სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ქვეყნის მასშტაბით ახლადშექმნილ 25 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საზეიმო ვითარებაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მიანიჭეს. ღონისძიებას ესწრებოდა შიდა ქართლის მხარის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილიც.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო ნიქოზში (ე.წ. ბუფერულ ზონაში), სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ნიქოზის“ სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე გაიმართა. საზეიმო ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის ხელშეწყობა, მათ შორის, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით. „ნიქოზი“ პირველი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია, რომელიც ეგრეთწოდებულ „ბუფერულ ზონაში“ დაფუძნდა, მაქვს პატივი 25 სუბიექტს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი გადავცე. სიმბოლურ დატვირთვას ატარებს ის ფაქტი, რომ საზეიმო ღონისძიება იმართება შიდა ქართლში, ეგრეთ წოდებულ „ბუფერულ ზონაში“, რომელიც ერთ-ერთი მდიდარი მხარეა, თუმცა არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, მხარის აგრარული პოტენციალის ათვისება სრულად ვერ ხდება. რეგიონში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსხვილი ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბება, რასაც აგრარულთან, ერთად სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
„ნიქოზი“ პირველი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია, რომელიც ეგრეთწოდებულ „ბუფერულ ზონაში“ დაფუძნდა, 10 წევრს აერთიანებს და მისი საპაიო ფონდი 60 ათასი დოლარისგან შედგება. აღნიშნული კოოპერატივის ძირითადი საქმიანობა კაკლისა და ნუშის ნერგების გამოყვანაა, თუმცა, კოოპერატივი სამომავლოდ საქმიანობის გაფართოვებას გეგმავს.
უკვე დაფუძნებული 25 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის სფეროებია: მარცვლეული კულტურების წარმოება; მეფუტკრეობა; მებოსტნეობა; მევენახეობა; მეცხოველეობა; რძის გადამუშავება; სოკოს წარმოება; თხილის კულტურის მოშენება; პროდუქციის შესანახი სასაწყობე მეურნეობების მოწყობა; რეალიზაციისთვის საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტების სადისტრიბუციო ქსელის შექმნა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, სტატუსის მინიჭების შემდეგ, ისარგებლებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ კანონით“ განსაზღვრული შეღავათებითა და სახელმწიფო პროგრამებით.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო სააგენტოსთან ერთად, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებითა და ხელის სათესი უზრუნველყოფის პროექტს“ განახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს კოოპერატივებისთვის 1700 ერთეული მოტობლოკისა და 2000 ხელის სათესის შეღავათიანი პირობებით, ან ლიზინგით გადაცემას;
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს “სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტით“, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი, ახალი საწარმოების შექმნას ან უმოქმედო საწარმოს ამუშავებას ითვალისწინებს ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევა განსაზღვრულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვისაც ;
განსაზღვრულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში დასაქმებულების უფასო სწავლება-გადამზადება და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვა პროგრამები;
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი სარგებლობს საგადსახადო შეღავათებით-მოგების, ქონების და საშემოსავლო გადასახადებთან დაკავშირებით.