ქართული არმიის დღე

ქართული არმიის დღე

30 აპრილი ქართული არმიის დღეა. საქართველოს გენერალთა კლუბი ულოცავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას, სამხედრო მოსამსახურეებს, ომის და სამხედრო ვეტერანებს. საქართველოს ყველა მოქალაქეს და სრულიად საქართველოს ამ ღირსეულ დღეს. ქართული არმია  23 წლის გახდა. 1991 წლის 30 აპრილიდან იღებს სათავეს და სწორედ 1991 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მიიღო პირველი სამხედრო აღლუმი თბილისში. იმ დღიდან მოყოლებული, ამ ხნის მანძილზე არაერთი ომი გადაიხადა ქართულმა არმიამ. ჰქონდა წარმატებაც და წარუმატებლობაც.  ჰქონდა დიდი სიდუხჭირეც და სულიერი ტკივილიც, მაგრამ ქართველ ჯარისკაცს არასდროს დაუშურებია საკუთარი თავდადება და სიცოცხლე სამშობლოს დასაცავად. ქართული არმიის არსებობის მცირეხნიანი ისტორიის მანძილზე ქართველი ოფიცრები შეიარაღებული ძალების მშენებლობას ცარიელი ხელებით, მაგრამ სამშობლოსთვის ანთებული გულებით იწყებდნენ და დღეს უკვე ქართულ არმიას განაცხადი აქვს, იყოს თანამედროვე ტიპის კარგად განვითარებული შეიარაღებული ძალები. ეს დღე ყველა ჯარისკაცს და ოფიცერს ეკუთვნის, იმათ ვინც არმიის შექმნის სათავეებთან იდგა და იმათაც, ვინც დღეს ასრულებს თავის მოვალეობას სამშობლოს წინაშე.  ყველას, ვისაც კი თავისი წილი აგური გვაქვს დადებული ქართული არმიის მშენებლობის საქმეში. მტკიცედ გვჯერა, რომ ქართული არმია იქნება თავის წინაპართა ღირსეული მემკვიდრე და ისეთივე თავდადებით დაიცავს სამშობლოს, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ.

ჯარისკაცისთვის არმიაში სამსახური უპირველესი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა სამშობლოს, ოჯახის, ერისა და მომავალი თაობების და წინაშე.

ეს დღე უმნიშვნელოვანესია ეროვნული თვითმყოფადობის დამკვიდრების და ქვეყნის გაძლიერებისათვის. იყო ჯარისკაცი, ღირებულებაა, რომელიც ყველამ უნდა გაითავისოს იმ გზის გასასავლელად, რომელსაც სამშობლოს ერთგულება და სიყვარული ჰქვია. ამ  უზენაესი ღირებულების დასაცავად არაერთმა მამულიშვილმა გაიღო საკუთარი სიცოცხლე. უფალმა  სასუფეველში დაუმკვიდროს  სამარადჟამოდ ადგილი სამშობლოსთვის შეწირულ გმირებს. ცოცხლებს კი ვუსურვებთ ღირსეულად და სამაგალითოდ განვლონ თავიანთი მოღავაწეობის პერიოდი და მომავალ თაობებს კვლავ დაუტოვონ მამულისათვის ღირსებით და თავგანწირვით მსახურების ტრადიცია.

უფალმა დალოცოს და მფარველობის კალთა გადააფაროს ქართული არმიას.