საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი მიიღო.
შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობა განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა უილიამ ჰეიგს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ბრიტანეთის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ ეს დიდად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.
თავის მხრივ უილიამ ჰეიგმა მადლიერებით აღნიშნა ის წვლილი რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალებს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით შეაქვთ, მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს იმ გადაწყვეტილებისთვის, რომლის თანახმადაც ქართული სამხედრო შენაერთები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მიიღებენ მონაწილეობას.
საუბარი შეეხო იმ დემოკრატიულ რეფორმებსაც, რომლებსაც ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში ახორციელებს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყანაში მომხდარი დემოკრატიული ცვლილებები დადებითად აისახება ნატო-ს სამიტზე, რომელიც სექტემბერში დიდ ბრიტანეთში გაიმართება.
მხარეებმა რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს და ყურადღება უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე გაამახვილეს. მათ „თბილისი სამიტი 2014“-ს შესახებაც იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.