"ცივილიზაციის მტრების გონების განათების ლოდინი ქვეყანას არ წაადგება. “ხუდონჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგები მის საჭიროებას 4 წელში მიხვდებიან, როცა ჩამრთველთან მივლენ და შუქს ვერ აანთებენ“, – აცხადებს ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი, რომელიც თავისი კოლეგების მსგავსად, ხუდონჰესის პროექტში მთავრობის მეტი ჩართულობის საჭიროებაზე საუბრობს.
მისი შეფასებით, საზოგადოებასთან კოორდინაცია, საქმიანი შეხვედრები, სხვა ინფრასტრუქტურული, მათ შორის აზომვითი სამუშაოების ჩატარება, მთავრობის პრეროგატივაა. ინვესტორმა, მაქსიმუმი გააკეთა, დამატებითი ვალდებულებებიც იკისრა, მათ შორის მოსახლეობის სოციალური რეაბილიტაციის, გზების და გვირაბების მშენებლობის, დანარჩენი მთავრობის გასაკეთებელია.
ირაკლი იაშვილმა აღნიშნა, რომ რეალურად მოსახლეობა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგი არ არის. „გარკვეული ინტერეს-ჯგუფები მოქმედებს, მათი მიზანი პროცესის გაჭიანურებაა, რომ გრანტების წყარო არ ჩაეკეტოთ და არის მეორე კატეგორია, რომლისთვისაც, სამწუხაროდ, ახსნასაც კი არ აქვს აზრი. არადა, 4 წლის შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტი გარდაუვალია“.
იაშვილის განცხადებით, არსებული რესურსებით გამომუშავებული ელექტროენერეგია გაზრდილი ეკონომიკისთვის საკმარისი აღარ იქნება. მომავალში შესაძლოა რუსეთიდან იმპორტიც შეიზღუდოს, რაზეც ოლიმპიური ობიექტების მშენებლობაც მიანიშნებს. აზერბაიჯანთანაც ანალოგიურ სიტუაციაში აღმოვჩნდებით.
ირაკლი იაშვილს არაგონივრულად მიაჩნია საკუთარი ეკონომიკისადმი მავნებლური დამოკიდებულება, რადგან შედეგად გამოდის, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი რუსეთის და აზერბაიჯანის ეკონომიკა იქნება. ის ეთანხმება დარგის გამოცდილ სპეციალისტებს, რომლებიც ჰიდრორესურსების გამოუყენებლობას ქვეყნის ინტერესების შელახვად და ღალატადაც კი აფასებენ.
„ხუდონჰესის" მშენებლობა, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, იმის გათვალისწინებით, რომ ენერგომატარებლების 80% იმპორტზე მოდის და ქვეყანას სხვა რესურსები არ გააჩნია - აცხადებს ბიზნესმენი.