"არაერთი მიმართვის მიუხედავად, მთავრობის პასიური პოლიტიკა მსხვილ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით არ შეცვლილა." _ ასეთი განცხადება გააკეთეს ექსპერტებმა ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძემ, გიორგი აბაშიშვილმა და ირაკლი ლექვინაძემ.
ჟურნალისტებთან შეხვედრისას საუბარი სტრატეგიული საინვესტიციო და ენერგეტიკული პროექტების და მათი განხორციელების შემაფერხებელ გარემოებებსაც შეეხო. მასშტაბურობისა და სპეციფიურობის გათვალისწინებით, ექსპერტებმა ხელისუფლებას ხუდონჰესის პროექტის ორ ფაზად განხორციელება შესთავაზეს.
"საჭიროა ხელისუფლება უფრო აქტიური იყოს თავის გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში. გამოიძებნოს კომპრომისული და რაციონალური გადაწყვეტილება. კერძოდ, ხუდონჰესის მშენებლობა უნდა დაიყოს ორ ფაზად - საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების (მუხლი 53, პუნქტი 5) თანახმად გაიცეს მშენებლობის ნებართვა იმ პირობით, რომ ჰესის ოპერირების დაწყებამდე ხელისუფლება უზრუნველყოფს შესაბამისი ტექნიკური პროცედურების განხორციელებას, ხოლო ინვესტორი გამოისყიდის კერძო საკუთრებაში არსებულ ზემოთ აღნიშნულ 155 ჰექტარ მიწის ნაკვეთს. მიმდინარე ეტაპზე, ეს ნაკვეთები და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები არ ექცევიან მშენებლობის არეალში და მათი განსახლება ჰესის ექსპლუატაციის დაწყებამდე გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს. პირიქით, ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება ჰესის მშენებლობის სამუშაოებზე და 2020 წლამდე მიიღებს სტაბილურ და სოლიდურ ანაზღაურებას" - აღნიშნა შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მხოლოდ იმის გამო, რომ 155 ჰექტარზე აზომვითი სამუშაოების ჩატარება ვერ უზრუნველყო ხელისუფლებამ, სრულიად შესაძლებელია, ქვეყანაში 1 მილიარდ 200 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
ექსპერტების განცხადებით, ენერგორესურსების ათვისება ძალიან ეფექტური ინსტრუმენტია იმისთვის რომ, ერთის მხრივ, ქვეყანაში მოვიზიდოთ დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და ახალი საწარმოო სიმძლავრეები. მეორეს მხრივ, მაქსიმალურად გაიზარდოს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი და გაჩნდეს დამატებითი წყაროები ბიუჯეტის შესავსებად. მესამე და ყველაზე მთავარი არის ის, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება საქართველოს ენერგოდამოკიდებულობის ხარისხი სხვა ქვეყნებზე, განსაკუთრებით რუსეთზე.