„სომხეთი ყარაბაღის პრობლების გადასაჭრელად მზად არის“

„სომხეთი ყარაბაღის პრობლების გადასაჭრელად მზად არის“

აზერბაიჯანში გამართულ მორიგ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის „იენი აზერბაიჯანმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ალიევის მთავარი დაპირება წლების მანძილზე არ იცვლება – ეს არის ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის და მისი მოსაზღვრე რაიონების დაბრუნება, მშვიდობიანი თუ აუცილებლობის შემთხვევაში სამხედრო გზით.  

ბაქოს და ერევანს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ მოლაპარაკებებს შედეგი არ მოაქვს. დღესდღეობით მოლაპარაკებათა დღის წესრიგში ყარაბაღის სამომავლო სტატუსი დგას და მათზე აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გამოკვეთილად არ განიხილება. ისე, როგორც ამას აზერბაიჯანის პრეზიდენტი მოითხოვს.

საქმეში ჩახედულ დამკვირვებელთა აზრით, საომარი ხასიათის განცხადებები, რომლებიც ბოლო დროს ბაქოდან ისმის, სწორედ ამ რეალობებით არის გამოწვეული. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ვალში არც სომხეთის ხელისუფალნი რჩებიან. შეუიარაღებელი თვალითაც კი კარგად ჩანს, რომ ერევანი ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის დათმობას ცოცხალი თავით არ აპირებს.  

„სომხეთი პირველი თავდასხმას არ განახორციელებს, მაგრამ ყარაბაღის პრობლების გადასაჭრელად მზად არის“, – როგორც სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, ამის შესახებ პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა გასული კვირის ბოლოს მთიან ყარაბაღში ყოფნისას განაცხადა, სადაც იგი სამხედრო წვრთნებს დაესწრო. 

აღნიშნული განცხადება სარგსიანმა ოფიცრებისა და ჯარისკაცებისადმი მიმართვისას გააკეთა. იგი სწავლების ერთ-ერთ დღეს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ბაკო სააკიანთან ერთად დაესწრო. 

„საფრთხის შემთხვევაში ჩვენ არა მხოლოდ 1992-1994 წლებში მომხდარის გამეორებას შევძლებთ, არამედ ამ პრობლემას საბოლოოდ გადავჭრით. რაც სომხურ მხარეს აქვს, საკმარისია სავარაუდო მოწინააღმდეგისთვის გამანადგურებელი დარტყმის მისაყენებლად, მაგრამ სომხეთი მიღწეულზე არ შეჩერდება და შეიარაღებული ძალების სრულყოფას გააგრძელებს, რადგან გვაშფოთებს ის, რაც აზერბაიჯანში ხდება“, - განაცხადა სარგსიანმა. 

სომხეთის პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანი თავის წარუმატებლობებსა და პრობლემებს სომხეთს აბრალებს და ხალხს ომისთვის ამზადებს.

„ჩვენ კი ხალხს მშვიდობისთვის ვამზადებთ. ვამბობთ, რომ მზად ვართ კომპრომისებისთვის, თუ განსაზღვრული იქნება ყარაბაღის საბოლოო სტატუსი ანუ გადაიჭრება ყარაბაღის ხალხის უსაფრთხოების პრობლემა“, - განაცხადა სარგსიანმა.

მისივე აზრით, საჭიროა ყურადღებით ყოფნა და ბოლო სამხედრო წვრთნები „ზოგისთვის გაფრთხილება, სომხეთის არმიისთვის კი ცხოვრების ნორმა უნდა იყოს“. 

სარგსიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი კვლავაც შეიძენს თანამედროვე შეიარაღებას, „რათა დაიცვას ყველაზე ძვირფასი – თავისი ჯარისკაცების სიცოცხლე“.

„ცდილობენ, შეგვაშინონ, მაგრამ ეს გზა უკვე გავიარეთ. ომი არასოდეს გვდომებია, მაგრამ იძულებული ვიყავით, სამშობლო დაგვეცვა და თუ ამას გვაიძულებენ, ჩვენი დარტყმა გამანადგურებელი და საბოლოო იქნება“, - განაცხადა სარგსიანმა.

