ქუთაისში, ეკატერინე ტოგონიძის რომანის - „Aსინქრონის“ - წარდგენა გაიმართება

ქუთაისში, ეკატერინე ტოგონიძის რომანის - „Aსინქრონის“ - წარდგენა გაიმართება

ხუთშაბათს, 5 ივნისს, ქუთაისში, ეკატერინე ტოგონიძის რომანის - „Aსინქრონის“ - წარდგენა გაიმართება.

ლიტერატურულ საღამოს ჩაის სახლი „ფოე-ფოე“ უმასპინძლებს და მწერალი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, თეონა დოლენჯაშვილი გაუძღვება.

„Aსინქრონი“ ეკატერინე ტოგონიძის პირველი რომანია. ავტორმა წიგნი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიუძღვნა. სტუმრები ამ თემაზე ეკატერინე ტოგონიძის ვიდეო ბლოგსაც ნახავენ, რომელიც პროექტ „კვირის აზრების“ ფარგლებში ტელეკომპანია მაესტროს ეთერში გავიდა.

საღამო ინკლუზიური იქნება და არასამთავრობო ორგანიზაციების „ვიმეგობროთ“ და „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ წარმომადგენლები შეზღუდული შესაძლებლობის პრობლემატიკაზეც ისაუბრებენ, რასაც მწვავედ ეხმიანება ეკატერინე ტოგონიძის ლიტერატურა.

რომანი „Aსინქრონი“ განსაკუთრებულ შემთხვევაზე მოგვითხრობს - ეხება თემას, რომელზეც ნაკლებად საუბრობენ. მთავარი გმირების პროტოტიპები ამერიკელი დები არიან, თუმცა მოვლენები წიგნში ქართულ გარემოში ვითარდება, შეუწყნარებელ საზოგადოებაში, სადაც უჭირთ განსხვავებულის მიღება, სადაც პირადი ტრაგედია შესაძლოა საცირკო სანახაობად იქცეს.

„Aსინქრონის“ პრეზენტაცია, რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა, თბილისში 6 თებერვალს შედგა.

ეკატერინე ტოგონიძე პროფესიით ჟურნალისტია. 2000-2010 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამა „მოამბისა“ და დილის გადაცემა „ალიონის“ წამყვანად მუშაობდა.

ლიტერატურულ პერიოდიკაში მისი მოთხრობები 2011 წლიდან იბეჭდება. ავტორს მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის პრემია „საბა“ 2012. ეკატერინე ტოგონიძის თხზულებები მესამე წელია შედის კრებულში „15 საუკეთესო მოთხრობა“. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ და გერმანულ ენებზე და შესულია უცხოურ გამოცემებში.

ქ. ქუთაისი, ჩაის სახლი „ფოე-ფოე“ (რუსთაველის 5 ნომერი), 19:00 საათი