საზოგადოება და მათ შორის ექსპერტები, ხუდონჰესის პროექტში მთავრობის მეტი ჩართულობის საჭიროებაზე საუბრობენ.
სანდრო თვალჭრელიძე, რომელიც სამხრეთ კავკასიის ენერგოუსაფრთხოების მათემატიკური ანალიზის ავტორია, აცხადებს, რომ ხუდონჰესის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში, საინჟინრო და ეკოლოგიური მიმართულებით კორექტირებას არ საჭიროებს. შესატანია მხოლოდ მცირედი შესწორებები სოციალური ნიშნით, რაც მოკლე დროში მარტივად არის შესაძლებელი, მითუმეტეს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა.
მთავრობის როლზე და ზოგადად პროექტზე, ექსპერტისგან განსხვავებული შეხედულება აქვს სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს, რომელმაც 2013 წლის ანგარიშში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ჩაწერა, რომ მთავრობა, კერძოდ პრემიერ-მინისტრი და ენერგეტიკის სამინისტრო, ზეწოლას ახდენენ პროექტის განხორციელებაზე და მას ექმნება შთაბეჭდილება, რომ ჰესის მშენებელ ინვესტორს სახელმწიფო საჭირო ლიცენზიებს და ნებართვებს მხოლოდ ფორმალურად სთხოვს. სახალხო დამცველს ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას აძლევს ის, რომ ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული მემორანდუმი არ ითვალისწინებს ინვესტორისთვის ამ ნებართვების გაცემაზე უარის თქმას. უჩა ნანუაშვილის აპარატს მხედველობაში აქვს მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც „ხუდონჰესის“ ინვესტორმა კომპანიამ „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიამ“ უნდა უზრუნველყოს როგორც ჰესის აშენება, ასევე მისი ოპერირება და ფლობა. ანგარიშის მიხედვით, მათ ეს საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე შეისწავლეს.
თვალჭრელიძის აზრით, მთავრობის სათანადო ძალისხმევით, პროექტის პროფესიონალური ექსპერტიზის მიხედვით გზშ–ს მომზადებაში ინვესტორთან თანამშრომლობით, ეს საშვილიშვილო პროექტი მალე დაიძვრება. ამასთან, ის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უმოქმედობაზეც მიანიშნებს, რაც არაადეკვატურად მიაჩნია.
“კარგია, როცა ინვესტორი სოციალურ რეაბილიტაციას ვალდებულების შესახებ აცხადებს და ეს დოკუმენტში უნდა იყოს დეკლარირებული. საჭიროა თითოეულ ოჯახთან მუშაობა ისევე, როგორც მილსადენის პროექტში ხდებოდა. არც ერთი კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი, მითუმეტეს პასუხები და გამოსავალი არსებობს.” თვალჭრელიძე აცხადებს, რომ სოციალური ფაქტორის ილუსტრაციის და მსგავსი მასშტაბის პროექტების ადგილობრივ მოსახლეობაზე გავლენის თვალსაჩინო მაგალითია ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენის პროექტი.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე–პრეზიდენტს სანდრო თვალჭრელიძეს მიაჩნია, რომ ბუნების ე.წ დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა და მათ მხარდამჭერთა შეფასებებს მთავრობამ ნაკლები ყურადღება უნდა დაუთმოს და მათი გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცეს, რადგან ასეთი მიდგომა ჩვენი ქვეყნის მტრების წისქვილზე ასხამს წყალს და გრანტის მოპოვებაზე ორიენტირებული მოქალაქეებიც ქვეყნის მტრების კატეგორიაში მოიაზრება.
„ქვეყანას თუ დამოუკიდებლობა სურს, ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე უნდა იზრუნოს. ჩვენი დადგმული სიმძლავრე 10 წელში არ იქნება საკმარისი და ასეთი უპასუხისმგებლო მიდგომით 30 წელში მსოფლიო რუკაზე საქართველოს ადგილი აღარ იქნება. ხუდონჰესის პროექტი რომ ყველაზე ოპტიმალურია, ეს სადაო არც უნდა იყოს, რადგან მაშინ მხოლოდ ერთადერთი ალტერნატივა - ატომური სადგური რჩება. ასეთი მიდგომით ჩვენ დამოუკიდებლები ვერასდროს გავხდებით, თუ მოსახლეობა ქვეყნის უსაფრთხოებაზე თავის წილ პასუხისმგებლობას არ იღებს“, –განმარტავს სანდრო თვალჭრელიძე.
ყველაფერზე მუდმივი წინააღმეგობა მოსახლეობის ნაწილის მენტალური პრობლემაა. ანალოგიური პროცესებია ყაზბეგში, სადაც მოსახლეობის ნაწილი მცირე უკაშხლო ჰესის მშენებლობას აპროტესტებს და არჩევანს რუსეთიდან მოწოდებულ ელექტროენერგიაზე აკეთებს.
თვალჭრელიძე ჰავაზე რაიმე შესაძლო ზემოქმედებას კატეგორიულად გამორიცხავს და უკვირს რომ წყლის ბალანსზე ყურადღება არ მახვილდება.
„აერაციის დონე არ იცვლება, რადგან დაგროვილი წყლის მოცულობა არ იცვლება. გროვდება და რჩება მუდმივი. ხუდონჰესის კაშხალში წყალი ელექტროენერგიის გამომუშავებას იწყებს და ჩაედინება ენგურჰესის კაშხალში. მოსახდენი უკვე მოხდა, ენგურჰესის დროს. ჰავაზე მეტი ნეგატიური ზეგავლენა გამორიცხულია. საინჟინრო, სეისმური უსაფრთხოების და მდგრადობის თვალსაზრით პრობლემა არ არის“.
თვალჭრელიძე ფიქრობს, რომ ერთხელ და სამუდამოდ, „პოლიტიკური საბავშვო ბაღიდან“ უნდა გამოვიდეთ და „ტექნიკურში“ გადავინაცვლოთ.