საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფონდის მიერ შექმნილ აგროცენტრზე, ბათუმში მშენებარე რაგბის სტადიონისა და საჩხერის საავადმყოფოს დაფინანსების შესახებ ისაუბრა.
“ფონდმა “ქართუმ” შეიმუშავა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბისა და აღჭურვილობის აგროსამრეწველო ცენტრი შეიქმნა. ამ მრავალმილიონიანი პროექტის ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ბოსტნეულის, ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობები შეიქმნა, რომლებიც თანამედროვე ლაბორატორიებით აღიჭურვა. ამასთან, საქართველოს ყველა კუთხეში, ასევე, მსოფლიოში არსებული ვაზისა და ხეხილის საკოლექციო ნაკვეთებში ფონდმა “ქართუმ” მოაგროვა და ჩამოიტანა 400-ზე მეტი უძველესი ქართული ვაზის ჯიში, რომლებიც პრაქტიკულად, გადაშენების პირას იყო. “ქართუს” მიერ შექმნილი აგროცენტრი მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით “ქართუმ” სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა კი აგროპროექტი ბიძინა ივანიშვილის პირად ახირებად წარმოაჩინა”, - განაცხადა ჩხეტიანმა.
რაც შეეხება რაგბის სტადიონის მშენებლობის დაფინანსებას, მისი თქმით, ფონდ “ქართუს” არ აქვს და ვერც ექნება ვერანაირი ვალდებულება სახელმწიფოს ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმართ და რაგბის სტადიონების ქსელის მშენებლობა ფონდის კეთილი ნებით ხორციელდება.
“რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ სიუჟეტში საუბარი იყო იმაზე, თითქოს ბათუმის თვითმმართველობამ სტადიონის მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის ძმის ადიკო ივანიშვილის ფორმას ტენდერის გარეშე გადასცა, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრები გამოუყო. სრული სიცრუეა ის, რომ სტადიონის მშენებლობის მწარმოებელი ორგანიზაცია ასოციაცია “ატუ” ადიკო ივანიშვილს ეკუთვნის. იგი არ არის ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი და არ მონაწილეობს მმართველი ორგანოების საქმიანობაში. პასუხისმგებლობის მქონე მედისაშუალებას მარტივად შეუძლია ამის გადამოწმება სამეწარმეო რეესტრის მონაცემთა ბაზაში”, - განაცხადა ჩხეტიანმა.
ამასთან, ფონდის გამგეობის თავმჯდომარის თქმით, წინა ხელისუფლების დროს როდესაც სახელმწიფო ქმედითი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაზე არ ზრუნავდა ფონდი “ქართუ” შეეცადა, რომ ერთ კონკრეტულ რაიონში, კერძოდ საჩხერეში, საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემა ჩამოეყალიბებინა, რა მიზნითაც მართვაში საჩხერის საავადმყოფო იქნა აღებული.
“მას შემდეგ რაც ახალმა ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო დაზღვევის პროგრამა ამოქმედდა, ფონდის შესაბამისი სადაზღვეო პროგრამა ზედმეტი აღმოჩნდა. იმისთვის, რომ არ მოხმდარიყო პროგრამის დუბლირება და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მაცხოვრებლების არათანაბარ პირობებში ჩაყენება, ფონდმა 2014 წლიდან საჩხერის რაიონის ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა შეაჩერა, თუმცა ფონდი საჩხერის საავადმყოფოს დაფინანსებას კვლავაც აგრძელებს. 2014 წელს არსებული გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში ამ მიზნისთვის გამოყოფილია შესაბამისი სახსრები, რომელიც ხმარდება პერსონალის ხელფასებს, მედიკამენტებსა და ახალი აპარატურის შეძენას. ამასთან, ფონდი მიმდინარე წელსაც აფინანსებს ახალი სამედიცინო ბლოკების მშენებლობას. ამ ფონზე “რუსთავი 2”-ის გაუთავებელი ლაპარაკი იმაზე, რომ ფონდმა საჩხერის საავადმყოფოს დაფინანსება შეწყვიტა, მორიგი დეზინფორმაციაა”, - განაცხადა ჩხეტიანმა.