პრემიერი დარიალის ხეობაში შექმნილ ვითარებას პირადად გაეცნობა

პრემიერი დარიალის ხეობაში შექმნილ ვითარებას პირადად გაეცნობა

დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, საგანგებო შტაბი შეიქმნა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენელმა ლევან ღირსიაშვილმა გააკეთა.

მისივე განმარტებით, უახლოეს საათებში დარიალის ხეობაში თავად პრემიერ-მინისტრი ჩავა და ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

"როგორც ცნობილია, დარიალის ხეობაში ჩამოწვა მეწყერი, რამაც მდინარე თერგის კალაპოტის გადაკეტვა გამოიწვია. მომხდარ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც კოორდინაციას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უწევს. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურა, სამაშველო და საგანგებო სამსახურები", - განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.

მისივე განმარტებით, პრემიერის დავალებით, დარიალის ხეობაში დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მინისტრები ჩავლენ.

"დარიალის ხეობაში უახლოეს საათებში ჩავა თავად პრემიერ-მინისტრი და ვითარებას ადგილზე გაეცნობა", - განმარტა მან.

სასაზღვრო პუნქტებიდან მოსახლეობის და მიმდებარე ტერიტორიიდან მგზავრების ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

"ამ ეტაპზე ხორციელდება ყველა აუცილებელი და საგანგებო ღონისძიება, რის გამოც, პანიკის საფუძველი არ არსებობს", - აღნიშნა ღირსიაშვილმა. მთავრობის ადმინისტრაციაში გარდაცვლილთა შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.