ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მევენახეობის კადასტრის პროგრამის განხორციელება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის მევენახეობის ზონიდან დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, 14-15 მაისს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ პაატა ჭავჭანიძემ და სააგენტოს თანამშრომლებმა ამბროლაურისა და ცაგერის რაიონებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კერძოდ, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან, რაიონების გამგებლებთან და სოფლების რწმუნებულებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „რუკა მაპპინგ" აზომვით სამუშაოებს ამბროლურის რაიონის სოფელ წესში უკვე დღეიდან შეუდგა.
ვენახების კადასტრის პროგრამა ქვეყანაში მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს მოწესრიგების მიზნით, ვენახების ფართობების აღრიცხვას, რეგისტრაციას, პასპორტიზაციას და სპეციფიკური ზონების საზღვრების დაზუსტების სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებს. ვენახების პასპორტიზაცია და რეესტრისწარმოების სისტემა დღემდე საერთოდ არ არსებობდა. ზოგადად ვენახების კადასტრი მოიცავს - მევენახეთა რეესტრს, ფართობების რეესტრს, ამ ფართობებზე გაშენებული ვაზის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას - ვაზის ასაკს, მეჩხერიანობას, ჯიშს და ყველა იმ ფაქტორს, რაც ვენახთან დაკავშირებით უნდა იყოს აღრიცხული. საქართველოს მევენახეობის კადასტრის მონაცემთა ბაზაში თავს მოიყრის ინფორმაცია ვენახების ადგილმდებარეობის, მევენახეობაში დასაქმებული პირებისა და დარგთან დაკავშირებული საწარმოების შესახებ.
კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ყველა იმ წამყვან ევროპულ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული. საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია მევენახეობა-მეღვინეობის დარგში სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად და რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად, უფროგამარტივდება ყურძნის ჩაბარების პროცესი, გაჩნდება ზუსტი სტატისტიკა, რომლითაც შესაძლებელი გახდება დარგის ეფექტური მართვა.
პროგრამა ეტაპობრივად განხორციელდება რაჭა-ლეჩხუმისა და კახეთის რეგიონებში.