„ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატების “ ლიდერი ირაკლი ალასანია კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის პრეს კლუბს 11 ნოემბერს სტუმრობდა. მეორე დღეს კი იგი ვაშინგტონში გაემგზავრა. ჟურნალისტებთან შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ალასანია პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა, რასაც მალე, საარჩევნო გარემოს ცვლილბასთან დაკავშირებით, პარლამენტში ხელისუფლების წარმომადგენლებისა და 8 ოპოზიციური პარტიის შეხვედრა მოჰყვა. ბუნებრივია, ყველა ეს პროცესი მოექცა მედის ყურადღების ცენტრში.
ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბარიც იმით დაიწყო, რომ 8 პარტის მიზანია ქვეყანაში უზრუნველყონ სამართლიანი არჩევნები, მიეცეს თითოეულ მოქალაქეს არჩევანის გარანტირებული უფლება და ამ ბრძოლას არცერთი ოპოზიციური ძალა არ უნდა გამოაკლდეს.
როცა ყველა ოპოზიციურ ძალაზე საუბრობთ, შეგახსენებთ, რომ დღევანდელმა საპარლამენტი ოპოზიციამ 2008 წელს იმ არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინა, რომლებსაც დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი არალეგიტიმურად მიიჩნევს. გაქვთ თუ არა გარანტია, რომ ეს ძალები დღესაც იგივე როლს, ანუ ხელისუფლების თამაშს არ ითამაშენებ?
– გარანტიებზე ლაპარაკი დღეს არასწორი და წინდაუხედაობა იქნება. თუ 20–წლიან ისტორიას თვალს გადავავლებთ, საქართველოში ძნელად მოიპოვება ისეთი პოლიტიკური ძალა, ვისაც გარკვეულ ეტაპზე რაღაც შეცდომა არ დაუშვია. ძნელია ვიპოვოთ პოლიტიკაში დიმიტრი გელოვანები, დღეს ეს არის მოცემულობა, ეს არის ქართული პოლიტიკური სპექტრი. ჩვენ, 8 პოლიტიკურმა პარტიამ შევძელით, რომ ნდობით, ახალი პოლიტიკური ნებით მივუდექით საკითხს. წარსულში რაც იყო, საზოგადოებამ თვითონ შეაფასოს, მაგრამ თუ ჩვენ, საზოგადოებაში და პოლიტიკურ ძალებში უნდობლობა დავამკვიდრეთ, ახალ პროცესს ვერ გავაჩენთ. ჩვენ ერთმანეთს უნდა ვენდოთ, რომ დავიწყოთ ახალი სამართლიანი გარემოს შექმნა და დავიწყოთ ახალი სიცოცხლის შექმნა ქვეყანაში.
მთელი ამ ხნის განმავლობაში მოვლენები ისე ვითარდებოდა, რომ დაწყებული მოქალაქეებიდან, დამთავრებული პოლიტიკური ორგანიზაციებით, ყველას უპერსპექტივობის განცდა გაუჩნდა. ამის გადალახვა და გადაბიჯება ის სწორი ნაბიჯია, რაც გაკეთდა და ამიტომ მაქვს იმედი, რომ პოლიტიკური ძალები ასეთივე პოლიტიკური, კეთილი ნებით გავაგრძელებთ საარჩევნო გარემოს თვისობრივად შეცვლას.
მოლაპარაკებებზე მივდივართ ჩვენი 6 კონკრეტული შეთავაზებით, მაგრამ ღია ვართ, რომ განვიხილოთ ხელისუფლების თუ სხვა პოლიტიკური ძალების შემოთავაზებები და მთლიანად შევცვალოთ საარჩევნო გარემო, რა თქმა უნდა გონივრულ ვადებში.
აცხადებთ, რომ კომპრომისებისთვის მზად ხართ, ამ კომპრომისებში გულისხმობთ თუ არა იმ 6 ძირითადი საკითხიდან რომელიმეს დათმობას?
