"ხუდონჰესი 90-ანებში რომ აგვეშენებინა, საქართველო დღეს სულ სხვა სიტუაციაში იქნებოდა"

რამდენად მნიშვნელოვანია ხუდონჰესის პროექტი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის, ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატი, ბიზნესმენი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ "ეკონომიკური კუთხით  ხუდონჰესის  მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან ეს ხელს შეუწყობს საქართველოში ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განვითარებას.  იქნება საექსპორტო პროდუქცია.  ბუნებრივი საექსპორტო პროდუქციის ზრდა ხელს უწყობს ბიუჯეტის შევსებას, ეკონომიკის განვითარებას და აღორძინებას. ის რომ საექსპორტო პროდუქცია გაიზრდება, სავალუტო შემოსავლები იქნება ჩვენს მიერ  ექსპორტირებული პროდუქციით ეს ძალიან კარგია. რა თქმა უნდა  საფრთხეები არსებობს, რაზეც ყურადღება არაერთხელ ყოფილა გამახვილებული, ეს არის ეკონომიური საფრთხე და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები, რაც აუცილებელი გადასაწყვეტია.

რაც შეეხება ეკონომიკურ საფრთხეს ამაზე არსებობს საერთაშორისო ექსპერტების დასკვნები. მაგრამ, კიდევ უნდა გაკეთდეს. თუ ჩვენი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით შექმნილი საბჭოების დასკვნები  დადებითი იქნება, პრობლემა არ იქნება. თუმცა დარწმუნებული ვარ დადებითი დასკვნა იქნება.

რაც შეეხება ადგილობრივი მოსახლეობის   პრობლემას, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მათი პოზიციების მოსმენა და ინტერესების დაკმაყოფილება. სახელმწიფო ვალდებულია ყველა სახის ანაზღაურება, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან გამომდინარეობს ეს იქნება მშენებლობა იქნება თუ სხვა ღონისძიება ამ მიმართულებით ყველაფერი გააკეთოს ისე, რომ იქ მაცხოვრებელი და მესაკუთრე ადამიანის პირობები იყოს დაკმაყოფილებული.

-ბატონო ზურაბ,  რა სოციალური დატვირთვა უნდა ჰქონდეს  ხუდონჰესს ან როგორ უნდა მოხდეს ამის გაკეთება?

- ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ უამრავი ინფორმაცია. უნდა ნახოთ როგორ არის გაკეთებული მთიან რეგიონებში ანალოგიური პროექტები. მე თვითონ ვნახე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და მათ გარშემო  განვითარებული ინფრასტრუქტურა. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ოაზისი.    შეგშურდება და იტყვი, ასეთი პროექტი რატომ არ არის საქართველოში. როგორ კარგად არის გამოყენებული და კეთილმოწყობილი ჰიდროელექტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის, რომელიც კარგი შემოსავალია რეგიონისთვის.

ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ ჰიდროელექტოსადგურის მშენებლობის შესაძლებლობა და მხოლოდ ენერგიის მოპოვებაზე ვზრუნავთ, ასე არ უნდა იყოს. იქ  წალკოტი უნდა გაშენდეს ტურისტული და ინფრასტრუქტურული ობიექტებით. ყველაფერი ეს  პირველ რიგში სვანეთის მოსახლეობისთვის  იქნება მიმზიდველი.

- საუბრობენ იმაზე, რომ ხუდონჰესის პროექტის განხორციელების შემდეგ, შესაძლოა სვანეთი დაიტბოროს.

-  მოდით, ჩვენ ასე მიუდგეთ ამ საკითხს. რა თქმა უნდა იქ იტბორება ერთი სოფელი. მაგრამ, უნდა ვნახოთ არა დღევანდელ დღეზე, არამედ რა უნდა შეიქმნას ხვალ.  მოგვცემს თუ არა ეს რამე ეკოლოგიურ ცვლილებას იმ ზონაში, რომელმაც შეიძლება დააზიანოს გარშემო რაიონი და სოფლები. სწორედ ამიტომ მინდა ნახოს ყველამ ის ოაზისები რაც  განვითარებულია სხვა ქვეყნებში და თუ ასეთი გაკეთდება, ამისთვის კი ვაიძულოთ ინვესტორები, რომლების საქართველოში მსხვილი პროექტის განხორციელებას აპირებს, იმ ანაზღაურების გარდა რითიც მოსახლეობა უნდა დააკმაყოფილოს, ჰიდროელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიასთან ოაზისები გაკეთდეს. თუ ასეთი ოაზისები იქნება, მაშინ რაზეა საუბარი?! უნდა ვიფიქროთ, რა არის დღეს და რა იქნება ხვალ.

- 1990-ან წლებში ხუდონჰესის პროექტი გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს. ახლაც არიან არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების ნაწილი, რომელიც  ხუდონჰესის პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება. თუმცა

- ჩვენ, თავის დროზე,  ხუდონჰესის მშენებლობისთვის 90-ან წლებში ხელი, რომ არ შეგვეშალა საქართველო შესაძლოა, დღეს სულ სხვა სიტუაციაში ყოფილიყო.

დიახ, ასე იყო ეს პროექტი სხვა მიზნებისთვის გამოიყენეს. სწორედ ამიტომ, ვამბობ, ხუდონჰესის მშენებლობა მაშინ, რომ მომხდარიყო, ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა სულ სხვა ყოფილიყო.

ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. როცა სხვა ქვეყანაზე ხარ დამოკიდებული ენერგეტიკულად და ეკონომიკურად,  ეკონომიკა ეს ის "რიჩაგია" რომლითაც შეგიძლია გავლენა მოახდინო იმ ქვეყანაზე რომელიც ენერგეტიკულად და ეკონომიკურად შენზეა დამოკიდებული. ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ქვეყნის დამოუკიდებლობას უწყობს ხელს.