ფონდი  „ქართული გალობა“ ხალხური შემოქმედების ღვაწლმოსილ ოსტატებს დააჯილდოვებს

ფონდი „ქართული გალობა“ ხალხური შემოქმედების ღვაწლმოსილ ოსტატებს დააჯილდოვებს

ორშაბათს,  19 მაისს, 19:00  საათზე რუსთაველის აკადემიურ თეატრში ფონდიქართული გალობაგამართავს  საზეიმო კონცერტს  „ქართული ხალხური სიმღერა - კაცობრიობის საგანძური. 

საზეიმო ღონისძიებაში   მონაწილეობას მიიღებენ  გალობისა და სიმღერის ცნობილი გუნდები და შემსრულებლები.

ამ დღეს, ფონდი „ქართული გალობა“  ქართული ტრადიციული  სიმღერისა და შემოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის გამორჩეულ ოსტატებს  საზეიმო ვითარებაში  ჯილდოებს და ფულად პრემიებს გადასცემს ნომინაციებში: ქართული გალობის მოამაგე, თუშური სიმღერის მოამაგე, სვანური სიმღერის მოამაგე, ქართული ხალხური სიმღერის ღვაწლმოსილი მოამაგე , ახალი თაობა და საუკუნის ქორეოგრაფი.

ფონდი გასული წლის ივნისში დაფუძნდა. ივნისიდან დღემდე ფონდის  უშუალო ხელშეწყობით არაერთი სასიკეთო საქმე გაკეთდა: -ჩატარდა ჰამლეტ გონაშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო(2013 წლის სექტემბერი), ანსამბლ „ბასიანის“ კონცერტი(2013 წლის ივნისი), გური და ტრისტან სიხარულიძეების საიუბილეო კონცერტი ოზურგეთში(2013 წლის ნოემბერი), ანსამბლ „ანჩისხატის“ 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი(2013 წლის დეკემბერი), ანსამბლ „მთიების“ კონცერტი(2014 წლის თებერვალი), ანსამბლ „სათანაოს“ კონცერტი(2014 წლის მარტი);

- გამოიცა ჰამლეტ გონაშვილის აუდიო და ვიდეო დისკები(2013 წლის ივლისი), უნიკალური ჩანაწერების დისკი-გური და ტრისტან სიხარულიძეები(2013 წლის ნოემბერი), ანჩისხატის გუნდის საიუბილეო დისკი „ნადი“(2013 წლის დეკემბერი), ანსამბლ „შავნაბადას“ წირვის საგალობლების დისკი(2013 წლის ნოემბერი), ანზორ ერქომაიშვილის წიგნი „გური და ტრისტან სიხარულიძეები“(2013 წლის 15 ნოემბერი), თამარ გელოვანის წიგნი „მეც მივალ გურიაში“ და დისკი „გასაოცარი ხასანბეგურა“(2014 წლის აპრილი),დავით შუღლიაშვილის  წიგნი საეკლესიო გალობა , შემოქმედის სკოლა, სანოტო კრებული არტემ ერქომაიშვილის ჩანაწერების მიხედვით(2014 წლის მაისი).

ფონდი “ქართული გალობა”  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა, რომელიც წლებია ხელს უწყობს ტრადიციული გალობისა და სიმღერის პოპულარიზაციას. ფონდი „ქართული გალობის“ პირველი ღონისძიება - დაფუძნებისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა გასული წლის 11 ივნისს, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული იყვნენ ქართული ტრადიციული შემოქმედების ყველაზე გამორჩეული ოსტატები. ფონდმა მათ საპატიო ჯილდოები და ფულადი პრემიები გადასცა. 

ფონდის მიერ დაწესებული წოდება და ჯილდო გადაეცათ ფრიდონ სულაბერიძეს (საუკუნის მოცეკვავე), გური სიხარულიძეს (გურული სიმღერის მოამაგე), ტრისტან სიხარულიძეს(გურული სიმღერის მოამაგე), ისლამ (ეფთიმე) ფილფანს9სვანური სიმრერის მოამაგე), პოლიკარპე ხუბულავას(მეგრული სიმღერის მოამაგე), ანდრო სიმაშვილს(კახური სიმღერის მოამაგე), როსტომ გოგოლაძეს(რაჭული სიმღერის მოამაგე), მიხეილ კილოსანიძეს(, (ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის  მემატიანე), რობერტ გოგოლაშვილს(ქართული ხალხური სიმღერის ღვაწლმოსილი მოამაგე),  ჯემალ ჭკუასელს (ღვაწლმოსილი ლოტბარი), თემურ ქევხიშვილს (საუკუნის ხმა), ქედას ხალხური  სიმღერის ანსამბლ „ელასას“ (ახალი თაობა), ანზორ ერქომაიშვილს (საუკუნის მოამაგე).

მაყურებელთა შეფასებით, ეს ბოლო წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი საუკეთესო კონცერტი, რაც კი საქართველოში ჩატარებულა.  ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ წლევანდელი საზეიმო კონცერტი და დაჯილდოების ცერემონიალი  არ გააწბილებს ტრადიციული ქართული შემოქმედების თაყვანისმცემლებს.