საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში ვიზიტისა და კანცლერ ანგელა მერკელის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აცხადებს, რომ მსგავსი მაღალი დონის მოწვევა მერკელის მთავრობის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ აქამდე არ ყოფილა, რაც მეტყველებს გერმანიის მთავრობის მხარდაჭერასა და იმაზე, რომ მოქმედმა მთავრობამ ევროპელი ღირებულებების მიმართ ერთგულება დაამტკიცა.
“ეს არის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში, რაც ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს ევროპეიზაციის, ევროპულ ოჯახში დაბრუნების, საერთო-ევროპული მომავლის, ერთიანი ფასეულობებისა და საერთო პრინციპების დიდი დადასტურებაა. ამ მცირე მონაკვეთში პრემიერი უკვე მეორედ ახორციელებს ვიზიტს გერმანიში, კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრების გამო. მსგავსი მაღალი დონის მოწვევა მერკელის მთავრობის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ აქამდე არ ყოფილა, რაც მეტყველებს გერმანიის მთავრობის მხარდაჭერასა და იმაზე, რომ მოქმედმა მთავრობამ ევროპელი ღირებულებების მიმართ ერთგულება დაამტკიცა. ეს არის მკაფიო ნიშანი, რომ ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკა გერმანელების სრულ მხარდაჭერას და მაღალ შეფასებას იმსახურებს; რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც იზიარებს ევროპულ იდეებს და მისწრაფებებს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. ამ თვალსაზრისით, ეს საქართველოს კიდევ ერთი დიდი აღიარებაა”, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.