გურამ შარაძე ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ

გურამ შარაძე ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ

გურამ შარაძე ამჯერად პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს დაუპირისპირდა და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებს.

ამის მიზეზი, „მრეწველი“ პარლამენტარის განცხადებით, ბურჯანაძის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებია. ეს რომ ჟურნალისტებისთვის ეცნობებინა, პარლამენტარმა გუშინ პრესკონფერენცია მოიწვია და აღნიშნა, რომ ბიუროს სხდომაზე ბურჯანაძემ მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა.

როგორც გაირკვა, შარაძეს ბიუროს სხდომაზე თბილისის მერის არჩევითობის პრინციპის დამკვიდრებასა და პარლამენტის სხდომების ტრანსლაციის აკრძალვის წინააღმდეგ უნდა ესაუბრა. მისი თქმით, პარლამენტის რღვევა და საკანონმდებლო ორგანოში ბაკქანალია ბურჯანაძის სპიკერად არჩევის შემდეგ დაიწყო.

„ბიუროს სხდომაზე 2 მნიშვნელოვან საკითხზე უნდა მესაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვა არ მომცა. ამას ვაპატიებ ბურჯანაძეს? ნინო ბურჯანაძემ ქართველებს ეროვნება წაართვა. როცა პარლამენტმა პირადობის მოწმობიდან ეროვნული რეკვიზიტის ამოღების საკითხი დაამტკიცა, მაშინ ბურჯანაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მან შექმნა ეს კანონი და შემდეგ კბილებით დაიცვა.

მე სტრასბურგშიც კი არ მიშვებენ, რომ საქართველო თურქი-მესხებისა და იეღოველების შემოსევისაგან დავიცვა,“ - აღშფოთებულია შარაძე.

პარლამენტარის გაღიზიანება რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონის მიუღებლობამ გამოიწვია. მისი თქმით, „რელიგიის შესახებ“ კანონისა და „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის მიღება პარლამენტში შეგნებულად ჭიანურდება. შარაძე ირწმუნება, რომ საქართველოში საპარლამენტო ცხოვრების კულტურა არ არსებობს.

„ქალბატონ ნინოს აღარ აქვს ეროვნული პოზიცია. საქართველოში აღარ არსებობს საპარლამენტო ცხოვრების კულტურა. სპიკერი ანტიეროვნულ საქმიანობას ეწევა. ბურჯანაძე არის პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას დაუძინებელი მოძულე. ის ამას არც მალავს და, პირიქით, ამით ამაყობს კიდეც.“ - აღნიშნავს შარაძე.

უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა კომისიის თავმჯდომარე პარლამენტის მანდატურის გაუქმების ინიციატივითაც გამოდის. მანდატურის სამსახური საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კიდევ ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობის დროს შეიქმნა. მათ სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვა და დეპუტატთა დასწრების უზრუნველყოფა ევალებათ. შარაძის განცხადებით, ისინი თავიანთ მოვალეობას არ ასრულებენ. დეპუტატი პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანას მოითხოვს.