გიორგი აბაშიძე ესპანეთში დააკავეს

გიორგი აბაშიძე ესპანეთში დააკავეს

ბათუმის მერის, გიორგი აბაშიძის გარშემო ბოლო დროს ბევრი ტყუილ-მართალი გავრცელდა. სხვადასხვა წყაროები ამბობდნენ, რომ ასლან აბაშიძის ერთადერთი ვაჟი შიდსით იყო დაავადებული, ამბობდნენ იმასაც, თითქოს ბათუმის მერი ნარკოტიკების მომხმარებელიც იყო.

გავრცელებული ინფორმაციებიდან, რა თქმა უნდა, ბევრი გამოგონილი იყო, აჭარაში ყველა უარყოფდა გიორგი აბაშიძის გარშემო აგორებულ ამბებს - ცენტრის მორიგ ბინძურ დაკვეთად მიიჩნევდნენ.

ასლან აბაშიძის ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციებს კვლავაც გრიფი „საიდუმლო“ ადევს. ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ იგი აბაშიძეების ოჯახის დადებით მხარეს ეხება, დანარჩენი ინფორმაცია აჭარაში იბლოკება.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ორი დღის წინ გიორგი აბაშიძე საზღვარგარეთ, სავარაუდოდ, ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე დაუკავებიათ და დღემდე ბატონ ასლანს მისი გამოხსნა ვერ მოუხერხებია.

ბათუმის მერის პრესმდივნის განცხადებით, გიორგი აბაშიძე ამჟამად ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. მისი ინფორმაციით, ამ წუთებში უმცროსი აბაშიძე ლუჟკოვის მიწვევით რუსეთის დედაქალაქშია და მას ორი დღის წინ პირადად ესაუბრა.

გიორგი აბაშიძის ადგილსამყოფელის შესახებ სხვა ინფორმაცია აქვს ცოტნე ბაკურიას. ასლან აბაშიძის მარჯვენა ხელი აცხადებს, რომ გიორგი აბაშიძე ბათუმშია. ყოველ შემთხვევაში, მან ასე იცის.

სხვა ინფორმაციით, გიორგი აბაშიძე ახლახან საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნდა და ისევ საზღვარგარეთ გაემგზავრა.

ინფორმაციის დაზუსტებაზე რამდენიმე „ამღორძინებელმა“ თავი შეიკავა - შარის თავი არ გვაქვს, ეჭვი ჩვენზე არ აიღონო.

ოფიციალური ბათუმი ხშირად უარყოფდა ასლან აბაშიძის საზღვარგარეთ ვიზიტის ადგილებს და როცა „ალია“ ამ გასვლების შესახებ კულუარულად იგებდა და წერდა, აბაშიძის „კარისკაცები“ ამ ინფორმაციას ჭორს უწოდებდნენ.

რამდენიმე თვის წინ ასლან აბაშიძე და მისი შვილი ამერიკაში იმყოფებოდნენ. მიზეზი წარმოშობით ბათუმელი, ამჯერად რუსეთის მოქალაქის კოსმოსში გაფრენის სამზადისი გახდა. მამა-შვილი აბაშიძეები ამერიკაში ცერემონიაზე დასასწრებად წავიდნენ.

თავიდან ინფორმაციას აჭარის და „აღორძინების“ ყველა ოფიციალური პირი უარყოფდა - საიდან მოიტანეთ, რა სისულელეს ამბობთო, თუმცა მოგვიანებით, აჭარის ტელევიზიით აბაშიძეების ამერიკული მოგზაურობის შესახებ სიუჟეტიც კი გაუშვეს.

კიდევ ერთი ფაქტი - ასლან აბაშიძე სამოგზაუროდ თურქეთის გავლით იტალიაში იყო წასული, მაგრამ რატომღაც, ამ ინფორმაციას ყველა მალავდა და ამბობდა, რომ აბაშიძე იტალიაში კი არა, მოსკოვში იმყოფებოდა სამუშაო ვიზიტით. მოგვიანებით ასევე ტელევიზიით უჩვენებენ სიუჟეტს, როგორ ხვდება ბათუმის აეროპორტში აჭარის ლიდერს წარმომადგენლობითი ამალა და ამბობენ, რომ აჭარის ლიდერი იტალიიდან დაბრუნდა.

ასეთივე ისტორია განმეორდა, როცა ასლან აბაშიძე საზღვარგარეთ სამკურნალოდ იყო წასული. მაშინაც ინფორმაცია დაიბლოკა.

უკვე რამდენიმე წელია, ასლან აბაშიძე მუდმივი შიშის ქვეშ იმყოფება, აჭარის ლიდერის განცხადებით, ცენტრს მისი მოკვლა აქვს გადაწყვეტილი. გადაადგილების მარშრუტს და ქვეყნის დასახელებასაც შესაძლოა ამიტომაც ასაიდუმლოებდეს ბატონი ასლანი.

ასე რომ, არავინ იცის, რა ხდება სინამდვილეში გიორგი აბაშიძის თავს. რა თქმა უნდა, ცუდია, თუ მას უცხოელ სამართალდამცავებთან პრობლემები შეექმნა.