პრობაციის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, თბილისში, რუსთავსა და დუშეთის რაიონში კიდევ ოთხი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული კ. თ, პირობითი მსჯავრის მოსახდელად თბილისის პრობაციის ბიუროში დადგა აღრიცხვაზე. მასთან ინდივიდუალური მუშაობის პროცესში გაირკვა, რომ პრობაციონერს მშენებლობაზე მუშაობის გამოცდილება ჰქონდა და სამუშაოს ეძებდა. თბილისის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, კ. თ. სამშენებლო კომპანია „ანაგში“ დასაქმდა, სადაც მისი დღიური შემოსავალი 20 ლარით განისაზღვრა.
რისკისა და საჭიროებების შეფასების პროცესში ასევე დასაქმების საჭიროება გამოუვლინდათ პირობით მსჯავრდებულებს - დ. ჯ-ს და ქ. ო-ს. ქვემო ქართლის პრობაციის ბიურომ მათ რეკომენდაცია გაუწია, ემუშავათ რუსთავში არსებულ პურის საცხობში, რომლის მეპატრონე ასევე პირობით მსჯავრდებულია. პრობაციონერები ყოველდღიურად 20 ლარის გამოიმუშავებენ.
მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, დუშეთის რაიონის სოფელ პირმისაანთკარში მიმდინარე წყალმომარაგების შიდა ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოებზე დასაქმდა პირობით მსჯავრდებული ჯ. ს. იგი ყოველდღიურად 10 ლარს გამოიმუშავებს. ამასთან, დასაქმებულის კვებას დამსაქმებელი უზრუნველყოფს.