სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში მენტორინგის ინსტიტუტის დანერგვასთან დაკავშირებით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სასწავლო ცენტრისა და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ_ის) ერთობლივი შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე მენტორინგის სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა, წარმოდგენილი იქნა მენტორინგის სახელმძღვანელო და პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიება საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მიერ დაფინანსებული პროექტის - „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ქმედუნარიანობის განვითარება - მენტორინგის სისტემის შექმნა და განვითარება“ ფარგლებში ჩატარდა.
კონფერენციას ესწრებოდნენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ეკატერინე ქრისტესაშვილი, სამინისტროს და დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) წარმომადგენელი რიტა ბუსა და ექსპერტი იურგენ ჰერცოგი, საქართველოში გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი კატარინა დერკორნი, საელჩოების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მენტორინგის დანერგვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ახალმიღებული თანამშრომლების ადაპტაციასა და მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობის შედეგად სასწავლო ცენტრში სასჯელაღსრულების სისტემის მენტორინგის კონცეფცია შემუშავდა, გადამზადდა 18 მენტორი და 3 სუპერვაიზორი.
„მენტორინგი“ განსაზღვრავს ურთიერთობას ნაკლებად გამოცდილ - “სამეურვეო პირსა” და შედარებით გამოცდილ პირს - მენტორს შორის.
მენტორებად გადამზადებული თანამშრომლები სისტემაში მოსვლის პირველ ეტაპზე დაეხმარებიან ახალმიღებულ თანამშრომლებს (სამეურვეო პირებს) მათ პროფესიულ, აკადემიურ და პიროვნულ განვითარებაში.