– მოლაპარაკებების წინ ვერავინ ვერ გეტყვით რა არის ისეთი საკითხი, რომელზეც კომპრომისზე ვერ წავლენ. არამხოლოდ 6 საკითხი, არამედ მთელი კოდექსი არის ღია და არ არის ისეთი საკითხი, რომლის წინაპირობას ან ჩვენ, ან ხელისუფლება აყენებდეს, რომ ამას არ შევეხოთ. ასე რომ, ჩვენს არგუმენტებზე და კომპეტენტურობაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად დავარწმუნებთ ერთმანეთს რომელი ვარიანტია უკეთესი. რაც მთავარია, ეს ყველაფერი არ იქნება საზოგადოებითვის დაფარული და საზოგადოება მუდმივად იქნება ინფორმირებული ჩვენს მიერ და იმ წარმომადგენლების მიერ, რომელიც საზოგადოებრივ სექტორს ეყოლება მოლაპარაკებების პროცესში.
ხელისუფლებასთან გქონდათ თუ არა საუბარი იმაზე, რა ფორმით მოხდება გადაწყვეტილებების მიღება?
– ამაზე საკმაოდ ხანგრძლივი დებატები გვქონდა. პირველი კონსესუსი შედგა, რომ ყველა მხარეს შორის სრული კონსენსუსი თუ შედგება, ის საკითხი მიღებულია და ამას დიდი მსჯელობა არ სჭირდება. მაგრამ, 17 ნოემბრისთვის მომზადდება ვარიანტები იმ შემთხვევისთვის, თუ კონსესუსი ვერ მიიღება, მაშინ რა ფორმით გადის საკითხი.
საზოგადოების ნაწილი მოლაპარაკებების პროცესს და მითუმეტეს – შედეგს, სკეპტიკურად უყურებს. თუ მოლაპარაკებები არ წარიმართა ისე, როგორი მოლოდინიც თქვენ გაქვთ, გაქვთ თუ არა ალტერნატიული სტრატეგია შემუშავებული?
– ყველა კარგი წამოწყება მისასალმებელია და მგონია, საზოგადოების ნაწილი ამ პროცესს მხარს უჭერს. ეს არის ის განწყობა, რაც მე დავინახე არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში. მოქალაქეებს ერთი რამ აინტერესებს, რამდენად დაცული იქნებიან და რამდენად გარანტირებული იქნება მათი თავისუფალი არჩევანი. რა თქმა უნდა, ისინი კარგსა და ცუდს არჩევენ, მაგრამ სისტემის მიმართ აქვთ უნდობლობა. ეს უნდობლობა რომ მოიხსნას, ლოგიკურია, ჯერ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება და დავდოთ ახალ სისტემაზე შეთანხმება.
ჯერჯერობით, ყველაფერი სწორად მიდის, მაგრამ მე არ მინდა ზედმეტად ავუმაღლო ვიღაცას მოლოდინი. მოლაპარაკების პროცესი დაიწყო, ეს არის პირველი და კარგი ნაბიჯი, მაგრამ მოლაპარაკების შედეგებზე შემდეგ ვიმსჯელებთ. 8 პოლიტიკური ძალა კეთილი პოლიტიკური ნებით და კონკრეტული კომპეტენტური შეთავაზებით არის მისული. ახლა ვნახოთ, რას მოიტანს ხელისუფლება და სხვა პოლიტიკური ძალები. ამის შემდეგ, საზოგადოებას თავად ექნება შეფასების საშუალება სწორად წარიმართა თუ არა პროცესი. ამიტომ, მოლოდინი წინასწარ არავის უნდა ავუმაღლოთ, მაგრამ კარგი დასაწყისი ყოველთვის მისასალმებელია.
თქვენ ამბობთ, რომ სისტემას არ ენდობით, თუმცა, ეს ხელისუფლება და თავად არჩევნები დგას ამ სისტემაზე. როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ დათმობაზე წასვლა, ეს იყო საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ზეწოლა თუ სხვა მიზეზიც არსებობდა ამისთვის?
– რეალობამ მოიტანა ეს ვითარება და ყველაფერმა ერთად იქონია ხელისუფლების განწყობაზე გავლენა – ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ღიად დაუჭირა ჩვენს მიერ ინიცირებულ პროცესს მხარი, რა თქმა უნდა, ესეც ფაქტორი იყო. ფაქტორია ისიც, რომ ჩვენი საზოგადოება ითხოვს საარჩევნო უფლების დაცვას და გარანტირებას.
