ვინ არის პასუხისმგებელი ბიუჯეტის „უპასუხისმგებლო“ პროექტზე?

ვინ არის პასუხისმგებელი ბიუჯეტის „უპასუხისმგებლო“ პროექტზე?

საქართველოს 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი მთავრობამ პარლამენტში უკვე შეიტანა და ის 15 ნოემბერს შენიშვნებითურთ მთავრობას ისევ უკან გადაეგზავნება. ბიუჯეტის პროექტს უმრავლესობაში კრიტიკა არ დაუმსახურებია, თუმცა ოპოზიციამ, როგორც საპარლამენტომ, ასევე არასაპარლამენტომ მას „უპასუხისმგებლო“ უწოდა. გაითვალისწინებს თუ არა მთავრობა ოპოზიციის შენიშვნებს, ეს მაშინ გაირკვევა, როდესაც ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს დაუბრუნდება.

 

2011 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში გასულ კვირას შევიდა და ბიუჯეტი 7 მილიარდ  088 მილიონ ლარს შეადგენს. ხელისუფლების მტკიცებით, მომავალი წლის ბიუჯეტი, წლევანდელთან შედარებით, 20 მილიონი ლარით იზრდება, თუმცა „თავისუფალი დემოკრატები“ მთავრობას მათემატიკის ცოდნას უწუნებენ და არგუმენტად თავად პროექტს ასახელებენ, რომლის მიხედვით, მომავალ წელს დაგეგმილი შემოსავლები წლევანდელზე ნაკლებია. ამასთან, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობა 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის.

 

პროექტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს 2011 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 570 მილიონით განისაზღვრა. ჯანდაცვის მინისტრის სანდრო ურუშაძის თქმით, 2011 წელს სამინისტრო საბიუჯეტო სახსრების გარდა, ასევე დონორებისგან დახმარებას მიიღებს და ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის საერთო მაჩვენებელი 1 მილიარდ 604 მილიონი ლარით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ აქედან 230 მილიონი სოცილურად დაუცველ ფენების დახმარებისთვის გამოიყოფა. ამ კატეგორიაში საქართველოს ოკუპირებული

ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობაც შედის.

 

მომავალი წელს მთავრობისთვის ასევე პრიორიტეტულია ტურისტული

ინფრასტრუქტურა, რომლის განვითარებისთვისაც 240 მილიონ ლარი გამოიყოფა. როგორც ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა ბათუმში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 135 მილიონი ლარი დაიხარჯება, მესტიაში კი გზების ჩათვლით - 76.5 მილიონი ლარი, ზოლო ანაკლიის ტურისტული ზონის განსავითარებლად - 33.5 მილიონი ლარი დაიხარჯება. 

 

აღსანიშნავის ისიც, რომ მომავალ წელს იზრდება ტრანსფერების რაოდენობა, თუმცა მხოლოდ თბილისისა და ბათუმისთვის. ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტში ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმარველი ერთეულებისთვის გადასაცემი ტრანსფერი 786 954.6 ათასი ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა გადამუშავებულ ვარიანტში ეს თანხა 842 554.6 ათას ლარამდე გაიზარდა.

 

ტრანსფერების გაზრდილი ოდენობა მხოლოდ დედაქალაქს და ბათუმს ეხება. კერძოდ, თვითმმართველი ქალაქი თბილისის ტრანსფერი 391, 400.0 ათასი ლარი უნდა ყოფილიყო, ახლა კი ეს თანხა 440, 000. 0 ათასი ლარი გახდა.  თბილისისთვის 48, 600. 0 ათასი ლარით სპეციალური ტრანსფერი გაიზარდა. რაც შეეხება ბათუმს, ბათუმის ტრანსფერი 150 მილიონი ლარიდან 157 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 

 

რაც შეეხება საბიუჯეტო დეფიციტს, მომავალი წლისათვის საბიუჯეტო დეფიციტი 4,3%-ით განისაზღვრება, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2%-ით ნაკლებია. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი აცხადებს, ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლის კლება მომდევნო წლებისთვისაც გაგრძელდება და უკვე 2012 წლისთვის იგი 3%-ს მიაღწევს, რაც, მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე პირდაპირ აისახება.

 

პეტრიაშვილის ინფორმაციით, 2011 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-ით არის განსაზღვრული და ქვეყნის შიდა პროდუქტი 20 მლრდ-დან 22.8 მლრდ ლარამდე გაიზრდება. ამასთან, ქვეყნის შიდა პროდუქტში სახელმწიფოს წილი მცირდება და იზრდება კერძო კომერციული აქტივები.

