სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარმა სპეციალისტებმა კახეთის რეგიონში განსაკუთრებით საშიში მავნებლის - იტალიური კალიის წინააღმდეგ ბრძოლის ქიმიური ღონისძიებები დაიწყეს. ამ ეტაპზე დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში კალიების გავრცელების სუსტი კერები შეინიშნება, თუმცა სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - ალაზნის ველზე გამოვლინდა იტალიური კალიის ძლიერი, 98% სიცოცხლისუნარიანი კვერცხდების კერა. ამ ადგილებში უკვე შეინიშნება ასევე მავნებლის გამოჩეკვის ერთეული შემთხვევა, რაც, სპეციალისტების განმარტებით, მავნებლის მასობრივ გამოჩენას მოასწავებს.
იტალიური კალია გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს სამ რეგიონში. კახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მავნებლის გავრცელების ადგილების ქიმიური დამუშავება 26 000 ჰა ფართობზე. შექმნილია ასევე მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის შტაბი, რომელიც ორგანიზებას გაუწევს დაგეგმილი სამუშაოების შესრულებას.
იტალიური კალია განსაკუთრებით საშიში მავნებელია, რომლიც ანადრგურებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.