„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის საქართველო ლიდერობს მედიის თავისუფლების ინდექსით

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის საქართველო ლიდერობს მედიის თავისუფლების ინდექსით

საქართველო მედიის თავისუფლების  ყველაზე მაღალი ინდექსით გამოირჩევა   „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის, 2013 წლის ბოლო კვარტლის მონაცემებით. 

პროექტის «ENP East Media Freedom Watch»  ფარგლებში,  „ინტერნიუს უკრაინის“ მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით,  გასული წლის  ოქტომბერ-დეკემბერში ჩატარებული  კვლევით, საქართველოს 1362 ქულა მიენიჭა, 91 ქულით მეტი, ვიდრე მოლდოვას, რომელიც ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე იმყოფება.

მედიის თავისუფლების ხარისხის დადგენა  2013 წელს სამ ეტაპად მოხდა. პირველი ეტაპზე საქართველო ლიდერობდა, თუმცა, მეორე ეტაპზე მას 6 ქულით მოლდოვამ აჯობა.

უკანასკნელი კვლევებით, მედიის თავისუფლების ინდექსით ბოლო ადგილზეა  ბელორუსი, რომელსაც მკვლევარებმა 461 ქულა მიანიჭეს. 

საქართველოს გარდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის არიან, მოლდოვა, უკრაინა, ბელორუსი, აზერბაიჯანი და სომხეთი.

კვლევის პრეზენტაცია 10 აპრილს თბილისში ფრონტლაინ კლუბში გაიმართა.

პროექტის მონაწილე ექსპერტის, თამარ წილოსანის განცხადებით, ქართული მედიის მდგომარეობა იდეალურისგან შორს არის. მისი თქმით, მთავარ პრობლემად ეკონომიკური მდგომარეობა დაფიქსირდა, რადგან სარეკლამო ბაზარი შემცირებულია.

« ENP East Media Freedom Watch»  ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოში  პროექტის პარტნიორია  ასოციაცია „მწვანე ტალღაა.“

პროექტის მიხედვით, მედიის თავისუფლების ინდექსი სამ თვეში ერთხელ დგინდება.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, კვლევის მეთოდოლოგია ითვალისწინებს  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან  10-10 ექსპერტის ჩართვას. ისინი  საერთო კითხვარს ავსებენ. თავისუფლების ინდექსი  კანონმდებლობის, ბიზნესგარემოს, ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებისა და  სხვა კრიტერიუმების მიხედვით დგინდება.

როტაციის წესით, ექსპერტებად იწვევენ   მედიამენეჯერებს, ჟურნალისტებს, მკვლევრებს, მედიის ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეფასებითი ქულები  არის 0-დან 3-მდე. 

პროექტის ფარგლებში შექმნილია ვებგვერდი - http://mediafreedomwatch.org  სადაც კვლევების გარდა, ქვეყნდება პარტნიორ ქვეყნებში ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტები.