანხმობის პოზიცია, იმის მიუხედავად, რომ ტაქტიკური სხვადასხვაობა ჩვენს შორის ნამდვილად არსებობს – ვიღაცას მიაჩნია, რომ საარჩევნო გარემო უფრო მნიშვნელოვანია, ხოლო ვიღაცას მიაჩნია, რომ “ლოკომოტივის” სტადიონის გავსება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენი ამოცანა არის საერთო – რეჟიმის შეცვლა. ამდენად, მე ვფიქრობ, ეს ერთგვარი თავდაუსხმელობის პაქტი, რომლის მცდელობები ადრეც იყო, ახლა მაინც უნდა იქნას გამოყენებული.
იქნებ დააკონკრეტოთ, „თავისუფალი საქართველო“ იქნება არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ საზოგადოებრივი მოძრაობა და „დაიცავი საქართველოს“ ალტერნატივა?
– რა თქმა უნდა, ეს არ იქნება კლასიკური არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორც ჩვენთან უწოდებენ – გრანტიჭამია. ეს იქნება საზოგადოებრივი მოძრაობა. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი ამოცანაა, ბევრი ადამიანის ჩართვა და ახალი სისხლის გადასხმა ზოგადად, ოპოზიციურ ინფრასტრუქტურაში. ჩვენთან გავრცელებულია ფრაზა – ოპოზიცია ვერაფერს აკეთებს, გაფარჩაკდა და ა.შ. მერე როცა იგივე ადამიანს უსვამ შეკითხვას, შენ რას აკეთებ, შეგიძლია თუ არა რაღაცაში მომეხმარო? – გპასუხობს – არა, იცი, მე სადღაც, სახელმწიფო სტრიქტურაში ვმუშაობ, ან ჩემს ბიძაშვილს მარკეტი აქვს და დაუხურავენ. ეს არ არის სწორი და სამართლიანი დამოკიდებულება.
ჩვენი, ოპოზიცის პრობლემა ის არის, რომ ამ სამი რთული წლის შემდეგ, ოპოზიციური რესურსები დაიშრიტა და დღეს რეალურად პოლიტიკას აკეთებენ ოპოზიციის ლიდერები. საზოგადოება და რიგითი მოქალაქეები ამ პროცესს მოწყვეტილები აღმოჩნდნენ. მე მესმის, რომ არის შიშის გარემო, მაგრამ თუ ჩვენ ოპოზიციისგან ვითხოვთ, რომ გაუძლოს ამ ყველაფერს და ბრძოლა გააგრძელოს იგივე მოთხოვნა უნდა დადგეს საზოგადოების მიმართაც.
შეუძლებელი და არანორმალურია, რომ თბილისში იყოს 300 ათასი კაცი გამოსული და ზუგდიდში, რომელიც ყოველთვის ბევრად უფრო აქტიური იყო, თუნდაც ეროვნული მოძრაობის დროს, ეს ჩემი მშობლიური რეგიონია და როცა იქ ჩავდივართ, საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ 9 აპრილს რა ხდებოდა. ჯერ ერთი, იქ ტელევიზიები არ არის და მეორე – არც პოლიტიკური პარტიებია სათანადოდ წარმოდგენილი. სტუდენტობაზეც იგივე გითხარით, როცა ვუყურებდი, რომ ჩვენს აქციებზე ძირითადად ასაკოვანი ხალხი დადიოდა, ეს იყო, რა თქმა უნდა, ჩვენი წარუმატებლობის განმსაზღვრელი ფაქტორი. ამიტომ, გასული სამი წლის წარუმატებლობიდან რაღაც ტრაგიკული განწყობები კი არ უნდა შევიქმნათ, სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ. ჩვენი მთავარი პრინციპი იქნება პრაგმატიზმი, რაც ყველაზე მეტად აკლდა ოპოზიციას.
ჩვენ ბევრ გადაწყვეტილებას ვიღებდით ემოციებით, ხანდახან ერთმანეთის ჯინაზე, ხანდახან ხელისუფლების და ხანდახან საერთაშორისო საზოგადოების ჯინაზე.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გვაქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობები და ჩვენს ემოციებზე წინ უნდა დავაყენოთ პრაგმატიზმი. დღესაც ვხედავ ბევრ ადამიანს, რომლებიც ამბობენ: რა გინდათ ამ მოლაპარაკებებში, ხომ იცით ხელისუფლება ისევ მოგატყუებთ, მოდით სადღაც შევიკრიბოთ და სადღაც შევვარდეთ. ეს ემოციები არის დამღუპველი, ამ ემოციების შედეგად ჩვენ დავუშვით ბევრი შეცდომა და ახლა მაინც არ უნდა ვიყოთ ისეთი სულელები, რომ ეს შეცდომები, მეორედ, მესამედ და მეოთხედ დავუშვათ. ჩვენ რაც გვჭირდება, ეს არის ოპოზიციაში ახალი სისხლი და საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც 2007 წლის 7 ნოემბრამდე თქვა, რომ არ მეშინია, თუ დღესაც იგივე ჭკუაზეა, უნდა იყოს ორგანიზებული და მესამე – ჩვენ უნდა გვქონდეს პრაგმატული მიდგომები ყველა საკითხის მიმართ, იქნება ეს საერთაშორისო ურთიერთობები, ხელისუფლებათან ურთიერთობა, საარჩევნო კოდექსი თუ საპროტესტო აქციები.
