მალხაზ დოლიძე: “ ხუდონჰესი დაგვიცავს ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდისგან”

მალხაზ დოლიძე: “ ხუდონჰესი დაგვიცავს ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდისგან”

ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმოუდგენელია ენერგორესურსების ათვისებისა და რაციონალური ხარჯვის გარეშე, – აცხადებს  პურ–პროდუქტების მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე და აღნიშნავს, რომ მეწარმეებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ენეგომატარებლების ფასს.

„მე დადებითად ვუყურებ ჰიდროპოტენციალის ათვისებას და ახალი მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების აშენებას. რა თქმა უნდა ვემხრობი ხუდონჰესის აშენებას. როგორც ამბობენ, თუ  მეწარმეები მომავალში დაცული იქნებიან ელექტრენერგიის ტარიფის გაზრდისგან, რა თქმა უნდა, მე ორივე ხელით მხარს ვუჭერ ამ პროექტს. მე არ ვარ გარკვეული ეკოლოგიურ საკითხებში, ამაზე აზრს თავად ამ საკითხის სპეციალისტები გამოთქვამენ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ „ისე არ წვიმს, როგორც ქუხს“ ხოლმე და ეკოლოგიური მიმართულებითაც არის შესაძლებელი კომპრომისის მოძებნა. ეკოლოგიური ბალანსი დაცული უნდა იყოს, მაგრამ ამავე დროს ენერგეტიკის განვითარების გარეშე, ეს ქვეყანა ვერ განვითარდება“, – ამბობს მალხაზ დოლიძე.

მეწარმე განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ ენერგომატარებლების წილი პროდუქციის თვითღირებულებაში ძალიან მაღალია. პურ–პროდუქტების შემთხვევაში, ელექტროენეგიისა და  ბუნებრივი აირის წილი თვითღირებულების 18–20%-ს შეადგენს, რასაც წყლის დანახარჯიც ემეტება, 1 კუბ.მეტრზე 4,20 თეთრის ოდენობით. ეს კი, მეწარმეობის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორია.

ამ ფონზე, მისი შეფასებით, აუცილებელია ქვეყანამ არსებული ენერგორესურსების, საქართველოს შემთხვევაში წყლის, ასევე ქარისა და მზის ენერგიის ათვისებაზე აქტიურად იმუშაოს.