ბოლო პერიოდში, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ვითარება დაიძაბა. ტვირთების გადაზიდვის შემცირების გამო დოკერებმა დაკარგეს შემოსავალი. როგორც ცნობილი ხდება, შტატების შემცირება იგეგმება ადმინისტრაციაშიც, რის შესახებაც უკვე განუცხადეს თანამშრომლებს. აღნიშნულ ფაქტს პორტის რამდენიმე თანამშრომელი პირად საუბარში ადასტურებს, თუმცა ამ ვითარების ფონზე ისინი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებენ. მათი თქმით, პორტის ხელმძრვანელობა აპირებს თანამშრომლები თვის განმავლობაში სამი დღით უხელფასო შვებულებაში გაუშვან.
როგორც დოკერები ამბობენ, ნავსადგურში პრობლემები 2013 წლიდან ტალგატ ბაიტაზიევის დანიშვნიდან მალევე. მათი თქმით, ისინი გაფიცვას რამდენიმე დღის წინაც აპირებდნენ, თუმცა პორტის ხელმძღვანელობამ თხოვა, რომ მათთვის რამდენიმედღიანი ვადა მიეცათ პრობლემის გადასაჭრელად. მიუხედავად შეპირებისა, არანაირი ქმედითი ღონისძიებები არ განხორციელებულა. დოკერები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ფართომასშტაბიან აქციას მოაწყობენ.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ივნისში, ოთხდღიანი გაფიცვის შემდეგ, ბათუმის პორტის ტერმინალის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. ეს გადაწყვეტილება მათ ნავთობტერმინალის ხელმძღვანელობის თხოვნის შემდეგ მიიღეს. თანამშრომლების თქმით, მათ კომპანიების ფინანსურად დაზარალება არ სურთ, ამიტომ ბრძოლას სხვა მეთოდებით და მოლაპარაკებებით გააგრძელებენ. ტერმინალის თანამშრომლების მოთხოვნები უცვლელი რჩება - ხელფასის გაზრდა და საშტატო განრიგში ჩასმა.
ბათუმის პორტის ხელმძღვანელობა ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.