რატომ არ მიხვედით დავით ბაქრაძესთან შეხვედრაზე?
– დავით ბაქრაძესთან შეხვედრაზე იყო „რვიანის“ დელეგაცია, რომელსაც ჰქონდა ჩვენი მანდატი. მე პირადად არ მივედი ტრივიალური მიზეზის გამო – ეს შენობა ჩვენში არ აღძრავს თბილ მოგონებებს. თუმცა უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ შემდეგი შეხვედრა იქნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც პირადად მივიღებ მონაწილეობას.
თქვენი აზრით რით დასრულდება ეს პროცესი, ხელისუფლების ვადებით პროცესი უნდა დასრულდეს 2011 წლის ოქტომბერში?
– სინამდვილეში, თუ რეალურად ვილაპარაკებთ, საარჩევნო გარემო გაუმჯობესდება სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის შემდგომ. ხშირად გვეკითხებიან: “თქვენ ილუზია გაქვთ, რომ ხელისუფლება საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს?” არანაირი ილუზია არ მაქვს, მაღალი ალბათობით, საარჩევნო კოდექსში ალბათ, არ იქნება ყველა ის ცვლილება შეტანილი, რომელიც ჩვენ გვინდა. მთავარი ეფექტი, რომელსაც ველოდებით, არის სხვა. მე ვსაუბრობდი წარსულის შეცდომებზე და სხვათა შორის, ეს მინდა სისტემური სახით ქაღალდზე გადავიტანო და გამოვაქვეყნო, მაგრამ მანამდე მინდა ვთქვა, ერთი საბედისწერო შეცდომა, რომელიც ჩვენ დავუშვით, ეს იყო არამეგობრული დამოკიდებულება საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ჩვენ ვუკეთებდით ამ ფაქტორს იგნორირებას, მაგრამ დღეს, რეალურად მიდის ბრძოლა არა საარჩევნო ცვლილების გაუმჯობესებისთვის, არამედ, საერთაშორისო თანამეგობრობის კეთილგანწყობის და მხარდაჭერის მოპოვებისთვის.
თამაშის წესები არის ასეთი – სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო კრიტიკა იზრდება, საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნა, რომ კოდექსი შეიცვალოს, ეს არის სახეზე და ვინც ამ პროცესს ხელს აუქნევს, ის დაკარგავს საერთაშორისო თანამეგობრობის კეთილგანწყობას. ვინც პროცესში მიიღებს მონაწილეობას, ის მხარდაჭერას მოიპოვებს. ის, რომ სააკაშვილმა არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის და სხვა საერთაშორისო ექსპერტების დასკვნები, ეს გახდა საკმაოდ სერიოზული მიზეზი, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიმართ დამოკიდებულება შეცვლილიყო. ამიტომ, ჩვენ უნდა ვეცადოთ მივაღწიოთ, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით დაიწყოს ღია ზეწოლა სააკაშვილის მიმართ, რაც დამოკიდებულია მთლიანად ჩვენს თანმიმდევრულობაზე.
ნამდვილი საჩუქარი იქნება სააკაშვილისთვის, თუ ოპოზიცია იტყვის, რომ ჩვენ არ გვინდა ამ პროცესში მონაწილეობა, რადგან ვიცით რა გარყვნილია ხელისუფლება და როგორ მოგვატყუებს. სააკაშვილი კი მაშინვე მიუბრუნდება საერთაშორისო თანამეგობრობას და ეტყვის – ხომ გეუბნებოდით, ეს ხალხი – ჩემი ოპოზიცია – არის ველურები, რომელბმაც კარვების და საკნების დადგმის გარდა არაფერი იციან. მე მინდა რეფორმები ამ ქვეყანში, ამ ხალხთან რა უნდა ვიმუშაო, ქუჩა–ქუჩა დარბიან, მაგათმა არც არჩევნები იციან და არც კონსტიტუცია. ეს იქნება ძალიან დიდი საჩუქარი მისთვის და ჩვენ ამ საჩუქრის გაკეთებას არ ვაპირებთ.
