2014 წლის 29 აპრილს სასჯელაღსრულების N3 (ბათუმის) დაწესებულება გაიხსნა. დაწესებულება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გახსნეს. განახლებული და რეაბილიტირებული დაწესებულების გახსნას სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და მედია დაესწრო.
დაწესებულების ეზოში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ენახათ ციხის სავალალო მდგომარეობის ამსახველი ფოტოები, რომლებიც სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე იქნა გადაღებული.
ბათუმის N3 დაწესებულება 2013 წლის მარტში დაიხურა, აქ განთავსებული მსჯავრდებულები კი სხვადასხვა დაწესებულებაში გადანაწილდნენ. დაწესებულების მთავარი პრობლემა გადატვირთულობასთან ერთად, გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები, ანტისანიტარია და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა იყო. დაწესებულებაში არ არსებობდა გათბობის სისტემა, მწყობრიდან იყო გამოსული წყალ-კანალიზაციისა და ვენტილაციის ქსელი, კვების ბლოკში დარღვეული იყო ყოველგვარი ჰიგიენური ნორმები, არ არსებობდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა გრძელვადიანი პაემნებისათვის.
დაწესებულებაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები 2013 წლის 10 აპრილს დაიწყო. ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა დაწესებულების სრული რეაბილიტაცია.
გარემონტდა საკნები, სადაც დამონტაჟდა გათბობის სისტემა, რომელიც აღნიშნულ დაწესებულებაში აქამდე არ არსებობდა, მოეწყო პირადი ნივთებისთვის განკუთვნილი კარადები, საკანში სივრცე გამოიყო საპირფარეშოებისთვის, სადაც შესაძლებელია შხაპის მიღებაც, მანამდე საპირფარეშო, ფაქტობრივად არ იყო კედლებით შემოსაზღვრული, რაც არღვევდა პირად სივრცეს. 3 ოთახი დაეთმო სამედიცინო პუნქტს, რომელიც ციხის დახურვამდე ერთ ოთახში იყო განთავსებული. აღნიშნულ ოთახებში მოეწყო პირველადი ჯანდაცვის და სანიტარული განყოფილებები, ასევე სტომატოლოგიური კაბინეტი, რომელიც მანამდე ციხეში არ არსებობდა. გაიმართა სამრეცხაო შესაბამისი ტექნიკითა და საუთოო განყოფილებით. ციხის დახურვამდე მსჯავრდებულებს ჰიგიენური ნორმების დაცვა და სარეცხის გარეცხვა საკნებში უხდებოდათ. გარემონტდა და მოეწყო ამანათების მიმღები, სატელეფონო საუბრების, ხანმოკლე პაემნებისა და ადვოკატთან შეხვედრებისთვის განკუთვნილი ოთახები; გაიმართა და კეთილმოეწყო ინფრასტრუქტურა ხანგრძლივი პაემნისთვის, რომლის განხორციელება აქამდე შეუძლებელი იყო დაწესებულებაში; განახლდა სამლოცველო და ბიბლიოთეკა; კარები აღიჭურვა სპეციალური ორმაგი ელექტრონული საკეტით და ხმოვანი გამოძახების სისტემით, რომელიც დაცვისა და უსაფრთხოების მაღალ დონეს ქმნის.
ახლიდან აიგო შემზღუდავი ღობეები და კოშკურები, განახლდა აკრძალული საკვალე ზოლის შიდა ღობე და გარე კედელი, კედელს კი დაემატა დამცავი ზოლები; ასფალტი დაიგო დაწესებულების ცენტრალურ შესასვლელში, კეთილმოეწყო შიდა ეზო. განახლდა და ნაწილობრივ გადაიხურა სასეირნო ეზო, სადაც დამონტაჟდა სკამი და სავარჯიშო ძელი. გარემონტდა საკონტროლო საგუშაგო. დაწესებულების ეზოში არსებულ შენობაში 8 საკანი გამოიყო სამეურნეო ნაწილში დასაქმებული პატიმრებისთვის; გაიმართა საკანალიზაციო სისტემა.
დაწესებულებაში ამოქმედდა საზოგადოებრივი მისაღებიც, რომელიც მოემსახურება პატიმრების ოჯახის წევრებსა და ინტერესების დამცველებს.
შერეული ტიპის, საპატიმრო და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება გათვლილია 230-მდე პატიმარზე. აქ უკვე ყველა პირობაა შექმნილი სასჯელის ღირსეულად მოხდისა და მსჯავრდებულთა უსაფრთხოების დაცვისათვის.