გზაზე მიდის ერთი კაცი

გზაზე მიდის ერთი კაცი

"სამჯერ ჩავედი სამტრედიაში, კაცად ვაქციე და ახლა ფრაქციიდან გასვლა მომინდომაო,” - უთქვამს პრეზიდენტს ზვიად ძიძიგურის შესახებ თანაპარტიელ დეპუტატებთან შეხვედრაზე.

ეს ამბავი აღნიშნული შეხვედრიდან სამ ხმაში გამოვიდა და ამდენად, ჭორად კი არა, დადასტურებულ ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს. მოკლედ, კაცად ვაქციეო - ნამდვილად უთქვამს.

განა დეპუტატობასა და კაცობას შორის აუცილებლად ტოლობის ნიშანი იწერება? ან, ვინც დეპუტატი არ არის, კაცად ვერ ჩაითვლება?

ეგ რომ ეგრე იყოს, პარლამენტართა რაოდენობის შემცირების ნაცვლად, პირიქით, გაზრდაზე ვიფიქრებდით. გვექნებოდა ოთხმილიონიანი პარლამენტი, რაც თავისთავად გამოიწვევდა ხელფასებისა და პენსიების ზრდას და, რაც მთავარია, ოთხმილიონიან ქვეყანაში ოთხი მილიონი ღირსეული ადამიანი გვეყოლებოდა მაგრამ, ეგრე არ არის თაყაო... უფრო სწორად, მიშაო.

ძალიან მენიშნა მიშას გამონათქვამი, ძალიან. მთელი ზაფხული და შემოდგომა, 22 ნოემბრამდე, ლევან მამალაძემ იმის ძახილში გაატარა, შევარდნაძემ აქცია კაცებად ჟვანია-სააკაშვილი და მათი მხრიდან ოპოზიციონერობა, რბილად რომ ვთქვათ, უმადურობააო.

ვისაც ერთხელ მაინც შეუყვია თავი შევარდნაძის გარემოცვაში, ყველა ერთი ტექსტით როგორ საუბრობს?!

მიშას ნათქვამი იქამდე მიგვიყვანს, რომ ერთ დღესაც გამოგვიცხადებს, ქვეყანა ქვეყანას დავამსგავსე და სამისდღემჩიო პრეზიდენტი უნდა ვიყოო. აი, ფიდელ კასტრო და კიმ ჩენ ირი რომ ამბობენ ხოლმე, ზუსტად ისე.

ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ათასგვარი გამოკითხვები რომ ტარდება, აბა, ხალხო, რა აზრის ხართ პარლამენტსა და მთავრობაზეო, როგორ მოგწონთ, ან როგორ არ მოგწონთო...  ხალხი კი არ უნდა გამოკითხონ და ასე კი არ უნდა დასვან შეკითხვა... მთავრობა და პარლამენტი უნდა გამოკითხონ და ერთი შეკითხვა უნდა დაუსვან: რა აზრის ხართ ხალხზე, ადამიანებზე?

აწი, შეუძლიათ თავი აღარ შეიწუხონ - მიშამ უკვე ყველაფერი თქვა და ყველა შეაფასა: ვინც მინისტრი და დეპუტატი არ არის, ის კაციც არ არის.

თუ პარლამენტში ზიხარ და ხელში პულტი გიჭირავს - კაცი ხარ. კაცი ხარ, თუ მთავრობის სხდომებს მინისტრის რანგში ესწრები, მაგრამ თუ თოხი და ბარი გიჭირავს, კაცობამდე ბევრი გიკლია. თუმცა, არც იმას გეუბნება ვინმე, არაკაცი ხარო. ხარ, რა...

ჯერჯერობით, სურათი არ შეცვლილა: - “პრეზიდენტ სკაზალ - ბოგ სკაზალ”. ადრე შევარდნაძე იყო პრეზიდენტი და რასაც იტყოდა, ისე იყო. ყოველ შემთხვევაში მისი აქტიური თანაპარტიელების თვალში. ახლა, მიშაა და, აქტიური თანაპარტიელები არც მას აკლია. ყველა თანაპარტიელი ვერ გახდება მინისტრი და დეპუტატი, მაგრამ ისე გამოდის, რომ ისინი კაცობას ესწრაფვიან, ხოლო დანარჩენებს სულ არ ადარდებთ, რას იტყვის მათზე შთამომავლობა.

სამჯერ ჩავედი და კაცად ვაქციეო... თვითონ თუ სჯერა იმისი, რაც თქვა! და თუ მართლა ჯერა, მიუჯდეს მანქანას და შემოიაროს მთელი საქართველო სამჯერ. მანქანის ტარება კი სცოდნია და... ვერტმფრენში ჩაჯდეს და სამჯერ შემოიფრინო - ვერტმფრენის მართვაც ხომ იცის და, ბოლო-ბოლო, თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევაო, ბულდოზერის მართვაც იცის და ერთი “ნავაროჩენი” ბულდოზერი რა გახდა?

ერთი და იგივეს იმეორებენ - კაცად ვაქციე, კაცად ვაქციე... რა იყო, თქვე კაი ხალხო, ტელეღიპუცები ხომ არ ხართ? ... და მიშამ კიდევ ერთი მოქალაქე აქცია კაცად.

და მერე, თუ გადეპუტატება კაცად ქცევას ნიშნავს, რა უნდა თქვან მანდილოსანმა დეპუტატებმა? და არა მარტო დეპუტატებმა. კი, მედეა მეზვრიშვილი და როზა ლორთქიფანიძე მართლაც შევარდნაძემ აქცია კაცებად, მაგრამ, დავუშვათ, მაია ნადირაძისა და ნინო კალანდაძის მიმართ იგივეს თქმა ცოტა არ იყოს, უხერხულია. იმასაც ვერ იტყვი, მიშამ აქცია ქალებადო - ეგ კიდევ უარესია.

სხვა საქმეა, ახალსკოლადამთავრებული დეპუტატები რომ არიან. მათზე, კიდევ, ჰო, მაგრამ ამ შემთხვევაში რა აზრის იქნებიან მათი დედები, მამები, ბებია-ბაბუები. ზოგს ბებია-ბაბუების ბებია-ბაბუებიც ცოცხლები ჰყავთ და ღმერთმა დიდხანს უცოცხლოთ.

სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც კავკასიურმა ნაგაზმა, სახელად ბასმაჩმა, საკვების მიღებაზე უარი განაცხადა, ჩემს პატრონთან წამიყვანეთო, ამით ასლან აბაშიძეს აქტივში რამდენიმე ქულა ჩაეწერა. ბასმაჩმა რომ თქვას, ასლან აბაშიძე კაცად ვაქციეო, ნამდვილად იქნება ამაში სიმართლის მარცვალი. მაგრამ... მაგრამ ძაღლს იმდენი ადამიანობა მაინც ეყოფა, რომ გაჩუმდეს და არ დაამადლოს.

ბასმაჩი რომ კაცი იყოს, კაი კაცი იქნებოდა. არავის არაფერს დაამადლიდა, მით უმეტეს თუ არც იქნებოდა დასამადლებელი. თავს დაღუნავდა და თავის გასაკეთებელს გააკეთებდა.

კარგი პრეზიდენტი იქნებოდა ბასმაჩი.