სოფლის მეურნეობის სამინისტროში  სტუდენტებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობა გააცნეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროში სტუდენტებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობა გააცნეს

ევროპული კვირეულის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის  მინისტრმა შალვა ფიფიამ აგრარული და ტექნიკური უნივერსიტეტების სტუდენტებს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ.  შეხვედრის მთავარი თემა  ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობის განხილვა იყო, რადგან სწორედ ის მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს.

,,თქვენ სოფლის მეურნეობის დარგის მომავალი სპეციალისტები ხართ. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა  სოფლის მეურნეობის დარგში დღეს მიმდინარე პროცესებში; ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ მიიღოთ კარგი განათლება, მნიშვნელოვანია, ჩვენ შევძლოთ და მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი გახდეთ პროფესიონალები და თქვენი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება მოგეცეთ. მინდა აღვნიშნო პრემიერის ახალი ინიციატივის შესახებაც, რაც სტუდენტებისთვის განათლების მიღებაში სახელმწიფოს მხიდან ხელშეწყობას გულისხმობს და ერთმნიშვნელოვნად საუკეთესო საშუალებაა ჩამოყალიბდეთ თქვენი საქმის კარგ მცოდნეებად, გახდეთ პროფესიონალები... ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ევროპის კვირეულის ფარგლებში ტარდება. მინდა დღეს თქვენთან ერთად საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ. მოგეხსენებათ, სულ მალე ჩვენი ქვეყანა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას გააფორმებს. ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), რადგან სწორედ ის მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს“, - განაცხადა შეხვედრაზე შალვა ფიფიამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე სტუდენტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თანამშრომლობას, რომელიც არსებობს საქართველოს მთავრობის უწყებებს შორის. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეწოდოს მაქსიმალური ინფორმაცია ევროკავშირთან ასოცირების  შეთანხმების შესახებ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ჩეკურაშვილმა დეტალურად ისაუბრა სურსათის უვნებლობის საკითხებზე. მან აღნიშნა, რომ ქართველ მწარმოებლებს საშუალება მიეცემათ ეტაპობრივად დანერგონ ის სტანდარტები, რასაც ევროკავშირთან  ასოცირების შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს.

DCFTA-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას.  DCFTA-ის ამოქმედება ხელს შეუწყობს ახალი საწარმოებისა და საექსპორტო პროდუქციის გაჩენას, ქართველი მომხმარებლისთვის უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტის მიწოდებას.

შალვა ფიფიას, მიხეილ ჯანელიძისა და ზურაბ ჩეკურაშვილის მოკლე მოხსენებების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მათ, სტუდენტების მიერ სხვადასხვა საკითხზე დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.