დღეს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში „საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების“ მეოთხე კოჰორტის გამოშვების ცერემონია გაიმართა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორწლიანი სასწავლო პროგრამა ინფექციური დაავადებების კვლევისა და დიაგნოსტიკის სფეროში მსოფლიო მასშტაბის ერთ-ერთ წამყვან კურსს წარმოადგენს.
დღიდან ამ პროგრამის დაწყებისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ამ კურსის მონაწილენი არიან.
როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის დირექტორმა ლალი მაძღარაშვილმა განაცხადა, აღნიშნული სასწავლო კურსი თანამედროვე ეპიდემიოლოგიის უახლეს მიღწევებზე დაყრდნობით შექმნილი პროგრამაა. ეს პროგრამა ითვალისწინებს არა მხოლოდ თეორიულ სწავლებას, არამედ ფართო საველე მეცადინეობებსა და პრაქტიკას, რომლის ფარგლებშიც კურსის მონაწილეები, ლექტორებთან ერთად, მონაწილეობენ ამა თუ იმ ინფექციური დაავადების რეალური შემთხვევების აღმოჩენასა და შემდგომ რეაგირებაში. სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა ვეტერინარიის დეპარატამენტისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტებს საშუალებას აძლევს ინფექციური დაავადებების პრევენციის, აღმოჩენისა და რეაგირების სფეროში თანამედროვე მეთოდები ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენონ.
დღეს მეოთხე კოჰორტის კურსდამთავრებულნი ცირა ნაფეტვარიძე, ზვიად ასანიშვილი და ქეთევან გოგინაშვილი გახდნენ.