ტელევიზიების რეალური მფლობელების გამოსააშკარავებლად მომზადებული ორი კანონპროექტიდან ერთზე – ხელისუფლების მიერ მომზადებულზე, კონსტიტუციური სამართლის პროფესორი ვახტანგ ხმალაძე, რომელიც ამავდროულად არის ჟურნალისტებისა და მედია–ექსპერტებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის წევრი, პრესა.გე–სთან საუბრისას ამბობს, რომ ეს არის ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა და მეტი არაფერი.
რა არის ხელისუფლების მიერ წარდგენილი კანონპროექტის მთავარი ნაკლი?
ვახტანგ ხმალაძე: საკუთრების გამჭვირვალობის ნაწილში ყველაფერი იდეალურად, რომ ყოფილიყო გაკეთებული, ეს საკმარისი არ იქნებოდა იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის გამჭვირვალე ყოფილიყო მაუწყებლის საკუთრების საკითხი, რადგან ამ 4 დეპუტატის მიერ წარდგენილ კანონპროექტში არაფერია ნათქვამი მაუწყებელთა ფინანსურ გამჭვირვალობაზე.
ამასთან, ის, რაც მათ წარადგინეს, არის უაღრესად ნაკლოვანი და გარწმუნებთ, რომ ამის მიღებით, არსებულ ვითარებაში არაფერი გაუმჯობესდება, რადგან წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, მაუწყებლის საკუთრების 10% შესაძლებელია ეკუთვნოდეს ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ იურიდიულ პირს და შესაბამისად, ამ იურიდიული პირის შესახებ, არავის არაფერი გვეცოდინება – ვინ დგას მათ უკან, ვინ არიან ისინი, როგორია მათი ფინანსების წარმომავლობა, ხომ არ არის მათი ფინანსები და ფინანსების წყარო ნარკობიზნესი, ტრეფიკინგი, იარაღით ვაჭრობა; ხომ არ არის ეს უცხო სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოსადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ფული; ხომ არ არის ეს საქართველოში მოქმედი რომელიმე პოლიტიკური პარტიის ფული.
ეს ყველაფერი ძალიან სახიფათოა, რადგან მოგეხსენებათ, მაუწყებლობა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე საკმაოდ სერიოზულ გავლენას ახდენს.
კანონპროექტის ერთ–ერთი ავტორი ამბობს, რომ 10%–იანი წილის ფლობა მაუწყებლის მართვის საშუალებას არ იძლევაო...
– ბატონ კუბლაშვილს ვერანაირად ვერ დავეთანხმები, რადგან სავსებით შესაძლებელია, რომ ამ 10%–ის პარალელურად, სხვა მესაკუთრის – ერთის, ან რამდენიმეს წილი იყოს ვთქვათ, 40%–ზე მეტი. ანუ ჯამურად ერთი ჯგუფის წილი აღმოჩნდეს 50%–ზე მეტი, რეალური დაფინანსება მოდიოდეს სწორედ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირისგან და სწორედ ამიტომ, ის ახდენდეს რეალურ გავლენას მაუწყებლის პოლიტიკაზე და მაუწყებლის საქმიანობაზე.
რატომ ჩადეს კანონპროექტში ამგვარი ფორმულირება, ოფშორის შესახებ?
– შედეგიდან გამომდინარე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია – დღეს შესაძლებელია მთლიანად ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულს ეკუთვნოდეს ეს საკუთრება. ამაზე კარგა ხანია დიდი ხმაურია ატეხილი – უკმაყოფილება ქართულ საზოგადოებაშიც არის და საერთაშორისო წრეებშიც; გარდა ამისა, ხელისუფლებისთვის ცნობილია, რომ ერთმა ჯგუფმა მოამზადა სათანადო კანონპროექტები, რათა ეს საკითხი გადაიჭრას და იმისთვის რომ ხელისუფლებას მოეხდინა დემონსტრირება – ჩვენ თვითონ მივდივართ გამჭვირვალობაზე, ჩვენ თვითონ ვითხოვთ ცნობილი გახდეს ვინ არიან ტელევიზიების მფლობელებიო.
