პრობაციონერების შეხვერა მწერლებთან

პრობაციონერების შეხვერა მწერლებთან

23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღეს, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ქართველი მწერლები პირობით მსჯავრდებულებს შეხვდნენ.

ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გამართულ ლიტერატურულ ღონისძიებაზე მწერლები ბექა ქურხული და გიორგი კეკელიძე პრობაციონერებს „წიგნის საერთაშორისო დღის“ მნიშვნელობაზე, საკუთარ შემოქმედებაზე, წიგნიერებისა და განათლების აუცილებლობაზე, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებზე ესაუბრნენ. მწერალებმა აუდიტორიის შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი. მათ პრობაციონერებს საჩუქრად წიგნები გადასცეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პირობით მსჯავრდებულებმა დაათვალიერეს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი ექსპოზიციები და გაეცნენ იქ დაცულ საარქივო მასალას.

წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები პრობაციონერების მონაწილეობით ასევე ჩატარდა მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთში, ამბროლაურში, ახალციხეში, ბორჯომში, თელავსა და გორში.

პრობაციის ეროვნული სააგენტო ხშირად მართავს ღონისძიებებს, რომელთა მიზანს პრობაციონერებში კულტურული ფასეულობების პატივისცემის, განათლებისა და წიგნის მიმართ ინტერესის გაღვივება წარმოადგენს.