სააკაშვილი გზას დროში და სიგრძეში აცდა

სააკაშვილი გზას დროში და სიგრძეში აცდა

მიხეილ სააკაშვილი თავის საყვარელ თემას, ანუ გზებს ვერ ეშვება, არადა ამ მიმართულებით უკვე სერიოზულ შეცდომებს უშვებს. მაგალითად, ყველასათვის ცნობილია, რომ იმერეთის შემოვლითი გზის განხორციელების იდეაც კი არ არსებობს (საუბრაი აღარ არის ბიუჯეტზე, ხარჯთაღრიცხვაზე, ტენდერზე), პრეზიდენტი კი ყველას არწმუნებს, რომ ერთ წელიწადში საკმაოდ მასშტაბური პროექტი მზად იქნება.

სააკაშვილის თქმით, ზესტაფონიდან მომავალი აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობა 2012 წლის გაზაფხულზე დასრულდება. ეს თავმოსაწონებელი განცხადება, პრეზიდენტმა ქუთაისში, საქართველოს მთავრობის ახალი შენობის გახსნის შემდეგ გააკეთა.

 

სააკაშვილის თქმით, ახალი გზა ზესტაფოს ქუთაისის გავლით სამტრედიასთან დააკავშირებს, შემდეგ კი აჭარაზე გაივლის.  „ეს გზა ჩავა ჩოლოქზე, ჩოლოქიდან ქობულეთზე დაარტყამს წრეს და ბათუმში ჩავა, ბათუმიდან კი - ისევ საზღვრამდე“, - განმარტა პრეზიდენტმა.

 

ამ დროს სრულიად საპირისპიროს გაიძახიან რეგიონალური ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რომელსაც სააკაშვილის ფავორიტი მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ხელმძღვანელობს. მათი ინფორმარციით, იმერეთის შემოვლითი გზის პროექტის ბიუჯეტი და მისი განხორციელების ვადა ჯერჯერობით უცნობია. 

 

„გამომდინარე იქიდან, რომ პროექტის განხორციელება ჯერ არ დაწყებულა და ტენდერიც არ ჩატარებულა, პროექტის ბიუჯეტის და მისი განხორციელების ვადებზე ინფორმაციას არ ვფლობთ“, - აცხადებენ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში და იქვე დასძინეს, რომ იმერეთის შემოვლითი გზის 60 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა-მოდერნიზაციას იაპონიის საერთაშორისო ურთიერთობათა ასოციაცია დააფინანსებს.

 

მარტივად რომ ვთქვათ, აქ საუბრია მხოლოდ ქუთაისის შემოვლით გზაზე, რომელიც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია სააკაშვილის ოცნებებისა. როდესაც ჯერ ამ პატარა მონაკვეთის საკითხიც არ გადაწყვეტია, ძნელი წარმოსადგენია როგორ უნდა მოხდეს მთელი პროექტის განხორციელება სარეკორდო ვადებში.

 

შემოვლითი გზის (ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედია) 60 კმ-იანი მონაკვეთი E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთ სეგმენტს წარმოადგენს.

„პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისში, ზესტაფონსა და სამტრედიაში მოძრაობა განიტვირთება. ახალი გზის გასწვრივ ინფრასტრუქტურაც განვითარდება. აშენდება სავაჭრო ობიექტები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. ამავდროულად ქალაქებში ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება“, - განმარტავენ ნიკოლაიშვილის უწყებაში.

 

მთავრობის დაპირებები გზებთან დაკავშირებით სულ უფრო შორდება რეალობას. მაგალითად, საქართველოზე გამავალი ერთადერთი ავტომაგისტრალი ჯერჯერობით გორამდე ძლივს მივიდა, არადა ნაციონალური მთავრობა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მის მშენებლობას ახორციელებს. სხვათა შორის, იმ მონაკვეთზე, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩაბარდა, გარკვეული სამუშაოები ყვავილოვანი მთავრობის მოსვლამდეც იყო ჩატარებული და ზოგი რამ ნაციონალ მეგზევეებს მზამზარეული დახვდათ.