ჩემი აზრით, ჩვენმა კონკრეტულმა წინადადებებმაც ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. ხელისუფლება ყოველთვის საყვედურობდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ოპოზიცია კრიტიკის გარდა არაფერს სთავაზობდა მათ და უცებ, 8 განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგიის და განსხვავებული ელექტორატის პარტია ერთიანდება და დებს კონკრეტულ შეთავაზებას. ეს, რა თქმა უნდა, იყო შედეგი ჩვენი სწორად წარმართული მუშაობისა. დღეს ყველა წინაპირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ხელისუფლება ისეთ პირობებში აღმოჩნდეს და უკვე აღმოჩნდა, რომ მან საზოგადოების შეკვეთას უპასუხოს. ჩვენ დავინახეთ მათი შემხვედრი ნაბიჯი და სწორედ ამან განაპირობა საარჩევნო მოლაპარაკების დაწყება.
დასავლეთში რა მიზნით მიემგზავრებით და ვისთან გაქვთ დაგეგმილი შეხვედრები?
– ეს ვიზიტი დიდი ხანია დაგეგმილია, მე და ჩემი თანაპარტიელები მივემგზავრებით ვაშინგტონში, შეხვედრა გვექნება კონგრესმენებთან, სენატორებთან, თეთრ სახლში ბარაკ ობამას მრჩევლებთან და სახელმწიფო დეპარტამენტში. ასევე გვექნება რამდენიმე ანალიტიკურ კვლევით ცენტრში გამოსვლის შესაძლებლობა; გვექნება შესაძლებლობა მოვახდინოთ ჩვენი პარტიის ხედვების გაცნობა ზოგადად, საქართველოს მომავალზე; გვექნება გამოსვლები კოლუმბიის უნივერსიტეტში და ასევე ორდღიანი ვიზიტი იგეგმება ბრიუსელში ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან.
ეს ვიზიტი მთლიანად ეძღვნება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებს, მოლაპარაკებების დაწყებასაც, მაგრამ ასევე უსაფრთხოების საკითხებს. ჩვენი პოლიტიკური ძალებისთვის შიდა პოლიტიკის გაგრძელებაა გარე პოლიტიკა და პირველ რიგში, ჩვენი ძალისხმევა ემსახურება საქართველოს უსაფრთხოების შენარჩუნებას და უზრუნველყოფას. გვექნება საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ქართულ–რუსულ ურთიერთობებზე და ზოგადად, საქართველოს გეოპოლიტიკურ ადგილზე მსოფლიოსა და კავკასიაში.
თქვენი ინფორმაცით, რა პოზიცია აქვს დღეს დასავლეთს საქართველოს და ირანის დაახლოებასთან დაკავშირებით, ხედავთ თუ არა პირადად თქვენ საფრთხეებს ამ ყველაფერში? გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველომ თავისი ეკონომიკური ვექტორი სინგაპურიკენ მიატრიალა, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ დასავლური ღირებულებები დღეს არც ისე მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებისთვის. ეს ყველაფერი შეასუსტებს თუ არა დასავლეთის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ?
– ჩვენ მხარს ვუჭერთ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, მაგრამ ამ ეტაპზე, როცა მთელი მსოფლიო საუბრობს სანქციების გამკაცრებაზე, რომ ბირთვული ამბიციები შეიზღუდოს, ამ დროს ასეთი ნაბიჯი იდგმება საქართველოს მხრიდან, ჩემი აზრით, ეს არის არასწორად შერჩეული დრო და სააკაშვილის კიდევ ერთი მცდელობა, რომ მიიპყროს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება. ასეთი მცდელობები წარსულში ძვირად დაუჯდა საქართველოს. გავიხსენოთ, როგორ წაიყვანა ვითარება კონფლიქტისკენ და დაპირისპირებისკენ რუსეთთან ისეთი ნაბიჯებით, როგორიც იყო ზედმეტად პიარულად გაფორმებული ჯაშუშების საქმე, მისი სამხედრო რიტორიკა და ა.შ. სააკაშვილი ამჯერადაც ჩვეულ ხერხს მიმართავს და ეს გარკვეულ შეშფოთებას იწვევს.