ბოლო დღეებში ხმაურიანი განცხადებები ყარაბაღიდანაც კეთდება. 

„მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ძალები მარტო თავდაცვაზე არ არიან ორიენტირებული. კონფლიქტის განახლების შემთხვევაში ჩვენ იქ ვიბრძოლებთ, სადაც საჭიროდ ჩავთვლით“, – განუცხადა რუსულ „რეგნუმს“ მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრმა მოვსეს აკოფიანმა.

აკოფიანის თქმით, არმიის გაძლიერებისთვის მისი ქვეყანა უდიდეს ძალისხმევას იყენებს. „მხოლოდ ასე შეიძლება აიძულო მოწინააღმდეგე, რომ მან ძალის გამოყენებაზე ფიქრი შეწყვიტოს“, – აცხადებს აკოფიანი. მინისტრის აზრით, თუ აზერბაიჯანმა იგრძნო, რომ კონფლიქტის მოგვარება ძალით შეუძლია, მაშინვე მიმართავს ამ მეთოდს.

„უნდა იცოდნენ აზერბაიჯანელებმა, რომ მათ მიერ განხორციელებული დივერსიული ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება“, – ამბობს მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრი.  

ამასობაში ოპოზიციური აზერბაიჯანული გამოცემა ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს აშშ-ს ადმინისტრაციამ ოფიციალურ ბაქოს ულტიმატუმი წაუყენა - თუ ბაქო ყარაბაღის დასაბრუნებლად ომს დაიწყებს, აშშ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას აღიარებს.

ამის შესახებ ინფორმაცია „მუსავატების“ ოპოზიციური პარტიის გამოცემამ „იენი მუსავატმა“ (ახალი მუსავატი) გაავრცელა. თანაც, საიტის ინფორმაციით, თურმე აშშ-მ ეს „მუქარა“ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თინა ქეიდანაუს მეშვეობით გადასცა ალიევის მთავრობას.

„მეტიც, ამერიკელები ფლობენ საიდუმლო ინფორმაციას აზერბაიჯანის ომისათვის მზადების შესახებ“, - წერს სტატიის ავტორი.

ყარაბაღის გარშემო ვითარების შესაძლო ესკალაციით რუსულენოვანი მედიაც აქტიურად ინტერესდება. გამოცემა „ნოვი რეგიონი“ წერს: „ბაქოს ოპოზიციური საიტით გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონმა აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თინა ქეიდანაუს მეშვეობით, ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით ოფიციალური ბაქოს მხრიდან გახშირებულ სამხედრო რიტორიკაზე რეაგირება მოახდინა.

აღსანიშნავია, რომ თინა ქეიდანაუ პოსტზე დანიშვნამდე კოსოვოში აშშ სპეციალურ წარმომადგენელად მუშაობდა და „კოსოვოს სცენარის“ ერთ-ერთ „არქიტექტორად“ ითვლება.

დამკვირვებელთა აზრით, საომარი ხასიათის განცხადებები, რომლებიც ბოლო დროს ბაქოდან ისმის, გამოწვეულია იმით, რომ ამჟამად სომხურ-აზერბაიჯანულ მოლაპარაკებათა დღის წესრიგში ყარაბაღის სტატუსი დგას. აღნიშნული მოლაპარაკებები რუსეთის, აშშ-სა და საფრანგეთის შუამავლობით მიმდინარეობს და მათზე აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა არ განიხილება, ისე როგორც ამას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი მოითხოვს.

თუკი ვაშინგტონის მუქარა რეალურად ახდა, შესაძლოა სამხრეთ კავკასიაში სიტუაცია იმავე სცენარით განვითარდეს, რაც სამხრეთ ოსეთში იყო, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აგრესიის მსხვერპლთა დამხმარებლების როლში აშშ გამოვა. გამორიცხული არ არის, რომ მას ევროკავშირი შეუერთდეს. აქედან გამომდინარე, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების და მთიანი ყარაბაღის ჰიპოთეტური აღიარების შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში აუღიარებელი მხოლოდ ერთი რეგიონი - დნესტრისპირეთი დარჩება,“ - წერს „ნოვი რეგიონი“.