მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ფასიანი ქაღალდების აუქციონებით კომერციულ ბანკებს სასათბურე პირობები შეუქმნა, ისინი კრიზისს თავს მაინც ვერ აღწევენ. უკვე გამოჩნდა, თუ რომელი ბანკები დაასრულებენ წელს ზარალით, ამ ბანკების სათავში ფრანგული „სოსიეტე ჟენერალის“ შვილობილი „რესპუბლიკა“ იქნება, მეორე ადგილს კი „ტაოპრივატბანკი“ დაიკავებს.
ექსპერტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ლიკვიდობის კოეფიციენტის დაწევის მიუხედავად, ბანკებს არსებული დაბალი მაჩვენებლის დაცვაც უჭირთ. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მესამე კვარტალი რამდენიმე მსხვილმა ბანკმა ზარალით დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანულმა ბანკმა „ეიჩესბისიმ“ მესამე კვარტალი 3,617-მილიონიანი ზარალით დაასრულა, ხოლო შარშან, ამავე პერიოდში 4 მილიონზე მეტი იზარალა. „ვითიბი ბანკის“ ზარალმა 7 მილიონი შეადგინა. 6-მილიონიან ზარალზე გავიდა „ტაო პრივატ ბანკი“, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ამ ბანკმა ზარალი 36 მილიონი ლარით შეამცირა.ზარალის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბანკმა „რესპუბლიკამ“ აჩვენა, თუმცა წინა კვარტალთან შედარებით, „რესპუბლიკას“ მესამე კვარტალში უკეთესი შედეგები აქვს.
ბანკ „რესპუბლიკას“ მენეჯმენტი აცხადებს, რომ მდგომარეობა ბევრად უკეთესია და ბანკი წელს მინიმალური ზარალით დაასრულებს. მისი განცხადებით, რესტრუქტურიზაციის ხარჯზე აქტიურად მიმდინარეობს პრობლემური სესხების მართვა.
„მიზეზი არის კრიზისი. ბევრ კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნათ. ჩვენი მიზანი არ იყო, მაშინვე მათი ლიკვიდაცია მოგვეხდინა. მივმართეთ რესტრუქტურიზაციის რეჟიმს, რომელმაც გაამართლა და ამჯერად მდგომარეობა ბევრად უკეთესია. 2011 წლიდან უკვე სერიოზულ მოგებაზე გავალთ“, - აღნიშნეს „რესპუბლიკაში“.
ექსპერტის ლია ელიავას განცხადებით, საბანკო კრიზისი ისევ გრძელდება, ბანკები მწვავე ფინანსური პრობლემებიდან ჯერ კიდევ ვერ ამოვიდნენ. ამის მიზეზია, არა მარტო დაუბრუნებელი კრედიტები, არამედ ლიკვიდობის პრობლემები. ელიავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლიკვიდობის დასაცავი სავალდებულო კოეფიციენტი დაწია, კომერციულ ბანკებს ასეთი დაბალი მაჩვენებლის დაცვაც უჭირთ.
„საქართველოში საბანკო კრიზისი ისევ გრძელდება ოღონდ ლატენტური, ანუ ფარული ფორმით, რომლის დაფარვას მეტწილად ეროვნული ბანკი უწყობს ხელს. კერძოდ, არ უმხელს საზოგადოებას საბანკო სექტორში არსებულ პრობლემებს. ზოგადად მთელი საბანკო სექტორის არსებობის განმავლობაში, ბანკებს ყოველთვის მოგების დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ. დღესაც კი, როდესაც საბანკო სექტორი ოპერირებს 6 მილიარდი ლარით, კრედიტების სახით მათი მოგება საფინანსო ანგარიშებში გამოიყურება უცნაურად, რომ არა ვთქვათ – საეჭვოდ“, - ამბობს ლია ელიავა.
ექსპერტის თქმით, იმ ბანკებმა, რომლებმაც გასული კვარტალი მოგებით დაასრულეს, მათი ასეთი შედეგი განპირობებული იყო არა საქმიანობის გაუმჯობესებით, არამედ ვადაგადაცილებული სესხების დაბრუნებით.
ლია ელიავა აღნიშნავს, რომ მიმდინარე გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საქართველოს ბანკებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი საერთაშორისო კრედიტებზე, შედეგად მაღალი მოგების მაჩვენებლის მისაღწევად მათ საკრედიტო რესურსი აკლიათ.
„საკრედიტო რესურსის მიუწვდომლობის გამო კომერციულ ბანკებს პრობლემა ექმნებათ, როგორც მოგების სიდიდის, ასევე ეფექტური საქმიანობის თვალსაზრისით და დიდი ალბათობით ეს პროცესი 2011 წელსაც გაგრძელდება“, - ამბობს ლია ელიავა.
ეროვნულ ბანკში კი აცხადებენ, რომ ბანკებს საკრედიტო რესურსების პრობლემა არ აქვთ. რაც შეეხება მოგებას, მესამე კვარტალში ყველაზე მომგებიანი ბანკების ლიდერი „საქართველოს ბანკია“, რომელმაც - 93 მილიონი ლარის მოგება მიიღო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბანკმა მოგება 83 მილიონი ლარით გაზარდა.
მეორე პოზიციაზე „თიბისი ბანკია“ თითქმის 30-მილიონიანი მოგებით. მომგებიან ბანკებს შორის მესამე „პროკრედიტ ბანკი საქართველოა“ - 12 მილიონი ლარით. „პროკრედიტმა“ გასული წლის შემდეგ მოგების გაორმაგება მოახერხა. მეოთხე ადგილზე - ბანკი „ქართუ“ (9,5 მილიონი), ხოლო მეხუთე ადგილზე „ლიბერთი ბანკი“ გავიდა (1, 9 მილიონი).
საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 - უცხოური ბანკის ფილიალით.