აქვე მინდა სინგაპურიზაციაზე დასმულ კითხვასაც მივუბრუნდე, არავითარი სინგაპურიზაციაც არ ხდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენთან ხდება მთლიანად ბიზნეს–სამყაროს სრული გაკონტროლება რამდენიმეკაციანი ჯგუფის მიერ. ბიუჯეტის დღევანდელი მდგომარეობითაც აშკარად ჩანს, რომ ხდება 26 მლნ–ით ბიუჯეტის შემოსავლების შემცირება. 2010 წლის ბიუჯეტში უკვე გამოჩნდა, რომ სააკაშვილმა მომავალი წლის ბიუჯეტი დაუბრუნა სეკვესტრების პერიოდს. ჩვენ გავაკეთეთ პროგნოზი, რომ მომავალ წელს გვექნება დასეკვესტრებული ბიუჯეტი, რადგან იგი არა მხოლოდ ზედმეტად ოპტიმისტურად, არარეალისტურად არის გაზრდილი საშემოსავლო ნაწილში. წელს კი, უკვე 26 მლნ–ით შემცირდა შემოსავლები და რა თქმა უნდა, უფრო დიდი და ფართო მასშტაბით იქნება შემცირება და სეკვესტრი მომავალ წელს. ეს იმას ნიშნავს, რომ არ გაიზრდება პენსია, არ გაიზრდება სამედიცინო დაზღვევით დაფარულთა რაოდენობა.
საქართველოში იზრდება სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ჩვენი მოქალაქეების რაოდენობა. თუ აქამდე 1,800,000 ადამიანი იყო დაფიქსირებული, უკვე, დაფიქსირებულია 1,800,900 ადამიანი. პრაქტიკულად, ყველა პარამეტრებით საქართველო მიდის ეკონომიკური და სოციალური კრიზისისკენ, რაც არის პასუხი სააკაშვილის უპასუხისმგებლო და გაუთვლელი ეკონომიკური პოლიტიკის. ეს არის ის პრობლამა, რის გამოც მე განვაცხადე, რომ საქართველო შეიძლება სოციალური აფეთქების წინაშე დადგეს. სრული უპასუხისმგებლობა, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის, სოფლის მეურნეობის კუთხით, ასევე პასუხისმგებლობის მოხსნის მცდელობა სოციალურად დაუცველი თითქმის ჩვენს ყველა თანამოქალაქეზე, იქნება მთავარი პოლიტიკური თემები მომავალ წელსაც. მე მინდა ჩვენი საზოგადოება მომზადებული იყოს, მაგრამ იცოდეს, რომ ამაზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ სააკაშვილს და მის ეკონომიკურ გუნდს.
მოლაპარაკების პროცესი ალბათ, არ შეიძლება უსასრულობამდე გაიწელოს, რა ვადებში ვარაუდობ მოლაპარაკებების დასრულებას?
– არავითარი უსასრულობა არ იქნება. შევთანხმდით, რომ სამუშაო შეხვედრები იქნება მინიმუმ, კვირაში ერთხელ, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს, ჩვენ ყოველდღე ვართ მზად ჩვენი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები დაკავებულნი იყვნენ ამ პროცესში. რაც შეეხება ვადებს, ჩვენ ვთვლით, რომ საგაზაფხულო სესიების დასრულებემდე მზად უნდა იყოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ყველა პრინციპული საკითხი, შემდეგ მათი საკანონმდებლო ცვლილებებით განხორციელება და არჩევნებამდე გვქონდეს მთლიანად შეცვლილი საარჩევნო გარემო. ეს პროცესი რა ინტენსიურობასაც მოითხოვს, იმ ინტენსიურობით იმუშავებს სამუშაო ჯგუფი.
რა დოზით გასაჯაროვდება სამუშაო პროცესი?
– პროცესი საჯარო გახდება იმ საკითხზე, რა საკითხზეც ვერ მოხდება შეთანხმება, ვინ რა პოზიცია დაიჭირა და ა.შ. საზოგადოება კი თავად შეაფასებს, რამდენად არგუმენტირებული იყო ესა თუ ის მხარე.
