"ხუდონჰესის პროექტმა მართლაც ვნებათაღელვა გამოიწვია, მაგრამ მე გეთანხმებით, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად და ენერგოუსაფრთხოების კუთხით. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ საჭირო იყო ადგილობრივებთან მეტი კომუნიკაცია. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ჯერ კიდევ გარკვეული განცდა იმისა, რომ იქ რაღაც დაზიანდება, რაღაც მოხდება, თითოეულს უნდა ავუხსნათ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილებისთვის და პირადად მათთვის." - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავით მაღრაძის გადაცემაში "შეხვედრები მწერალთა სახლში".
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზვიად კვაჭანტირაძე მიიჩნევს, რომ თუ ხუდონჰესის პროექტის განხორციელება დროულად არ დაიწყება, საქართველო სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდება.
"მე რომ იმ ადგილის მკვიდრი ვიყო და იქ მაცხოვრებელი, არ ვიცი რა დამოკიდებულება მექნებოდა, გულწრფელად გეუბნებით ამას, მაგრამ ეს საკითხი საკმაოდ კარგად მაქვს შესწავლილი. იმ ანალიზის საფუძველზე, რაც მე გავაკეთე, მივედი დასკვნამდე, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა განვახორციელოთ ეს პროექტი. ხუდონჰესი არის გადამწყვეტი საქართველოსთვის. თუ ეს პროექტი არ განხორციელდა, ჩვენ დავდგებით ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე და მერე უკვე გვიანი იქნება. დრო აუცილებლად მოიტანს ელექტროენერგიის გაზრდილი მოთხოვნილების საჭიროებას. ხუდონჰესის მშენებლობა ერთ წელიწადში ვერ დასრულდება. აქედან გამომდინარე, თუ არ დავიწყეთ მისი განხორციელება გადაუდებლად და სასწრაფოდ, ეკონომიკური განვითარების რიტმს ჩამოვრჩებით. ეკონომიკური აღმავლობა აუცილებლად დაიწყება საქართველოში და ამ პროექტს დროულად თუ არ მივხედეთ, ვერ დავეწევით ენერგეტიკულ განვითარებას, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის." - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრისას.