პირობით მსჯავრდებულ პირთა დასაქმების მიზნით, საუკეთესო ბიზნეს-პროექტი გამოვლინდა

პირობით მსჯავრდებულ პირთა დასაქმების მიზნით, საუკეთესო ბიზნეს-პროექტი გამოვლინდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის სოზარ სუბარის მიერ სპეციალურად შექმნილმა საკონსულტაციო საბჭომ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე მცირე საწარმოების მოსაწყობად გამოცხადებული კონკურსის შედეგები შეაჯამა და საუკეთესო ბიზნეს-პროექტი გამოავლინა.

მინისტრის პირველი მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, გამარჯვებული კომპანია "G.M.M." დაწესებულების ტერიტორიაზე მოაწყობს პურ-პროდუქტების საწარმოს, რომელშიც არანაკლებ 42 თავისუფლებაშეზღუდული პირი და პირობით მსჯავრდებული დასაქმდება და შესაბამის ანაზღაურებას მიიღებს. ამასთან, წარმოდგენილი ბიზნეს–პროექტის მიხედვით, "G.M.M."-ის სპეციალისტები თავისუფლებაშეზღუდულ პირებს პურ-პროდუქტების წარმოების სფეროში გადაამზადებენ, რაც მათთვის, სასჯელის მოხდის შემდეგ, სამუშაოს პოვნის შესაძლებლობას გაზრდის. საერთო ჯამში, გამარჯვებული კომპანია 140 000 დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.


პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, თავისუფლებაშეზღუდული პირების დასაქმების მიზნით, ბიზნეს–პროექტების მიღება 2014 წლის 30 აპრილიდან განაახლა. საკონკურსო პირობების მიხედვით, გამარჯვებული კომპანია სარგებლობაში მიიღებს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში არსებულ კომერციულ ფართს.

საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატისა და ა/ო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლები.