საქართველოს პარლამენტის აგრარულ კომიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს უფროსმა, გიორგი მიშელაძემ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა გიორგი ჩხეიძემ გაწეული სამუშაოებისა და პროექტების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშები წარადგინეს.
კომიტეტში გამართულ სხდომას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია ესწრებოდა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სამინიტროს აგრარულ კომიტეტთან მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია დარგის განვითრებისთვის შესრულებული სამუშაოების შესახებ საკანონმდებლო ორგანოსთვის სრული ინფორმაციის მიწოდება, მათი მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინება.
გიორგი ჩხეიძემ „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში ჩატარებულ საგაზაფხულო სამუშაოებზე ისაუბრა. სააგენტოს ხელმძღვანელმა დეპუტატების ყურადღება ბენეფიციართა სიების შედგენის მექანიზმებზე გაამახვილა და ხვნის სამუშაოების მიმდინარეობაზე დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს უფროსმა, გიორგი მიშელაძემ დეპუტატებს განუცხადა, რომ 2014 წლის 1 მაისის მდგომარეობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 40 კოოპერატივს მიენიჭა. გიორგი მიშელაძის განცხადებით, სააგენტოს წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებენ საქართველოს რეგიონებში, შეხვედრების დასრულების შემდეგ კი, დაგეგმილია თემატური შეხვედრები ფერმერებთან საქართველოს რეგიონების მიხედვით.
ანგარიშების მოსმენის შემდეგ, სააგენტოების ხელმძღვანელებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს. სხდომაზე იმსჯელეს აგრარულ საკითხთა კომიტეტსა და სააგენტოებს შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.