16 მაისს ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის საქალაქო სასამართლოს თანდართული მასალებით გადაეგზავნება. საქმე ეხება ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საარჩევნო კანონმდებლობით აკრძალულ შენობაში ღონისძიების ჩატარებას, რომელიც შეიცავდა საარჩევნო კამპანიის ნიშნებს.
ზემოაღნიშნულის მოკვლევა ბლოკ ”არასაპარლამენტო ოპოზიციის” და პ/გ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” (”ნაციონალური მოძრაობის” განცხადება ცესკოში იუსტიციის სამინისტროსთან არსებულმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ გადმოაგზავნა) განცხადებების საფუძველზე განხორციელდა; დღეს, კომისიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენა გაიმართა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ დაინტერესებული მხარეები.
მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ 22 აპრილს 14:00 სთ-ზე, სახელმწიფო კანცელარიის შენობაში გაიმართა შეხვედრა მთავრობის წევრების მონაწილეობით, სადაც განიხილეს საარჩევნო ბლოკის ,,ქართული ოცნება” მერობისა და მაჟორიტარ კანდიდატთა, ასევე პარტიული სიის ფორმირების საკითხები. აღნიშნულ თემებზე ამავე შენობაში გაკეთდა საჯარო განცხადებები პირდაპირი სატელევიზიო ეთერის მეშვეობით, რაც შესაბამის სანქციას ითვალისწინებს (,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის დარღვევის გამო, რაც გათვალისწინებულია ამავე კოდექისის 81-ე მუხლით).