მათ მიერ წარმოდგენილი პროექტი მედიაგამჭვირვალეობის შესახებ, რეალურად არის თვალში ნაცრის შეყრა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – არა აქვს მნიშვნელობა, მთლიანად ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულს ექნება მთელი საკუთრება, თუ ამ საკუთრების ნაწილი, რადგან ეს ისეთი ხვრელია, რომ ათ პროცენტს დაწერ, ხუთ პროცენტს თუ სამს, ამით რეალურად ვითარება არ შეიცვლება, რადგან სწორედ ამ ერთი შეხედვით მცირე საკუთრებიდან შეიძლება მოხდეს ყველაფერი ის ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც საკუთრება მთლიანად ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულს ეკუთვნის.
გამოსავალს რაში ხედავთ?
– ჩვენ არა ერთხელ ვყოფილვართ იმის მოწმე, როდესაც გიხდება იმის მტკიცება, რომ ორჯერ ორი არის ოთხი; ასეთ დროს პასუხად ვღებულობთ იმას, რომ ორჯერ ორი არ არის ოთხი. ამ კონკრეტულ ფაქტზე მთელმა საზოგადოებამ ძლიერი ზემოქმედება უნდა მოახდინოს, ისეთი ცვლილებები მოითხოვოს, რაც რეალურად გვჭირდება. სხვანაირად ვერ ვხედავ შანსს, რომ ხელისუფლებამ მართლაც გახსნას საკუთრება და ფინანსური საქმიანობა გამჭვირვალე გახადოს.
კონკრეტულად როგორ წარმოგიდგენიათ ხელისუფლებაზე ზემოქმედება?
– უპირველსად მედიის საშუალებით – პრესით, რადიოთი და იმ ტელევიზიით, რომელზეც საზოგადოებას ხელი მიუწვდება. რა ვიცი, ყველანაირი გზა შეიძლება იყოს; ვთქვათ, მოთხოვნები პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ანუ ყველა ის მექანიზმი, რასაც კანონი უშვებს, უნდა გამოვიყენოთ.
თუ ასეთი ზემოქმედება არ მოხდება და საზოგადოება ისეთივე ინერტულ დამოკიდებულებას გამოხატავს, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში მოხდა, მაშინ ალბათობა იმისა, რომ რაიმეს მივაღწევთ, იქნება ძალიან მცირე. რასაკვირველია, მნიშვნელობა ექნება საერთაშორისო საზოგადოების ზემოქმედებასაც.
ჩვენმა საინიციატივო ჯგუფმა კონფერენცია გამართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა. იქ იყვნენ ელჩები, ან ელჩების მოადგილეები და ჩვენ მათ ეს გავაცანით.
და რა თქვეს ელჩებმა, შეუძლიათ დახმარება?
– ელჩები ამას პირდაპირ არასდროს ამბობენ. არსებობს ზემოქმედების პირდაპირი და ირიბი საშუალებები – რჩევები, რომ სასურველია ასე იყოს; ეს არის შეფასება იმისა, რაც არის და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ არის – ჩვენ ხელს გვიწყობს ის რეკომენდაციები, რომლებიც არსებობს, ევროსაბჭოს და ევროკავშირის დონეზე. ჩვენ ევროკავშირის წევრი არა ვართ, მაგრამ ხომ ვამბობთ, რომ ევროკავშირისკენ ვისწრაფვით?! ამიტომ კეთილი უნდა ვინებოთ და ეს რეკომენდაციები შევასრულოთ.
ასევე ჩვენ ვართ ევროსაბჭოს წევრი და მათი რეკომენდაციები უნდა შევასრულოთ. ზემოქმედება ალბათ, ერთბაშად, ძალიან სწრაფად არ მოხდება, მაგრამ იმისათვის რომ მოხდეს, ყველა მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ.