„ეკონომიკური განათლების დონე  უფრო მაღალი რომ იყოს, ხუდონჰესზე  აღარ იკამათებდნენ“

„ეკონომიკური განათლების დონე უფრო მაღალი რომ იყოს, ხუდონჰესზე აღარ იკამათებდნენ“

„საზოგადოებაში ეკონომიკური განათლების დონე უფრო მაღალი რომ  იყოს, ამ თემაზე ამდენი კამათი არ იქნებოდა“, – ასე ეხმაურება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე ხუდონჰესის პროექტის გარშემო არსებულ აზრთა სხვადასხვაობას.

ეკონომისტი აღნიშნავს, რომ დიდი ჰესების მშენებლობა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და განვითარებისისთვის აუცილებელი პირობაა.

„როგორც ეკონომისტი გეტყვით, რომ მსხვილი ჰესების მშენებლობა  ერთ-ერთი პირობაა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და განვითარებისთვის. ჩვენ ვერ დაველოდებით, რომ მსოფლიო ენერგიის რაიმე ახალი წყაროს გამოიგონებს და მერე  მას დავნერგავთ,  არც ნავთობის ის მარაგები გვაქვს, რომელიც ქუვეითივით ცხოვრების შესაძლებლობას მოგვცემს. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ის რესურსები, რითაც მდიდრები ვართ, ეს არის წყალი. პოტენციურად საქართველოს 120 მლრდ კვტ.საათი ელექტროენერგიის წარმოების შესაძლებლობა აქვს, თუმცა ამის მხოლოდ მეთორმეტედს ვაწარმოებთ. ამიტომ უნდა შევძლოთ მსხვილი ჰესების მშენებლობა და რა თქმა უნდა, ხუდონჰესის მშენებლობას მხარს ვუჭერ“, – ამბობს სოსო არჩვაძე და აღნიშნავს, რომ ეკონომიკა, როგორც დარგი, არ შეიძება განხილული იყოს განყენებულად და ის ისევეა სხვა დარგებთან გადაჯაჭვული, როგორც ოლიმპიური რგოლები.

მისი თქმით, საკითხის განხილვა კომპლექსურად უნდა მოხდეს და ყურადღება უნდა მიექცეს ეკოლოგიას, ქვეყნის უსაფრთხოების თემებს და საზოგადოებისთვის მისი სარგებლის უკეთ გაცნობას.

„იქ მაცხოვრებელ ადამიანებთან მეტი მუშაობა და მეტი გახსნილობაა საჭირო, რადგანაც ერთია პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა და მეორეა საზოგადოებისთვის მისი სარგებელის სწორად მიწოდება“, – ამბობს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ ხუდონჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს.  „სხვა გზა არ გვაქვს, თუმცა აუცილებელია პროექტის დაწყებამდე ყველა ფაქტორისა და რისკის დეტალიზაცია და მინიმალიზება“.