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საგადასახადო შემოსავლები მომავალი წლიდან 770 მლნ. ლარით იზრდება და მთელი ეს თანხა ეკონომიკის სტიმულირებასა და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას მოხმარდება.

 

მომავალი წლის ბიუჯეტში ისევ გაგრძელდება „ქამრების მოჭერის“ პოლიტიკა, ყოველ შემთხვევაში, როგორც ქვეყნის პირველი ფინანსისტი ბაინდურაშვილი აცხადებს, 2011 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასები არც ერთი თეთრით არ გაიზრდება. მეტიც, მომავალ წელს ვერც ერთი ორგანიზაცია ვერ შეძლება ახალი ავტომობილის შეძენასაც. „ბიუროკრატიულ მადას ვკვეცავთ“, - დასძინა ბაინდურაშვილმა. 

 

თუმცა, ფინანსთა მინისტრის მტკიცების მიუხედავად მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში რიგ საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავეთა რიცხოვნობა წლევანდელთან შედარებით იგივე რჩება, მაგრამ შრომის ანაზღაურების მუხლში თანხები მცირედით, მაგრამ მაინც მატულობს.

 

ამასთან, იგივე ბაინდურაშვილის მტკიცებით, მომავალ წელს შემცირდება სესხებზე დამოკიდებულებაც. კახა ბაინდურაშვილის თქმით, 2008 წელი საქართველოსთვის იყო ეკონომიკური კრიზისის წელი, 2009 წელს კი ქვეყანა აგრესიულ ფისკალურ სტიმულირებაზე გადავიდა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ამის შემდეგ უკვე საჭირო იყო სტაბილიზაცია, რაც 2010 წლის ბიუჯეტში იყო გამოხატული, 2011 წელს კი შემცირდება სესხებზე დამოკიდებულება, ამიტომ დამატებით შემოსავლებს ქვეყანა დეფიციტის ჩასაქრობად მიმართავს. 

 

კახა ბაინდურაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ სულ არის 750 მილიონი ლარის ოდენობის ჭარბი საგადასახადო შემოსავალი, საიდანაც მხოლოდ 100 მილიონი მიიმართება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში, ხოლო 650 მილიონი კი სესხებს ჩაანაცვლებს. 

 

ბიუჯეტის პროექტი დღეს მთავრობას ისევ უკან გადაეგზავნება. მანამდე კი მასთან დაკავშირებით არაერთი კრიტიკა გამოითქვა. ექსპერტების, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან. მაგალითად, ირაკლი ალასანიას პარტიამ „თავისუფალი დემოკრატები“ 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკად აფასებენ. მათი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი გასულ წელთან შედარებით, 80 მილიონი ლარითაა შემცირებული. ამავე დროს, ბიუჯეტის გადასახადების ნაწილი 14%-თაა გაზრდილი. აქედან გამომდინარე, მომავალ წელს ბიუჯეტის სეკვესტრია მოსალოდნელი.

 

როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობის წევრმა დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, ბიუჯეტის ახალ ვარიანტში არ იზრდება

პენსიების ოდენობა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების დახმარება, მაშინ როდესაც საქართველოში უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანების რიცხვმა 1 მილიონ რვაასი ათასს გადააჭარბა.

 

დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ გაუმჭვირვალეა 900 მილიონი, ე.წ „სხვა ხარჯები“, რომელიც არავინ იცის, რაში დაიხარჯება. ეს მაშინ როდესაც 42 მილიონით მცირდება ჯანმრთელობის დაცვის ხარჯები.

 

„თავისუფალი დემოკრატების“ თქმით, სახელმწიფო პრაქტიკულად უარს ამბობს 5-60 წლამდე მოსახლეობის გარანტირებულ სამედიცინო დახმარებით მომსახურებაზე. არ დაფინანსდება ამ კონტინგენტისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ინფექციურ ონკლოგიურ და გულის დაავადებათა მკურნალობა.

 

ბიუჯეტი კვლავაც თავს არიდებს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას, როგორიცაა ქართული ენის პროგრამა, ნიჭიერი ბავშვვების და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა, განათლების დაფინანსება შემცირებულია 24 მილიონი ლარით, ხოლო მოსახლეობის სოციალური დახმარება 83 მილიონი ლარით.