ალბათ აკვირდებით, ბოლო სამი წლის მანძილზე რა არის სააკაშვილის შიდა და გარე პიარის მთავარი ღერძი, რომ მე ვარ პროდასავლური რეჟიმი, ჩემი ოპოზიზია არის რუსეთის ჯაშუში, ყოფილი პოლიციელები, კრიმინალების მეგობრები, რომელთაც წარმოდგენა არ აქვთ დემოკრატიულ ფასეულობებზე. წარსულში სააკაშვილს შეიძლება მივეცით ამ თამაშის საშუალება, მაგრამ წელს პირველი გამარჯვებები ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს. თქვენ ალბათ უყურებდით, როცა სააკაშვილი გამოდიოდა ზუგდიდის რაიონში სოფელ შამგონაში, და მე მომეჩვენა, რომ ყეფდა, როცა საარჩევნო კოდექსზე საუბრობდა. ძალიან აგდებულად საუბრობდა, როცა ახსენა – იქ რაღაცას საუბრობენ, თითქოს მაჟორიტარების გაუქმება უნდათო და ა.შ.
ხელისუფლების მოლოდინი იყო, რომ ოპოზიცის ერთიანობა არ იქნებოდა ამ საკითხზე და ამ პროცესს, მივუდგებოდით დესტრუქციულად. თქვენ ვადებზე მკითხეთ და გეტყვით, რომ ეს პროცესი შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს, მაგრამ წააგებს ის, ვინც პირველი გაემიჯნება ამ პროცესს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ თავად ხელისუფლება გაემიჯნოს ამ პროცესს. როდესაც 4–6 თვის შემდეგ არ იქნება გადაწყვეტილება არც საარჩევნო სისტემაზე, არც ბიომეტრულ პასპორტებზე, არც საარჩევნო არბიტრაჟზე და არც სხვა საკითხებზე, მაშინ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე იქნება შემდეგი სურათი – კონსტრუქციული ოპოზიცია არის ორიენტირებული დემოკრატიულ ღირებულებებზე, ხოლო კორუმპირებული – ავტორირტარული რეჟიმი უარს ამბობს ყველაფერზე.
ოპოზიციის პროგრამა მაქსიმუმი რა არის?
– მზარდი საერთაშორისო ზეწოლის პირობებში არსებითი ცვლილებების შეტანა გამორიცხული არ არის. მე ვფიქრობ, ვიცი ეს პოპულარული თემა არ არის, მაგრამ ერთმანდატიანი ოლქები ეს არის კრიმინალებისთვის მანდატების გადაცემა და ფულის ტომრების დანიშვნა საქართველოს პარლამენტში. სააკაშვილი რაღაც სისულელეებს ამბობდა, რომ თურმე ერთმანდატიანი ოლქები არის ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გამოხატვა. მაინტერესებს: ზუგდიდელებმა, ან სხვა რომელიმე ოლქში, რამდენჯერ ნახეს თავიანთი მაჟორიტარი? ხომ ვიცით, რომ ეს ზღაპარია. მაჟორიტარების 100% თუ არა, 99% არის ფულის ტომრები, რომლებიც ყოველ არჩევნებზე ფქვილს და კარაქს არიგებენ და არ აქვთ არც პროდასავლური, არც პრორუსული და არც არანაირი პროგრამა. ისინი პირდაპირ ყიდულობენ ამომრჩეველს. ეს არის მაფიის ხმები და ამიტომ, ერთმანდატიანი ოქლების გაუქმება იქნება ჩვენი პრიორიტეტი. არჩევნები შეიძლება ჩატარდეს ერთიანი სიებით, ან რეგიონალური პროპორციული სიებით, მაგრამ ხალხმა ეს არჩევნები უნდა გააკეთოს პოლიტიკურ მიმდინარეობაზე, იდეოლოგიაზე, პროგრამაზე, პარტიაზე და არავითარ შემთხვევაში, ფულის ტომრებს შორის, რომელი უფრო გაძეძგილია შაქარით, კარაქით და ფქვილით.
მემარჯვენეებს აქვთ აზრი, რომ მათ შეუძლიათ შექმნან ახალი სარჩევნო კოდექსი, თქვენ თუ ეთანხმებით ამ აზრს?
– რეალურად ჩვენ მივიღებთ ახალ კოდექსს, თუ შიგ ბევრი არსებითი ცვლილება შევა. თუმცა წმინდა ტექნიკური საკითხია არსებულ კოდექსში შევა ცვლილებები თუ ახალი დაიწერება. მთავარია, შინაარსობრივად იქნება თუ არა ის ძირითადი საკითხები შეტანილი, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ. ორი ძირითადი პრიორიტეტი, ანუ პრიორიტეტი პრიორიტეტთა შორის, არის საარჩევნო სისტემა და ბიომეტრული პასპორტები. ხელისუფლებას არ აქვს არგუმენტი, რატომ არ უნდა შემოიღოს ბიომეტრული პასპორტები. თუ ხელისუფრლება იტყვის, რომ მას დამფინანსებლები არ ყავს, ჩვენ მზად გვყავს უკვე დამფინანსებლები – საერთაშორისო დონორები, რომლებიც ეტყვიან, შენ კანონი მიიღე და ჩვენ მას დავაფინანსებთ. თუ ხელისუფლება მაშინაც იტყვის, რომ ჩვენ ამ კანონს მაინც ვერ მივიღებთ, მაშინ მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის იქნება ნათელი რა ნაბიჯები უნდა გადადგას.