მთავრობის გადაწყვეტილებით 2011 წელს „საქართველოს რკინიგზა“ ბიუჯეტში დივიდენდებს არ გადაიხდის. ამის შესახებ 2011 წლის ბიუჯეტის პროექტში, მთავრობის განმარტებებშია ნათქვამი. არგუმენტად კი ინვესტორების მოზიდვა სახელდება. ექსპერტებისთვის ეს არგუმენტი მისაღებია, თუმცა, მათთვის კითხვის ნიშნებს აჩენს ის საკითხი, თუ ეს თანხა რეალურად რას მოხმარდება.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად არანაირი განმარტება არ გაკეთებულა და ცნობილი მხოლოდ ბიუჯეტის პროექტიდან გახდა. ბიუჯეტის პროექტთან მიმართებაში, კონტროლის პალატა დაინტერესდა, თუ რატომ არ მოხდა ბიუჯეტის პროექტში ეროვნული ბანკის მოგებისა და რკინიგზის დივიდენდების გათვალისწინება.
მათივე შეფასებით, საკუთრებიდან მისაღები შემოსავლების მოცულობის კლების არსებული ტენდეციის პირობებში, საპროგნოზო მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით, 81.6 მილიონი ლარით არის შემცირებული. მთავრობის განმარტებით კი, ეროვნული ბანკის მოგებიდან მისაღები 10 მილიონი ლარი კორექტირებულ ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია და თუ პროგნოზი შეიცვალა, ეს მაჩვენებელიც პროექტის დამტკიცებამდე შეიცვლება.
რაც შეეხება რკინიგზას, პროექტში ნათქვამია, რომ რკინიგზამ მიმდინარე წელს მსხვილი ინვესტიციური პროექტები დაიწყო, მათ შორის, თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა. სხვადასხვა ინვესტორებთან არსებული შეთანხმებების შესაბამისად კი, როგორც მთავრობა განმარტავს, „საქართველოს რკინიგზა“ 2011 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დივიდენდენდებს არ გადაიხდის.
საპარლამენტო ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენს: „ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, ეს არგუმენტი, რომ შეღავათი ინვესტიციების მოზიდვას მიზნით კეთდება, გასაგები იქნებოდა. მაგრამ ნუ გვავიწყდება, რომ საქართველოში ვართ. როდესაც მეწარმეებს მინიმალური გადასახადის გადაუხდელობის გამოც კი იჭერენ, რომ რამენაირად ბიუჯეტი შეავსონ, რკინიგზიდან ფულის მიღებაზე უარის თქმა, ცოტა არ იყოს, გაუგებარია,“ - აცხადებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი.
იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ „თუ ამ გადაწყვეტილების მიღება რეალურად იმიტომ მოხდა, რომ ინვესტიციები მოიზიდონ, რა თქმა უნდა, პრობლემა არ იქნება, მაგრამ ინვესტიციების მოზიდვისთვის ცოტა ხნის წინ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა, როდესაც რკინიგზას ობლიგაციების გამოშვების უფლება მისცეს. ამიტომ ჯერ ის უნდა ვიცოდეთ, ამ გადაწყვეტილებას რა შედეგი მოჰყვა, მოხდა თუ არა ინვესტიციების მოზიდვა და მერე ვილაპარაკოთ იმაზე, ახალი შეღავათები კიდევ არის თუ არა საჭირო.“
დეპუტატი ეჭვობს, რომ ეს თანხა, შესაძლოა, ისევ შიდა ხელფასების გაზრდას მოხმარდეს, რაც მისი თქმით, თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ „ეს არ იქნება იმ გადაწყვეტილების ადეკვატური სარგებელი, რომ ბიუჯეტში თანხა არ შევიდეს“.
„მრეწველების“ ლიდერი ზურაბ ტყემალაძე კი მიიჩნევს, რომ „ეს არის ფულის ერთი ჯიბიდან მეორეში გადატანა და ამით არაფერი არ შეიცვლება.“
„მარტივად რომ ვთქვათ, დივიდენდი არის მოგება და მოგება ეკუთვნის კომპანიის მფლობელს. რკინიგზის მფლობელი კი არის სახელმწიფო და მოგება ისედაც სახელმწიფოს ჯიბეში, ანუ ბიუჯეტში უნდა მიდიოდეს. ამიტომ თუკი ამ მოგებაზე უარს ამბობს და უნდა, რომ ამით ინვესტიციების მოზიდვა მოხდეს თუ ისევ საწარმოს რეინვესტირებას მოხმარდეს, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამით არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ რაღაც თანხის ხარჯვის გაკონტროლება უფრო გართულდება,“ - აცხადებს ტყემალაძე.
მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი კი განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ ინვესტიციების მოსაზიდად იქნა მიღებული და იმედოვნებს, რომ ხელს შეუწყობს ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას.
„მთავრობის ინტერესია, რომ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა მოხდეს და ეს ახალი ამბავი არ არის. წლების განმავლობაში ამის დამადასტურებელი არაერთი ნაბიჯი იქნა გადადგმული. ამიტომაც ძალიან მიკვირს, ამაში ეჭვი რატომ უნდა შეიტანონ. ინვესტიციები რომ შემოვა, ეს ეკონომიკურ ზრდას ხომ შეუწყობს ხელს და იგივე ბიუჯეტში, უფრო მეტი თანხა არ შევა? რაც მთავარია, ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ეს მოიზიდავს უფრო მეტ ინვესტიციას, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას,“ - აცხადებს ხუროშვილი.