პრესის თავისუფლების ინდექსით 1999 წლის შემდეგ საქართველოს საუკეთესო შედეგი აქვს

პრესის თავისუფლების ინდექსით 1999 წლის შემდეგ საქართველოს საუკეთესო შედეგი აქვს

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ს მონაცემებით, საქართველოში პრესის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა ორი ქულით გაუმჯობესდა. მან 47 ქულა მიიღო და 197 ქვეყანას შორის 93-ე ადგილი „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებს შორის დაიკავა. კვლევა „პრესის თავისუფლება 2014“ 1 მაისს გამოქვეყნდა.

ასქულიანი შეფასებით, სადაც 1 ქულა საუკეთესო შედეგია, 2013 წელს პრესის თავისუფლება საქართველოში 47 ქულით შეფასდა. აღსანიშნავია, რომ 1999 წლის შემდეგ ეს საუკეთესო მაჩვენებელია. სწორედ ამ წელს მიიღო ქვეყანამ ბოლოს 47 ქულა. მასზე დაბალი ბოლო წლებში არ დაფიქსირებულა. ამ პერიოდიდან დღემდე ყველაზე ცუდი მაჩვენებელი 2007-2008 წლებში იყო, როდესაც საქართველომ 60 ქულა მიიღო. მას შემდეგ Freedom House-ს მონაცემებით, პრესის მდგომარეობა საქართველოში უმჯობესდება.

ქვეყანა ქულას საკანონმდებლო, პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოს შეფასებით იღებს. კვლევიდან ირკვევა, რომ საქართველოს ყველაზე კარგი მდგომარეობა საკანონმდებლო თვალსაზრისით აქვს, რადგან ამ პარამეტრში 12 ქულა აქვს, ყველაზე ცუდი კი პოლიტიკის მიმართულებით, სადაც 19 ქულა აქვს. საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა კი 16 ქულით შეფასდა.

2012 წელს საქართველოს 49 ქულა ჰქონდა. როგორც Freedom House-ი აღნიშნავს, სიტუაციის 2 ქულით გაუმჯობესება კანონმდებლობაში „მასთ ქერის“ ვალდებულების გაჩენამ გამოიწვია. ცვლილება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2012 წელს შევიდა და საკაბელო კომპანიები ვალდებულები გახდნენ საკუთარ პაკეტში საერთო მაუწყებლები ჩაესვათ.

საქართველოს მეზობელი ქვეყნები თურქეთი და სომხეთი 134-ე ადგილს იკავებენ, რუსეთი 176-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი კი რეიტინგში 183-ე პოზიციაზეა.

პრესის თავისუფლების მხრივ ყველაზე ცუდი შედეგის მქონე ქვეყნებად რჩებიან ბელარუსი, კუბა, ეკვატორული გვინეა, ერიტრია, ირანი, სამხრეთ კორეა, თურქმენეთი და უზბეკეთი. მათი ქულები 90-დან 100-მდე მერყეობს.

საუკეთესო შედეგი აქვს ჰოლანდიას, ნორვეგიას და შვედეთს. ისინი პირველ ადგილს იყოფენ.

კვლევაში სულ 197 ქვეყანა მონაწილეობდა. აქედან 63 (32%) პრესის თვალსაზრისით შეფასდა როგორც „თავისუფალი“, 68-მ (35%) მიიღო „ნაწილობრივ თავისუფალის“ შეფასება, 66 მათგანი კი (33%) „არათავისუფალ“ ქვეყნებს შორის მოხვდა.

http://www.freedomhouse.org/report/freedom-press/freedom-press-2014