ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დღეს შესაძლოა, შეცდომის ფარგლებს გაცდეს.
“ბოლო დღეებია ვხედავთ რა ხდება, თითქოს ზვავივით აგორებული ნაკადი მოდის, რომელიც ეკლესიასა და ხელისუფლებას დაპირისპირებით ემუქრება და ასევე ძალიან ბევრი ისეთი თემაა, რომელიც ერთის მხრივ, ხელისუფლების დისკრედიტაციას ემსახურება და მეორეს მხრივ, საზოგადოებაში დაპირისპირების მუხტებს დებს. ამ დროს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ უპირველესი, ვისაც ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს ნებისმიერი ინფორმაციის მიმართ, რომელსაც ის უშვებს, არის სწორედ მედია. ხვალ და ზეგ, ღმერთმა არ ქნას და თუ უმართავი პროცესები აგორდა, ძალიან ძნელი იქნება იმის გარჩევა, ვინ იდგა ამა თუ იმ დეზინფორმაციის უკან, ამიტომ ამას ყურადღება ყველამ დღეს უნდა მიაქციოს”, - განაცხადა ლაგაზიძემ.
მისივე შეფასებით, ერთ-ერთ პირველი, რომელსაც ყველაზე დიდი პასუხიმგებლობა უნდა ჰქონდეს, მედიაა.
“დღევანდელ პირობებში, როდესაც ქვეყანა ჩასაფრებული მტრების პირობებში იმყოფება, მედიისგან გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია ძალიან დიდი საფრთხის წყაროს შემცველია, რადგან არავინ იცის, თუ ვინ როგორ გამოიყენებს ამას, ამიტომ დღეს, როდესაც ხელისუფლების, პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთ პირველი, რომელსაც ყველაზე დიდი პასუხიმგებლობა უნდა ჰქონდეს, ეს მედიაა. რა თემასაც არ უნდა ეხებოდეს ინფორმაცია, დეზინფორმაციის გავრცელებამ შესაძლოა, ძალიან ცუდი დეტონატორის როლი ითამაშოს საზოგადოების აფეთქებაში, რასაც გარედან ძალიან ბევრი ჩასაფრებული ელოდება”, - განაცხადა ლაგაზიძემ.