ლაპარაკია საარჩევნო კოდექსის შესწორებაზე, თუ ჩვენ მივიღებთ მთლიანად ახალ საარჩევნო კოდექსს?
– ყველა მონაწილისგან იგრძნობა სურვილი, რომ მთლიანად შეიცვალოს სარჩევნო კანონმდებლობა. ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ ეს არის მაღალი პასუხისმგებლობა პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის და იმედი მაქვს, რომ ეს მათ გააზრებული აქვთ. ამიტომ, ამას დასჭირდება ინტენსიური შრომა, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ პირველ რიგში, ჩვენ პრინციპული საკითხები ჩამოვთვალოთ, მაგალითისთვის – საარჩევნო სიები – ვთანხმდებით, რომ შესაცვლელია, შემდეგ ვდებთ ჩვენ ჩვენს წარმოდგენას ამ საკითხზე და ყველაზე არგუმენტირებულს და სწორს ვიღებთ საფუძვლად. შემდეგ, საარჩევნო დავების განხილვა და ა.შ. ძირითადი პრინციპული თემები უნდა იქნას შეჯერებული და შემდეგ დაიწყება ეტაპობრივად ყველა საკითხის მუხლობრივი განხილვა.
ეს არის სერიოზული პოლიტიკური პროცესი სერიოზული პოლიტიკური მოთამაშეებისთვის და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მისასალმებელი იქნება თუკი ყველა პოლიტიკური ძალა შემოგვიერთდება.
23 ნოემბერს სერიოზული განაცხადი უნდა გააკეთოს „ქართულმა პარტიამ“, ხოლო 25 ნოემბერს იგეგმება „სახალხო კრების“ გამართვა. უშვებთ, თუ არა, რომ ქვეყანაში რადიკალურად შეიცვალოს პოლიტიკური პროცესები და საერთოდ მოიხსნას დღის წესრიგიდან საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად მოლაპარაკებების გამართვა?
– რაც მეტად აქტიური იქნება საზოგადოება და მათ შორის, პოლიტიკური ძალები იმ საკითხებზე, რაც ხალხს აღელვებს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. თუმცა, ქვეყანაში რაიმე სხვა ფორმით, პოლიტიკური მოვლენების განვითარებას ვერ ვხედავ. ერთადერთი პროცესი არის ბრძოლა საარჩევნო გარემოს შეცვლისთვის, სხვა ბრძოლის მეთოდი არ არსებობს.
ბოლო ათწლეულების მანძილზე, ყველა სხვა გზა გავთელეთ, როგორიც არის ქუჩით, დემონსტრაციების გზით ხელისუფლების ცვლილება. ამან მოგვიტანა ის ნეგატიური პროცესები, რასაც დღეს ვიმკით. ასეთ პროცესს ყოველთვის მოყვება ხელისუფლებაში არაკომპეტენტური, შემთხვევითი ხალხი, რომელიც იწყებს ძალადობით საკუთარი თავის დამკვიდრებას. ასე მოხდა მას მერე, რაც პირველი, დემოკრატიკული გზით არჩეული პრეზდენტი შეიცვალა ძალით. ამიტომ, ამ პრეცენდენტს ჩვენი პოლიტიკური ძალა არ დაუშვებს და ვამბობთ, რომ ხელისუფლების შეცვლის ყველაზე დიდი და სწორი იარაღი არის საარჩევნო ბიულეტენი. მაგრამ ეს რომ იქცეს ძლიერ იარაღად, ჯერ, უნდა შევცვალოთ საარჩევნო გარემო.
თუ ქვეყანაში დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, იქნებით თუ არა ამისთვის მზად?
– ვადამდელი არჩევნები არ უნდა დაინიშნოს, სანამ არ შეიცვლება საარჩევნო გარემო, ეს არის ჩვენი უპირველესი ამოცანა. არჩევნები, რა თქმა უნდა, შედგება, მაგრამ მე მინდა იგი შედგეს ისეთ პირობებში, როცა თითოეულ ჩვენთაგანს ექნება დაცული და გარანტირებული არჩევანი.